დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.09.2003
საქმის ნომერი
ას-318-993-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.09.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-318-993-03 16 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “მ.-ის” დირექტორმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სს ,,ქ.-ის” მიმართ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის კუთვნილი ქონების დაყადაღება.

2003წ. 14 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ ქონებას, ხოლო 2003წ. 16 მაისის განჩინებით მოსარჩელეს, იმ საფუძვლით, რომ არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ხარვეზის შესავსებად დაენიშნა ვადა 2003წ. 30 მაისამდე.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2003წ. 14 მაისის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ქონების დაყადაღება აფერხებდა საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობას და 2003წ. 20 მაისის განჩინებით დააკმაყოფილა მოპასუხის კერძო საჩივარი, გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2003წ. 14 მაისის განჩინება.

2003წ. 30 მაისის განჩინებით, მოსარჩელის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ და ამ განჩინების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნდა მოსარჩელეს.

ყადაღის გაუქმების შესახებ 2003წ. 20 მაისის განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უკანონოდ გააუქმა მისივე კანონიერი განჩინება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, რომ ვინაიდან სარჩელი დატოვებული იყო უმოძრაოდ და დაუბრუნდა მოსარჩელეს, აღარ არსებობდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. აღნიშნულის გამო სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 9 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ეს მიზანი ნათლადაა გამოკვეთილი სსკ-ს 191-ე მუხლში, რომლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფა _ ესაა სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით.

სსკ-ს 192-ე მუხლის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე.

ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე სასამართლო დანიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემომტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

მოცემულ საქმეზე სსკ-ს 192-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას არა აქვს ადგილი, რადგან მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა სარჩელის აღძვრასთან ერთად ე.ი. უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებას საფუძვლად დაედო სარჩელის აღძვრა.

სსკ-ს 276-ე მუხლის თანახმად სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია ე.ი. მოცემულ საქმეზე დამთავრებულია საქმის წარმოება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება დამთავრებულია (სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფად მოპასუხის ქონებას დაედო ყადაღა, დაუბრუნდა მოსარჩელეს), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “მ.-ის” წარმომადგენლის ზ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.