გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 11.09.2002
საქმის ნომერი
3კ/839-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-839-02 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 5 ნოემბერს ლ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “ჯ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 აშშ დოლარის დაკისრება.

სარჩელში აღნიშნა, რომ 2001წ. 26 მაისს მოპასუხე ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “ჯ-ი” ვალდებული იყო, 2001წ. 15 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე ფოთის სამხედრო პორტში შემოეყვანა გემი 1310 ტ. შავი ლითონის დასატვირთად.

ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, თუ დამკვეთის ბრალით გემი პორტში შევიდოდა 2001წ. 27 ოქტომბრის შემდეგ, იგი ვალდებული იყო, გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხარემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, სკ-ს 403-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მისთვის პირგასამტეხლოს _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2000 აშშ დოლარის დაკისრება.

2002წ. 18 იანვარს ლ. ჯ-ამ მიმართა სასამართლოს და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოითხოვა 166000 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხისათვის.

საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე შპს “ჯ-მა” სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი, სადაც აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ლ. ჯ-ას მისთვის უნდა შეეძინა და ფოთის სამხედრო პორტში დაესაწყობებინა 1310ტ. შავი ლითონის ჯართი. ლ. ჯ-ა ასევე ვალდებული იყო, შპს “ჯ-ის” მოთხოვნისთანავე მისთვის ეჩვენებინა აღნიშნული ჯართი, რომლის სტანდარტებიც, ასევე, ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

აღნიშნული პირობების შესრულების შემდგომ შპს “ჯ-ი” ვალდებული იყო, 2001წ. 15 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე ფოთის სამხედრო პორტში შეეყვანა გემი ჯართის დასატვირთად.

მოპასუხემ შეგებებულ სარჩელში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოითხოვა სკ-ს 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე მისთვის 503270 აშშ დოლარის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე, სსკ-ს 21-ე მუხლის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს “ჯ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 166000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესის თანახმად გაეგზავნა შეტყობინება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული გარემოებები და ისინი დამტკიცებულად ჩათვალა.

2002წ. 16 მაისს მოსარჩელე ლ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 2002წ. 12 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის კუთვნილ ლითონის ჯართზე, რომელიც მდებარეობდა ფოთის სამხედრო პორტის ტერიტორიაზე, ყადაღის დადება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 მაისის განჩინებით ლ. ჯ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 800 ტ. შავი ლითონის ჯართს, რომელიც განთავსებული იყო ფოთის სამხედრო პორტში. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსალოდნელი იყო ლითონის ჯართის გასხვისება, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ მიზნით საჭირო იყო მასზე ყადაღის დადება.

საოლქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე, შპს “ჯ-ის” წარმომადგენელმა ნ. ფ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივარში მიუთითა, რომ მოცემულ სადავო ურთიერთობაში მოპასუხედ მითითებული იყო შპს “ჯ-ი” და არა კონკრეტული ფიზიკური პირი _ ფ. ო-ო. სასამართლო გადაწყვეტილებით კი, თანხის გადახდა დაეკისრა ფ. ო-ს და არა შპს “ჯ-ს”.

სასამართლომ ქონებაზე ყადაღა დაადო ისე, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიები, რითაც დაარღვია სსკ-ს 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. სასამართლომ ასევე არ დააზუსტა, თუ რა კაპიტალს ფლობდა ფიზიკური პირი ფ. ო-ო და კეთილსინდისიერად გადაიხდიდა თუ არა იგი გადაწყვეტილებით დაკისრებულ თანხას.

აღნიშნული გარემოებების მითითებით ნ. ფ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ასევე შპს “ჯ-ის” ადვოკატმა ი. ბ-მა, რომელშიც მიუთითა ანალოგიურ საფუძვლებზე, რაც ნ. ფ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 10 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა, რომ ფ. ო-ო წარმოადგენდა შპს “ჯ-ის” ორი პარტნიორიდან ერთ-ერთს და მოქმედებდა მეორე პარტნიორის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის თანახმად მისი საქმიანობა წარმოადგენდა ხელმძღვანელობით საქმიანობას. კერძოდ, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორისაგან მას მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, ლ. ჯ-ასთან დაედო ხელშეკრულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს “ჯ-ის” ქონებაზე ყადაღის დადება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო უკანონო, თუ ფ. ო-სა და მისი წარმომადგენლის, ნ. ფ-ის, მიერ მოსარჩელესთან დადებული იქნებოდა ისეთი ხელშეკრულება, რომლის მიზანიც არ იქნებოდა შპს “ჯ-ის” მომსახურება.

სასამართლომ, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია კერძო საჩივრების მოთხოვნა, რომ თითქოს ქონებაზე ყადაღის დასადებად მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიები, ვინაიდან სსკ-ს 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო არ იყო ვალდებული, მოსარჩელისაგან მოეთხოვა უზრუნველყოფის გარანტიები. აღნიშნულის გამო, ვინიდან არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ, განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ს 57-ე მუხლით, იყო უსაფუძვლო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივრებს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 271-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

სსკ-ს ზემოთ მითითებული თავის 191-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

მოცემულ შემთხვევაში შპს “ჯ-ის” ქონებას ყადაღა დაედო ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით (განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადების შესახებ არ შეტანილა და არ განხილულა). ვინაიდან მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების უზრუნველ-საყოფადაც დაედო ყადაღა “ჯ-ის” ქონებას, გაუქმდა და აღარ არსებობს, თავისთავად მოისპო იმის საფუძველი, რის გამოც ყადაღა ედო ქონებას. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადადებული ქონება უნდა განთავისუფლდეს ყადაღისაგან და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საქმის განხილვის ამ სტადიაზე არ არსებობს ყადაღის დადების საფუძველი _ გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 197-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 17 მაისის განჩინება შპს “ჯ-ის” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გაუქმდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.