გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-420-1089-03 18 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე,მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ჭ-ის დედა ი. კ-ა, 1975 წელს დაქორწინდა ვ. ს-თან. ი. კ-ას და ვ. ს-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ი. კ-ა გარდაიცვალა 1996 წელს, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები პირველი ქორწინებიდან შვილები – თ. და ზ. ჭ-ები, ვ. ს-ი გარდაიცვალა 2001 წელს, მას დარჩა მეხუთე რიგის მემკვიდრეები ვ. ს-ი და გ. ლ-ე.
თ.ჭ-მა 2001წ. სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ.ს-ის მიმართ და მოითხოვა დედის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით თ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მას გაუგრძელდა ი. ს-ის (კ-ას) დანაშთი სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა სამკვიდროს მთლიანი მასის დადგენის შემდეგ მიუღებელ სამკვიდრო ქონებაზე.
ვ. ს-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება. თ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თ.ჭ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 25 მარტის განჩინებით განუხილველად დატოვა თ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.
ზ. ჭ-მა, ც. ქ-ემ, გ. ჭ-მა და ნ. გ-ემ 2002წ. მაისში განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მათ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითეს ის, რომ მოცემული საქმის განხილვაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ; სასამართლოს მათი დასწრების გარეშე არ უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება, რადგან ზ. ჭ-ი აწ გარდაცვლილი ი. კ-ას შვილია (თ. ჭ-ის ძმა), ც. ქ-ე თ. ჭ-ის მეუღლეა, გ. ჭ-ი კი ზ. ჭ-ის ვაჟია; ნ. გ-ე კი ზ. ჭ-ის მეუღლეა. ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს მამკვიდრებლის ი.კორხმაზოვას ქონების მისაღებად. სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მამკვიდრებელს ი.კ-ას ჰყავდა მეორე შვილიც – ზ. ჭ-ი, ამიტომ იგი უნდა ჩაება საქმეში მხარედ. ზ. ჭ-ის ოჯახი ფაქტიურად დაუფლებულია სამკვიდრო ქონებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 13 ივნისის განჩინებით ზ.ჭ-ის, ც.ქ-ის, მ.ჭ-ის და ნ.გ-ის განცხადება განუხილველად დატოვა დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ც.ქ-ე, მ.ჭ-ი და ნ.გ-ე არ წარმოადგენენ ი.კ-ას მემკვიდრეებს და ამიტომ ისინი მოცემულ საქმეზე დაინტერესებულ მხარეებად არ ჩაითვლებიან. მათ მიერ შეტანილი განცხადება არაუფლებამოსილი პირის მიერ შეტანილად უნდა ჩაითვალოს.
პალატამ მიუთითა, რომ ზ. ჭ-ი, ი.კ-ას მემკვიდრეა, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მას სამკვიდრო მიღებული აქვს. სსკ-ს 422-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილობის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, ვინაიდან ზ.ჭ-ი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, მისი განცხადება დაუშვებლად მიიჩნია სასამართლომ. პალატამ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ ისინი მოცემული საქმის განხილვაში მოსარჩელეებად უნდა ყოფილიყვნენ მიწვეულნი, რადგან სსკ-ს მე-3 მუხლის თანახმად მათი არ შეუტანიათ სასამართლოში სარჩელი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზ. ჭ-მა, ც. ქ-ემ, გ. ჭ-მა და ნ. გ-ემ კერძო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი განცხადების დასაშვებად მიჩნევა; ასევე მოითხოვეს სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. მათი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მათ ქონებრივ ინტერესებზე; საქმეში მესამე პირებად უნდა ყოფილიყვნენ მოწვეულნი; გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს 2003წ. 17 აპრილს, ი.კ-ასა და ვ.ს-ის დანაშთ მოძრავ ნივთებს დაეუფლნენ ზ.ჭ-ი, ც.ქ-ე და ნ.გ-ე, მათ გააჩნიათ მთელი სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია და ამდენად, წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჭ-ი ი.კ-ას მემკვდრეა, მაგრამ არასწორად მიუთითა, რომ მას არა აქვს სამკვიდრო მიღებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 1 აგვისტოს განჩინებით დაუსაბუთებლად მიიჩნია კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ჭ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ც. ქ-ის, გ. ჭ-ის და ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. ჭ-ის სარჩელი დედის – აწ გარდაცვლილი ი.კორხმაზოვას დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ზ. ჭ-მა, ც. ქ-ემ, გ. ჭ-მა და ნ. გ-ემ 2003წ. მაისში განცხადებით მიმართეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და მოითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სსკ-ს 422-ე და 427-ე მუხლების შესაბამისად იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს და მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
სსკ-ს 429-ე მუხლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
ასეთი განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, შეტანილია თუ არა იგი დაინტერესებული პირის მიერ, ასევე იმავე კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, და აკმაყოფილებს თუ არა 427-ე მუხლით დადგენილი განცხადების შინაარსს. თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობებს, სასამართლომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს ასეთი განცხადების საფუძვლიანობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა განუხილველად ც.ქ-ის, მ.ჭ-ის და ნ.გ-ის განცხადება იმ საფუძვლით, რომ ისინი არ წარმოადგენენ მოცემულ საქმეში დაინტერესებულ პირებს, კერძოდ, ც.ქ-ე, მ.ჭ-ი და ნ.გ-ე არ წარმოადგენენ მამკვიდრებელ ი.კ-ას მემკვიდრეებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ზ. ჭ-ი კი წარმოადგენს ი.კ-ას შვილს, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ზ.ჭ-ს არა აქვს ფაქტიურად სამკვიდრო მიღებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ჭ-ი ზემოაღნიშნულ დავაში წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, რადგან იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის ი.კ-ას პირველი რიგის მემკვიდრეს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გასცდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის შემოწმების ფარგლებს; სასამართლომ ასეთი განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას იმავდროულად იმსჯელა მის საფუძვლიანობაზეც, რითაც დაარღვია სსკ-ს 429-ე და 430-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მოხდეს სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადება. სსკ-ს 432-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. მართალია, იმავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება, მაგრამ პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების იურიდიული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს ც. ქ-ის, გ. ჭ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივარი.
ზ. ჭ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განჩინება ზ. ჭ-ის განცხადების _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ _ დაუშვებლად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას, დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
არ დაკმაყოფილდეს ც. ქ-ის, ზ. ჭ-ის, გ. ჭ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივრის მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.