დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-639-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1995წ. 25 მაისს მ. ა-მა სარჩელით მიმართა ისნის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის საკვანძო ელექტრომომარაგების დისტანციის და ი. ფ-ის მიმართ და მოითხოვა დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნა, რომ მუშაობდა თბილისის საკვანძო ელექტრომომარაგების დისტანციაში ე-ად. 1993წ. 27 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამორიგეოში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ამავე ორგანიზაციის თანამშრომელმა ი. ფ-ემ, თავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რაც გახდა მიზეზი მისი მე-2 ჯგუფის ინვალიდობისა. მოსარჩელის განმარტებით, მიღებული ტრავმის გამო მან განიცადა მატრიალური ზარალი, რაც გამოიხატა 1993წ. 28 ივლისიდან 1994წ. 21 იანვრამდე რკინიგზის ¹... საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯებში, თანხით 331 ლარი და 70 თეთრი, ასევე პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობში, რომელმაც 1995წ. 1 სექტემბრისათვის შეადგინა 1255 ლარი.
აღნიშნული საფუძვლებით მ. ა-მა მოითხოვა ტრავმის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ფ-ის მიმართ მკურნალობის ხარჯების _ 331 ლარისა და 70 თეთრის დაკისრება, ხოლო, ვინაიდან სარჩელის შეტანის დროისათვის არ ჰქონდა გამოთვლილი პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა, მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში სარჩელის ღიად დატოვება.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
ბოლოს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ სკ-ს 408-ე მუხლის საფუძველზე დაადგინა, რომ მიყენებული ზიანისათვის ი. ფ-ეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ, მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე ფ-ე, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იქნა საქმის განხილვის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა. ხოლო მოპასუხე ქ. თბილისის საკვანძო ელექტრომომარაგების დისტანციის მიმართ, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის გადახდევინების ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე სარჩელი დარჩა ღიად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი. ფ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უხეშად დაარღვია სსკ-ს 394-ე მუხლის “გ” პუნქტი, 235-ე და 237-ე მუხლები. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, საქმის განხილვა მოხდა მისი დასწრების გარეშე და საქმის განხილვის შესახებ არ ყოფილა გაფრთხილებული კანონით დადგენილი წესით, არ ჩაბარებია გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ხელოვნურად გაუშვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა. ამასთანავე ფ-ემ მიუთითა, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმის არსებითი განხილვის გარეშეE დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა.
აღნიშნული გარემოებების მითითებით, ი. ფ-ემ სსკ-ს 385-ე მუხლის თანახმად მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 2 თებერვლის განჩინებით ფ-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი და განსახილველად დაუბრუნდა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და შესაბამისად სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და ვადის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კი საოლქო სასამართლომ საპატიოდ ჩათვალა ფ-ის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადა და წარმოდგენილი საჩივარი განსახილველად დაუბრუნა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
აღნიშნული მოტივაცია სამართლებრივად დაეფუძნა სსკ-ს XXVI თავით დადგენილ ნორმებსა და ამავე კოდექსის 236-ე, 237-ე მუხლებს.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების, საქმეზე არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტიური გარემოებების გაანალიზებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი, მიზეზ-შედეგობრივად არ არის კავშირში მოპასუხე ი. ფ-ის ქმედებასთან. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი პოლიკლინიკის ამონაწერით დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ 1981წ. 10 ივლისიდან მ. ა-ი, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდი, იმყოფებოდა დისპანსერულ აღრიცხვაზე, სისტემატურად უტარდებოდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები და ხშირად საჭიროებდა სერიოზულ უწყვეტ მკურნალობას, რაც არ უარყო თავად მოსარჩელემ. ასევე რაიმე დოკუმენტი 1993წ. 28 ივლისისდან 1994წ. იანვრამდე რკინიგზის ¹... საავადმყოფოში მისი მკურნალობის დამადასტურებლად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ იქნა, ხოლო პოლიკლინიკიდან და აღნიშნული საავადმყოფოდან მკურნალობის დამამტკიცებელი ამონაწერები 1981 წლიდან ა-ის ავადმყოფობის სისტემატური მკურნალობის ჩვეულებრივი გაგრძელების მტკიცებულებაა.
გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სკ-ს 408-ე და 412-ე მუხლები.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ. ა-მა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას გაიზიარა ფ-ის არასწორი განმარტებები, მხედველობაში არ მიიღო მისთვის ზარალის მიყენების უტყუარი მტკიცებულებები და შესაბამისად მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისა საქმეთა პალატის 2002წ. 27 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებული იქნა განუხილველად, ვინაიდან საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მოპასუხე ი. ფ-ის მიმართ და მოითხოვა მასზე მკურნალობის ხარჯების დაკისრება 331 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მოპასუხის _ შპს “.. ..ის” მიმართ, ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობის მოთხოვნის ნაწილში, გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 500 ლარს, სსკ-ს 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ იგი დატოვა განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა პალატის 2002წ. 27 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ საჩივარი განიხილა პროცესუალური ნორმების დარღვევით. კერძოდ, იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არ მონაწილეობდა თარჯიმანი, მან ვერ შეძლო საკუთარი ინტერესების სრულყოფილად დაცვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 აპრილის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იგი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სხდომის თავმჯდომარის მიერ მხარეებს განემარტათ პროცესუალური უფლება-მოვალეობები. ა-ს კი საქმის განხილვაში თარჯიმნის მონაწილეობა არ მოუთხოვია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
დადგენილია, რომ მ. ა-მა სააპელაციო საჩივრის განხილვისას მთავარ სხდომაზე დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მიუთითა, რომ მან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე ი. ფ-ისათვის მკურნალობის ხარჯების 331 ლარის დაკისრების ნაწილში.
სსკ-ს 215-ე მუხლის თანახმად მხარეთა და მათ წარმომადგენელთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენისა თუ გამოთხოვის, აგრეთვე საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, შეიძლება დააკმაყოფილოს სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები საპატიო მიზეზით არ იყო აღძრული სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადების სტადიაზე.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან თარჯიმნის არარსებობის გამო სრულად ვერ დაიცვა თავისი უფლებები და ინტერესები.
როგორც სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა სხდომის თავმჯდომარის მიერ პროცესში მონაწილე მხარეებს განემარტათ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ, ასევე მიეცათ წინადადება გაეკეთებინათ განცხადება და დაეყენებინათ შუამდგომლობა, ა-ს კი პროცესზე თარჯიმნის მონაწილეობა არ მოუთხოვია. ამდენად კერძო საჩივრის ავტორის მითითება მასზედ, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ მონაწილეობდა თარჯიმანი, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიგო მისი მოთხოვნა და მიიღო არასწორი განჩინება, საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვამდე ა-ს ამ საქმის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას თარჯიმნის მონაწილეობა არ მოუთხოვია.
აღნიშნული გარემოებების მითითებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.