დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.05.2006
საქმის ნომერი
ას-148-573-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-148-573-06 25 მაისი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 29 ოქტომბერს ა. ს-შვილმა და მ. წ-იამ სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს «...» მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ იმ მოტივით, რომ შპს «...» გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებებით, იდენტური საფუძვლითა და მოტივაციით, კერძოდ, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის დარღვევის გამო განთავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან; ა. ს-შვილი _ სადგურ ლილოს სატვირთო რაიონის უფროსის, ხოლო მ. წ-ია _ სადგურ ლილოს უფროსის მოადგილის თანამდებობიდან. მოსარჩელეებმა მიიჩნიეს, რომ აღნიშნულ ბრძანებებში არასწორად და არასრულყოფილად არის მითითებული სამუშაოდან მათი გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ფაქტობრივად თუ რა საფუძვლით მოხდა სამუშაოდან დათხოვნა, რის გამოც გასაჩივრებული ბრძანებები ჩათვალეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად და მოითხოვეს მათი გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ს-შვილისა და მ. წ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 16 ნოემბერს, მოპასუხე შპს «...» გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ს-შვილისა და მ. წ-იას სააპელაციო საჩივარი; ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა შპს «...» 2001წ. ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებები, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე და აუნაზღაურდათ განაცდური ხელფასი 2004წ. 1 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 27 დეკემბრის განჩინებით შესწორდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, «2001წ. 1 ოქტომბრის ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებების» ნაცვლად მიეთითა «2004წ. ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებები».

2006წ. 16 იანვარს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს «საქართველოს რკინიგზამ» და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 83-ე, 230-ე, 387-ე და 248-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ითხოვდა ზემოთაღნიშნული ბრძანებების გაუქმებას, რის შესახებაც შპს «...თვის», როგორც მხარისათვის, ცნობილი არ ყოფილა. ასევე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინებით არსებითად შეიცვალა 2005წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი და სამართლებრივი შედეგი.

2006წ. 14 მარტის განჩინებით შპს «...» გენერალური დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

2006წ. 27 იანვარს შპს «.. .» საჩივარი შეიტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ შეამოწმა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად რამდენად იყო გამართლებული, ასევე, არ მიუთითა შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა, ხოლო ის გარემოება, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ შეტანილ იქნა 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, განპირობებულია იმით, რომ, გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა 2001წ. 23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებები, მოსარჩელეების თანამდებობებზე აღდგენა ვერ მოხერხდებოდა, ხოლო რადგანაც 2006წ. 27 დეკემბრის განჩინებით არსობრივად შეიცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, შესაბამისად დადგა მისი გასაჩივრების მიზანშეწონილობის საკითხი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 2 თებერვლის განჩინებით შპს «...» გენერალური დირექტორის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, რის შესახებაც მან შეიტანა კერძო საჩივარი აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 14 მარტის განჩინებით შპს «...» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შემდგომი განხილვის მიზნით გააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ შპს «...» კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს-შვილისა და მ. წ-იას სააპელაციო საჩივარი; ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი სარჩელი, რომლითაც ითხოვდნენ შპს «...» გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 1 ოქტომბრის ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას, ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 27 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც შესწორდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 2001წ. 1 ოქტომბრის ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებების» ნაცვლად მიეთითა «2004წ. ¹23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებები», არსებითად შეიცვალა 2005წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი და სამართლებრივი შედეგი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სწორედ ის ბრძანებები, რომელთა გაუქმებასაც სარჩელით ითხოვდნენ, ხოლო გადაწყვეტილებაში დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეცდომა, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შესწორებული.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «...» კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 27 დეკემბრის განჩინებაზე უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მის დაკმაყოფილებაზე სწორად უთხრა უარი.

სსკ-ის 237-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს «საქართველოს რკინიგზას» თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2005წ. 2 დეკემბერს, აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005წ. 12 დეკემბერს. ხოლო შპს «...» მიერ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე შეტანილ იქნა 2006წ. 27 იანვარს. საჩივრის ავტორმა გაუშვა გასაჩივრების კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და დატოვა განუხილველად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის შესახებ, რომ მათ მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის დაგვიანებით შეტანა განპირობებულია იმით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა 2001წ. 23/ნკ და ¹24/ნკ ბრძანებები, მოსარჩელეების თანამდებობებზე აღდგენა ვერ მოხერხდებოდა, ხოლო რადგანაც 2006წ. 27 დეკემბრის განჩინებით არსობრივად შეიცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, შესაბამისად დადგა მისი გასაჩივრების მიზანშეწონილობის საკითხი.

როგორც დადგენილია, სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 27 დეკემბრის განჩინებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შესწორდა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური შეცდომა, რომლითაც არ შეცვლილა გადაწყვეტილების შინაარსი და სამართლებრივი შედეგი, რაც მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან.

ამრიგად, შპს «...» მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრებულიყო ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან (2005წ. 2 დეკემბერი) 10 დღის ვადაში, რაც მის მიერ დარღვეულ იქნა. შესაბამისად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივარი სწორად ცნო დაუშვებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრები სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინებების გაუქმების იურიდიული საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს «...» კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 27 დეკემბრისა და 2006წ. 2 თებერვლის განჩინებები.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.