დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.09.2003
საქმის ნომერი
ას-162-855-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-162-855 12 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 20 ოქტომბერს გ. კ.-სა და ზ. ხ.-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. პირველით გ. კ.-მ ზ. ხ.-ისაგან ისესხა 4800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში 3 თვის ვადით; სესხის უზრუნველყოფის მიზნით კი იპოთეკით დაიტვირთა გ. კ.-ს სახელზე რიცხული თბილისში მდებარე ბინა.

2001წ. 20 ივნისს ზ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-საგმორის რაიონულ სასამართლოს გ. კ.-ს მემკვიდრის, მ. ტ.-ის და თანამოპასუხის, მ. ა.-ის, მიმართ და მოითხოვა ვალის დაბრუნება და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია. სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 627-ე მუხლი და მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილი.

2001წ. 26 ივლისს მ. ტ.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გ. კ.-სა და ზ. ხ.-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ხელმოწერა გ. კ.-ს მიერ შესრულებული იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ იგი თავის მოქმედებას კონტროლს ვერ გაუწევდა და ხელი მოტყუებით მოაწერინეს; ამასთან, თვით მოსარჩელისავე განმარტებით, ფული მან ფაქტობრივად გადასცა მ. ა.-ეს და არა გ. კ.-ს; მ. ტ.-მ ასევე მოითხოვა გ. კ.-სა და ზ. ხ.-ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 63-ე მუხლის დარღვევის გამო.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ტ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გ. კ.-ს სახელზე რიცხული ბინის რეალიზაციაზე. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო სესხის ხელშეკრულების ბათილობაზე მ. ტ.-ს უარი ეთქვა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ.-მ ბინის რეალიზაციაზე უარის თქმისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგი გარემოებები: სასამართლომ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისას მიუთითა “ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის 63-ე მუხლის დარღვევა, რომლითაც საცხოვრებელი სახლის (ბინის) იპოთეკით დატვირთვის ხელშეკრულების დამოწმებისას საჭიროა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა, რაც აპელანტს არასწორად მიაჩნია, რადგან, ჯერ ერთი, ასეთი თანხმობა არსებობდა, და, მეორეც, ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ბინის მესაკუთრე იყო იპოთეკარი, რაც დასტურდება შესაბამისი ჩანაწერით საჯარო რეესტრში. სასამართლომ ისე ცნო იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად, რომ არ დაუდგენია გ. კ.-ს ოჯახის სრულწლოვანი წევრების საერთო წილობრივი საკუთრება ბინაზე, ხოლო რომ ეცნო კიდევაც, იპოთეკარის წილში ხელშეკრულება ძალაში უნდა დაეტოვებინა.

გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.@@@

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 დეკემბრის გადაწყვეტილება მ. ტ.-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. პალატამ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ სკ-ს 289-ე მუხლის შესაბამისად იპოთეკა წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. რეგისტრაცია ხდება დადგენილი წესის მიხედვით უძრავი ნივთის მესაკუთრისა და იპოთეკარის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთების წარდგენით, ხოლო 312-ე მუხლის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ.-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის განჩინებით მ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ. ხ.-მ და მოითხოვა 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების განმარტება, იგულისხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაში იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაში ასევე იგულისხმება ზ. კ.-ს სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონზე რეალიზაცია.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ტ.-მ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ. ამდენად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან იგი არ გაუუქმებია ზემდგომ სასამართლოს. სასამართლომ განმარტებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მას გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ზ. ხ.-ის ერთ-ერთი სააპელაციო მოთხოვნა იყო სააპელაციო სასამართლოს გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მას უარი ეთქვა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ კი არ დაადგინა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით და ფაქტობრივად გადაწყვეტილების განმარტებით დაადგინა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია, რითაც შეცვალა გადაწყვეტილების შინაარსი.

კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს, უარი ეთქვას ზ. ხ.-ს გადაწყვეტილების განმარტებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი. პალატა მიუთითებს, რომ ზ. ხ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო ბინის რეალიზაცია საჯარო ვაჭრობის წესით და იპოთეკის ხელშეკრულების ძალაში დატოვება, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მთლიანად დაკმაყოფილებულ იქნა. ამდენად, გადაწყვეტილებაში ნამსჯელია და დადგენილია იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.

გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობა გამომდინარეობს გადაწყვეტილების ბუნდოვანებიდან, როდესაც გადაწყვეტილება შედგენილია რთულად და შეუძლებელია გადაწყვეტილების არსის ერთმნიშვნელოვანი გაგება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ.-მ ბინის რეალიზაციაზე საჯარო ვაჭრობის წესით გაყიდვაზე უარის თქმისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

სამოტივაციო ნაწილში პალატა უთითებს, რომ ზ. ხ.-ის სააპელაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და დადგინდეს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ზ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა არ უთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად.

გადაწყვეტილების აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ერთობლივი შესწავლით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება განმარტა მისი შინაარსის შეუცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ტ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.