დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 15.11.2004
საქმის ნომერი
ას-1261-1406-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1261-1406-04 15 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,თ. კობახიძე

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა ჰ. ა.-ის წარმომადგენელმა ა. ქ.-მ. განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 სექტემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მორიგების დამტკიცების გამო. მორიგების თანახმად, ჰ. ა.-ი ვალდებული გახდა, შპს “ს.-ის” საწესდებო კაპიტალის კუთვნილი 90%-იანი წილი გადაეცა ა. ი.-ისათვის.

აღნიშნული მორიგების აქტის გაფორმება მოხდა ჰ. ა.-ის, როგორც წილის მესაკუთრის, ნების საწინააღმდეგოდ, მისი ინტერესების საზიანოდ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. სექტემბრის განჩინებაზე ამავე სასამართლოში შეტანილია კერძო საჩივარი.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინება შპს “ს.-ის” საწესდებო კაპიტალის 90%-იანი წილის ა. ი.-ისათვის გადაცემის თაობაზე კანონიერ ძალაში არ იყო შესული და არ მომხდარა განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის დადგენილებით განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია შპს “ს.-ის” სამეწარმეო რეესტრში და საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 90-%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა ა. ი.-ი. 2004წ. 18 სექტემბერს ისარგებლა რა საზოგადოების სამეწარმეო რეესტრის უკანონო ჩანაწერით, ა. ი.-მა შპს “ს.-ის” საწესდებო კაპიტალის 90-%-იანი წილი გაასხვისა ამავე საზოგადოების გენერალურ დირექტორ ა. წ.-ზე.

განცხადების ავტორი მიუთითებდა, რომ, მისი აზრით, 2004წ. 18 სექტემბრის ხელშეკრულებით წილის მყიდველის კეთილსინდისიერება უდავოდ გამორიცხულია და აღნიშნულთან დაკავშირებით გარკვეული მასალების მოპოვებისთანავე აპირებს სარჩელის აღძვრას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში სსკ-ის მე-14 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად. განცხადების ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრისა და 20 სექტემბრის დადგენილებები შპს “ს.-ის” სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების განხორციელების თაობაზე უკანონოა და უნდა გაუქმდეს როგორც ცვლილება, რომელიც არ უნდა განხორციელებულიყო.

განცხადების ავტორი მოითხოვდა გამოყენებულ ყოფილიყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სარჩელის აღძვრამდე სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. ყადაღა დადებულიყო ა. წ.-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ შპს “ს.-ის” საწესდებო კაპიტალის 90%-იან წილს. მოპასუხე ა. წ.-ს აეკრძალოს მის საკუთრებაში რეგისტრირებული შპს “ს.-ის” საწესდებო კაპიტალის 90%-იანი წილიდან წარმოშობილი პარტნიორის უფლებების განხორციელება, პარტნიორთა კრებაზე სადავო წილის პროპორციული ხმის უფლების გამოყენება და სადავო წილის პროპორციული დივიდენდების მიღების უფლების გამოყენება. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდეს ყველა სახის ცვლილებების შეტანა შპს “ს.-ის” სამეწარმეო რეესტრში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინებით ჰ. ა.-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ ჩათვალა, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ წილზე ყადაღის დადება და პარტნიორისათვის მისგან გამომდინარე უფლებების განხორციელების აკრძალვა გამართლებული იქნება გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულებისათვის დაბრკოლებების თავიდან აცილების თვალსაზრისით.

2004წ. 11 ოქტომბერს მოპასუხე ა. წ.-ის წარმომადგენელმა დ. ლ.-მ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება, განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმების შესახებ განჩინების ძალაში შესვლამდე 8 ოქტომბრის განჩინების, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება და განმარტა, რომ გაუგებარია სასარჩელო მოთხოვნა ვის წინააღმდეგ უნდა იქნეს აღძრული მომავალში და კონკრეტულად რაში მდგომარეობს იგი. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რომელ მოპასუხეებს გულისხმობს მოსარჩელე, როცა აცხადებს: “მოპასუხეთა მხრიდან მოსალოდნელია რაღაც ქმედებები”. თუ სარჩელი სავარაუდოდ მიმართული იქნება სამი მოპასუხის მიმართ, მაშინ რა შუაშია მხოლოდ ა. წ.-ი.

განცხადებაში არ არის მითითებული ის გარემოებანი, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (სსკ-ის 191-ე მუხლი).

განცხადებაში არ არის მითითებული, რა სახის სასარჩელო მოთხოვნა იარსებებს, რის გამოც გაურკვეველია რისი უზრუნველყოფა მოახდინა სასამართლომ.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ა. წ.-ი სამეწარმეო რეესტრში უკვე მითითებულია როგორც კეთილსინდისიერი შემძენი, ხოლო გარიგება მორიგებაზე მიღწეული იყო მანამდე და ისიც რეგისტრირებული იყო რეესტრში 17.09.04 და 20.09.04წ. თარიღებით, ანუ, თუ არსებობს წილის გასხვისების ან რაიმე სხვა სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების საშიშროება, ის დღემდე თავისუფლად შეიძლებოდა განხორციელებულიყო, რამეთუ განცხადება სასამართლოში წარდგენილ იქნა, ხოლო ცვლილებებს კი დასჭირდა 3 დღე.

საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას იგი ვერ შეძლებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ა. წ.-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 8 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და შეჩერდა მისი აღსრულება.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჰ. ა.-ის წარმომადგენელმა ა. ქ.-მ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ ამჟამად მათ მიერ უკვე შეტანილია სარჩელი კონკრეტული მოპასუხისა და კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნით, კერძოდ, მოპასუხეს წარმოადგენს ა. წ.-ი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას პარტნიორთა კრების ყველა იმ ოქმისა და სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული ცვლილებების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა 90-%-იანი წილის მოპასუხეზე გადაფორმება.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ განმცხადებლის მიერ არ იყო დაცული საქართველოს სსკ-ის 191-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი წილის გასხვისების შემთხვევაში, რაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სავსებით რეალურია, არათუ გაძნელდება, არამედ შეუძლებელი აღმოჩნდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, გაურკვეველია სასამართლოს მითითება მოპასუხისათვის სავარაუდო-შესაძლო ზიანის ანაზღაურების შეუძლებლობის თაობაზე, რადგან სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მართალია, შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, მაგრამ მითითებული ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და სასამართლოს აქვს მხოლოდ უფლება, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ზარალი მოსალოდნელია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე არ უმსჯელია და არც ის დაუდგენია, რომ მოპასუხისათვის, სავარაუდოდ მაინც, მოსალოდნელია ზარალი. შესაბამისად, გაუგებარია, სასამართლომ რატომ მიიჩნია აღნიშნული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად.

მოსარჩელის აზრით, გაკვირვებას იწვევს, სასამართლოს მიერ გაუქმებული უზრუნველყოფის ღონისძიებების მოქმედებების შეჩერება, რადგან აღნიშნული განხორციელდა ყოველგვარი სამართლებრივი მოტივაციის გარეშე, მით უმეტეს, რომ სსკ-ის 197-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი აჩერებს ამ განჩინების აღსრულებას. მითითებული ნორმა იცავს მოსარჩელის ინტერესს იმ კონკრეტულ მომენტამდე, სანამ, გასაჩივრებული განჩინების გამო, არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ თავისი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით აშკარად და არსებითად შეილახა მოსარჩელის საპროცესო უფლებები.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 21 ოქტომბრის განჩინებით ჰ. ა.-ის კერძო საჩივარი ჩაითვალა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს. კოლეგია მიუთითებს, რომ სასამართლომ მიღებული განჩინების გაუქმების მოთხოვნის შეფასებისას გამოიკვლია, რამდენად ამტკიცებდა განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გადაუდებელი განხორციელების აუცილებლობას და ჩათვალა, რომ მან მისი მტკიცების ტვირთი ვერ გაამართლა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 192-ე მუხლის თანახმად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს სარჩელის აღძვრამდე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში. გადაუდებელი შემთხვევა შეიძლება სხვადასხვა გარემოებით იყოს გამოწვეული, მაგრამ რა გარემოებითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის გადაუდებლობა. ამასთან, განცხადების ავტორის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს იმ გარემოებების არსებობა, რომელიც ხელს უშლის სარჩელის შეტანას.

მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი აწევს განცხადების ავტორს. მას არ ეკისრება, დაამტკიცოს მის მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების არსებობა და მოთხოვნის საფუძვლიანობა, მაგრამ განცხადების ავტორმა უნდა მიუთითოს პოტენციურ მოპასუხეზე, მისი მოთხოვნის საფუძვლებსა და მტკიცებულებებზე ზოგადად, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, რომ შესაძლოა მომავალში წარსადგენი სარჩელი საფუძვლიანი იყოს და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე დაემუქროს.

პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საფუძვლიანად აღნიშნა, რომ სამომავლო სარჩელის მოთხოვნის მიუთითებლობა საკმარისი საფუძველია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობისა.

ვინაიდან მოცემულ საქმეზე განცხადების ავტორი არ მიუთითებს, თუ რა შეიძლება იყოს მისი მოთხოვნა, ვის მიმართ შეიძლება იყოს მიმართული, არ აქვს წარმოდგენილი მისი უფლების დარღვევის მიმანიშნებელი რაიმე მტკიცებულება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინება კანონის დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

განცხადების ავტორი მიუთითებს, რომ ის გარკვეული მასალების მოპოვებისთანავე შეიტანს სარჩელს, თუმცა რა მასალებზე იქნება საუბარი, განცხადებიდან გაუგებარია.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მის მიერ უკვე შეტანილია სარჩელი კონკრეტული მოპასუხისა და კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნით. მას უკვე, როგორც სარჩელის ავტორს, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ასეთი განცხადება, სსკ-ის 193-ე მუხლის თანახმად, უნდა განხილულ იქნეს განცხადების შეტანის დღესვე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჰ. ა.-ის წარმომადგენლის _ ა. ქ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.