გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3კ/806-01 16 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების დაბრუნება.
შეგებებული სარჩელის საგანი: ლიზინგის და ნარდობის ხელშეკრულებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ორივე ხელშეკრულებით შემოტანილი ქონების და ნედლეულის ღირებულების გამოკლებით.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ტ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ა-ის” მიმართ, სადაც მიუთითებდა, რომ 2000 წლის 14 აპრილს მხარეებს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლიზინგის მიმცემმა (მოსარჩელე) აიღო ვალდებულება, ლიზინგის მიმღებისათვის (მოპასუხე) შემდგომი გადაცემის მიზნით შეეძინა ქიმიური პროდუქციის დასამზადებლად გარკვეული სახის ტექნოლოგიური აღჭურვილობა. ლიზინგის მიმღებმა კი აიღო ვალდებულება, გადაეხადა სალიზინგო საზღაური. ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფულადი ფორმით, ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, ქონების ფაქტიური გამოყენებისაგან დამოუკიდებლად. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ლიზინგის ხელშეკრულებით გადაცემული ქონების დაბრუნება და სალიზინგო საზღაურის გადახდა.
სს “ა-მა” მოსამზადებელ სხდომაზე წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც მიუთითებდა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მხარეთა შორის 2000 წლის 21 მარტს დადებული ნარდობის ხელშეკრულებით კაპროლაქტამის წარმოების შესახებ. იმისათვის, რომ კაპროლაქტამი დამზადებულიყო საჭირო იყო ამიაკის წარმოების გაზრდა, რაც მხოლოდ სინთეზის საამქროს ¹2 აგრეგატის კაპიტალური რემონტის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. კაპიტალური რემონტისათვის საჭირო იყო მისი დაკომპლექტება სხვადასხვა მექანიზმით. აღნიშნულის გამო 2000 წლის 14 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “ტ-ს” უნდა შემოეტანა სხვადასხვა მექანიზმები, რომელთაგანაც თუნდაც ერთი რომელიმე მოწყობილობის მიუწოდებლობა ითვლება კომპლექტის შეუვსებლობად და გამორიცხავს დანარჩენის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების შესრულება პირდაპირ დამოკიდებული იყო ლიზინგის ხელშეკრულების შესრულებაზე. შპს “ტ-მა” ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნედლეულისა და ლიზინგის საგნის მიწოდების პირობების დარღვევაში, რის გამოც სს “ა-მა” განიცადა ზიანი. სს “ა-მა” მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, ლიზინგის ხელშეკრულებით შემოტანილი ქონების და ნარდობის ხელშეკრულებით შემოტანილი ნედლეულის ღირებულების გამოკლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სს “ა-მა” მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე შეგებებული სარჩელის მიღება და განხილვა პირვანდელ სარჩელთან ერთად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო კოლეგიის 2001 წლის 19 ივნისის განჩინებით სს “ა-ს” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლით გათვალისწინებულ შეგებებული სარჩელის მიღებისათვის აუცილებელ არცერთ პირობას. კერძოდ, 1) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება არ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; 2) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ არის მიმართული პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; 3) სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის მართალია არის ურთიერთკავშირი, მაგრამ ამ ორი სარჩელის ერთად განხილვა გართულდება და გაჭიანურდება.
სასამართლომ მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესახებ პირდაპირ მითითებას არ შეიცავს.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ა-მა” და მოითხოვა 2001 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის მიღება პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
1) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად. ძირითადი სარჩელის მოთხოვნაა ქონების უკან დაბრუნება, შეგებებული სარჩელისა – მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლის მიხედვით, თუკი ვალდებულების საგანზე შეიძლება გადახდევინების მიქცევა, დასაშვებია მოთხოვნის გაქვითვა. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა კი ლიზინგის ხელშეკრულების საგანზე გადახდევინების მიქცევასაც ითვალისწინებს.
2) პირვანდელ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი. ლიზინგის ხელშეკრულების დარღვევა მოხდა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა კი დაყენებულია იმგვარად, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი მოიცავს ასევე იმ შემოსავალს, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ნარდობის ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში.
3) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 189-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, შეგებებულ სარჩელზე ვრცელდება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესები. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის შემთხვევაში დასაშვებია ამ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 12 ივლისის განჩინებით დაუშვებლობის და დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის მოტივებს და თვლის, რომ სს “ა-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე არ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესახებ პირდაპირ მითითებას არ შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს ასევე მითითებას შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანაზე, რაც არ ნიშნავს, რომ ასეთი განჩინების გამოტანა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელი არის სარჩელი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მასზე ვრცელდება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესები. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ამდენად, შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი დასაშვებია და იგი განხილულ უნდა იქნეს.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი, ვინაიდან შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ თავდაპირველად მოსარჩელის მიერ ლიზინგის ხელშეკრულების დარღვევამ გამოიწვია ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა და შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი ლიზინგის ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი მოიცავს იმ შემოსავალსაც, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ნარდობის ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში. ორივე სარჩელის ურთიერთკავშირის მიუხედავად სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი ერთად განხილვით აღნიშნული დავის განხილვა უფრო გართულდება და გაჭიანურდება.
სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ, რომ ორივე სარჩელის ერთად განხილვით მოცემული დავის განხილვა გართულდება და გაჭიანურდება. ამასთან სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ურთიერთდაკავშირებული სარჩელების ცალ-ცალკე განხილვით რამდენად შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება (სსსკ 189-ე მუხლის II ნაწილის “გ” პუნქტი).
პალატა თვლის, რომ ვინაიდან პირვანდელ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი, მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწორად გადაწყდება. პალატას ასევე მიაჩნია, რომ მათი ცალ-ცალკე განხილვა უფრო მეტ დროსა და სასამართლო ხარჯებს მოითხოვს, რის გამოც სასამართლომ შეგებებული სარჩელი უნდა განიხილოს პირვანდელ სარჩელთან ერთად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განჩინება დაუსაბუთებელია და სსსკ 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე იგი უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ა-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.