დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1058-1302-05 ას-1058-1302-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,რ. ნადირიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 ოქტომბერს შპს „თ. მ.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ფ. დ-ის, გ. ჭ-ას, მ. ყ-ას, ი. ჯ-ასა და სხვების მიმართ, მათი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც შპს „თ. მ.“ საკუთრებას წარმოადგენს, დაიწყო 1991 წელს. მოხერხდა 7,5 სართულის კარკასის აშენება, რის შემდეგაც, უსახსრობის გამო, მშენებლობა შეჩერდა. 2001წ. 4 სექტემბერს მშენებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახებით თვითნებურად შეიჭრნენ ლტოლვილები, რაც შპს „თ.“ საშუალებას არ აძლევს, დაამთავროს სახლის მშენებლობა. ამის გამო ზიანი ადგებათ ამ ბინის მიღების რიგში მყოფ თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ სასამართლო პროცესზე სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ისინი არიან დევნილები, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი ადგილი, საცხოვრებელი სახლი დაიკავეს საქართველოს პრეზიდენტის 1991წ. ¹2643 ბრძანების საფუძველზე და საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ უნებართვოდ დაკავებული ფართიდან. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 14 სექტემბრის განჩინებით ფ.დ-ის, გ.ჭ-ას, მ.ყ-ას, ი.ჯ-ასა და ა.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილება.მ. შ-ის, გ. დ-ას, გ. ყ-ას, მ. გ-ას, შ. ჩ-ის, ა. ყ-ას, მ. გ-ას, გ. მ-ის, ი. ჯ-ას, ს. ღ-ას, ნ. კ-ის, გ. ნ-ის და ე. ყ-ას მიერ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივრის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მიღებული 2005წ. 13 აპრილის განჩინებით ფ. დ-ის, გ. ჭ-ას, მ. ყ-ას, ი. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მ. შ-ის, გ. დ-ას, გ. ყ-ას, მ. გ-ას, შ. ჩ-ის, ა. ყ-ას, მ. გ-ას, გ. მ-ის, ი. ჯ-ას, ს. ღ-ას, ნ. კ-ძის, გ. ნ-ის და ე. ყ-ას საკასაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მათი გამოსახლების ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ამ ნაწილში დაბრუნდა ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მ. შ-ის, გ. დ-ას, გ. ყ-ას, მ. გ-ას, შ. ჩ-ის, ა. ყ-ას, მ. გ-ას, გ. მ-ის, ი. ჯ-ას, ს. ღ-ას, ნ. კ-ის, გ. ნ-ისა და ე. ყ-ას მიმართ მათი გამოსახლების შესახებ საქმის ხელახალი განხილვის ნაწილში, ამ უკანასკნელთა სააპელაციო საჩივრების არარსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე მ. შ-ემ, გ. დ-ამ, გ. ყ-ამ, მ. გ-ამ, შ. ჩ-ემ, ა. ყ-ამ, მ. გ-ამ, გ. მ-ემ, ი. ჯ-ამ, ს. ღ-ამ, ნ. კ-ემ, გ. ნ-ემ და ე. ყ-ამ შეიტანეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორთა აზრით, ვინაიდან პროცესს არ ესწრებოდა არც მოპასუხე მხარე, საქმე განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული. მათი განმარტებით, ისინი არ ყოფილან მოწვეული 2005წ. 10 ივნისის სხდომაზე სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში _ მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. უფლების დასაცავად სასამართლოში მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის არ აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. წარმომადგენელს მხარის სახელით სასამარლოში მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე. იგივე წესი ვრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებაზეც, კერძოდ, სააპელაციო ან საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილია მხოლოდ მხარე, ან მისი წარმომადგენელი სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც გავრცელდა სადავო შენობაში მცხოვრებ ორმოც პირსა და მათი ოჯახის წევრებზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ხუთმა მათგანმა _ ფ.დ-მა, გ.ჭ-ამ, მ.ყ-ამ, ი.ჯ-ამ და ა.კ-ამ. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული ხუთი პირისთვის დანარჩენი თანამოპასუხის მიერ ამა თუ იმ საპროცესო უფლებების განსახორციელებლად უფლებამოსილების მინიჭებას. ასეთი უფლებამოსილების გარეშე კი სხვა პირთა სახელით სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებით ირღვევა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზემოხსენებული ფუნდამენტური პრინციპი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას იმაში, რომ კ. შემთხვევაში მ. შ-ის, გ. დ-ას, გ. ყ-ას, მ. გ-ს, შ. ჩ-ის, ა. ყ-ას, მ. გ-ას, გ. მ-ის, ი. ჯ-ას, ს. ღ-ას, ნ. კ-ის, გ. ნ-ის და ე. ყ-ას სააპელაციო საჩივარი არ არსებობდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება.
სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. სააპელაციო სასამართლოში აღნიშნულ საკითხს არეგულირებს ასევე 378-ე მუხლი. თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის ანალოგიის წესით სააპელაციო საჩივრის არარსებობის შემთხვევაზეც შესაძლებელია გავრცელდეს აღნიშნული მუხლი, ვინაიდან სააპელაციო წარმოება არ შეიძლება არსებობდეს სააპელაციო საჩივრის გარეშე.
ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მათ არ ჩაბარებიათ 2005წ. 10 ივნისის სხდომაზე დასაბარებელი სასამართლო უწყებები სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალების მიხედვით, მოპასუხე მხარის მისამართია: “ქ.თბილისი, მე-3 მასივი, მე-4 კვარტალი, კორპუსი 8”, სააპელაციო სასამართლოს უწყებები კი გაგზავნილია მისამართზე: “ქ.თბილისი, ..... კვარტალი, კორპუსი 8”, რის გამოც აპელანტ მხარეს უწყებები არ ჩაბარებია. აღნიშნული გარემოება, სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტურ საფუძველს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ვერ გამოიწვევს შესაბამის შედეგს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. შ-ის, გ. დ-ას, გ. ყ-ას, მ. გ-ას, შ. ჩ-ის, ა. ყ-ას, მ. გ-ას, გ. მ-ის, ი. ჯ-ას, ს. ღ-ას, ნ. კ-ის, გ. ნ-ის და ე. ყ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.