დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.07.2003
საქმის ნომერი
ას-32-735-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-32-735-03 14 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

კერძო საჩივრის ავტორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 11 აპრილს კავშირმა (ასოციაცია)P”ბ.-მ” სს “თ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელემ მოითხოვა დავალიანების – 33329742 ლარის და ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო 8706892 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 21 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე და განმარტა, რომ კავშირი (ასოციაცია) “ბ.-ი” ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “ი” პუნქტის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ჟ” პუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” პუნქტის “საბაზრო წესების მე-6, 7, 8 მუხლების და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის მიხედვით, წარმოადგენდა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, ამიტომ მოსარჩელეს სარჩელით შეეძლო მიემართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიისათვის.

2003წ. 5 მაისს (ასოციაცია) “ბ.-მ” კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის განჩინების გაუქმება და სარჩელის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ კავშირი (ასოციაცია) “ბ.-ი” არ ასრულებს საჯარო სამართლებრივ ფუნქციებს, ამიტომ დავები მისი მონაწილეობით უნდა განიხილოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “ბ.-ი” (ელექტრობაზარი) არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა, ელექტროენერგეტიკის სექტორის ლიცენზიატთა და პირდაპირ მომხმარებელთა ანუ ელექტრობაზრის წევრთა კავშირი (ასოცოაცია).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, კავშირს (ასოცოაცია) “ბ.-ს” აქვს ადმინისტრაციული ორგანოს დამახასიათებელი ყველა ნიშანი.

ზემოაღნიშნული 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოში დაშვებულია მხოლოდ ერთი ელექტრობაზრის ფუნქციონირება, მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ელექტრობაზრის წევრობა სავალდებულოა ყველა ლიცენზიატისა და პირდაპირი მომხმარებლისათვის. ელექტრობაზარი დისპეჩერიზაციის ლიცენზიატთან ერთად ამტკიცებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსებს და საჭიროების მიხედვით ახდენს მათ კორექტირებას. ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დასამუშავებლად, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და მომხმარებლის აღრიცხვისა და ანგარიშწორებისათვის, ასევე, მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად (მუხლი 22,8).

ელექტრობაზარის ფუნქციონირების, მართვისა და ლიცენზიატებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი ერთ-ერთი ნორმატიული აქტის - “საბაზრო წესების” მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ლიცენზიატების და ელექტრობაზრის წევრები ვალდებულნი არიან ელექტრობაზარს წინასწარ წარუდგინონ და შეუთანხმონ პირდაპირი კონტრაქტები. მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრობაზრის გენერალური დირექტორი თავისი კომპენტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ელექტრობაზრის გენერალურ დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინაშე.

საბითუმო ბაზრის წევრები უფლებამოსილნი არიან ელექტრობაზრის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ “სემეკ”-ში (მუხლი6.8)

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოდ ითვლება ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმარველობისა და მმართველოს ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაში მითითებული სხვა პირი, რომელიც ენერგეტიკის შესახებ კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და ამდენად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმე წარმოებაში უნდა მიიღოს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია. ამის შესახებ 2003წ. 30 ივნისის ¹3გ/ად-18-გ-03 განჩინებაში კ.-ე-კავშირი (ასოცოაცია) “ბ.-ის” წინააღმდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ მიუთითა, რომ დავები კავშირი (ასოციაცია) “ბ.-ის” მონაწილეობით განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სსკ-ს 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტის შესაბამისად, მოსამართლე არ მიიღებს საქმეს თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლგიის განსჯადი იყო, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ იგი სწორად არ მიიღო წარმოებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს კერძო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევას. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ამიტომ იგი არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კავშირი (ასოციაცია) “ბ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 21 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.