დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.07.2004
საქმის ნომერი
ას-474-747-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-474-747-04 5 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: საავტორო უფლებების დარღვევა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 30 იანვარს გ. და ვ. ზ-ეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სარჩელის აღძვრამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 2 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. და ვ. ზ-ეების განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ყადაღა დაედო მინის მოლირებისათვის (წრთობისათვის) საჭირო დანადგარს, რომელიც მოიცავს, ღუმელს, მილის გამციებელ სისტემას.

მ. ფ-ესა და ვ. ლ-ს აეკრძალათ გ. ზ-ისა და ვ. ზ-ის საკუთრებაში არსებული დაპატენტებული მოლირების ხერხისა და ჩარჩოსებრი ფორმის გამოყენება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2004წ. 15 მარტს მ. ფ-ესა და ვ. ლ-ის წარმომადგენელმა კ. შ-ემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ 2004წ. 2 თებერვლის განჩინება დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს მცირეოდენი საფუძველიც არ შეიძლება ჰქონოდა, რათა ევარაუდა, რომ მოპასუხეები არღვევდნენ განმცხადებელთა საპატენტო უფლებებს. ამგვარი უფლებების დარღვევის ფაქტს მოპასუხეები უარყოფენ და არ ეთანხმებიან, ვინაიდან ისინი თავიანთი მოქმედებით არ არღვევენ პატენტს.

მოპასუხეებს უახლოეს მომავალში განზრახული აქვთ შეიტანონ სარჩელი სადავო პატენტის ბათილად ცნობის თაობაზე.

სასამართლომ განჩინებით ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება, თუკი მოპასუხეებს დღესვე აეკრძალათ სადავო მოლირების ხერხისა და ჩარჩოსებრი, ფორმის გამოყენება. სასამართლოს მიერ მოპასუხეებისათვის ამ მოქმედებათა აკრძალვა არავითარ კავშირში არ არის სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების გართულებასა თუ შეუძლებლობასთან. უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ მომავალი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება მოპასუხისათვის პატენტის დამრღვევი მოქმედებათა აკრძალვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით უკვე დაადგინა ის აკრძალვა, რაც შესაძლებელია იყოს მომავალი სასარჩელო მოთხოვნა და, შესაბამისად, განხილვის საგანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსკ-ის 191-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორს ასევე არამართლებულად მიაჩნია, სასამართლოს განჩინებით მოლირებისათვის საჭირო ღუმელისა და მინის გამაციებელი სისტემის დაყადაღება. ამასთან, მოცემული ღუმელი და გამაციებელი დანადგარი არ წარმოადგენდა მოპასუხეების საკუთრებას, არამედ მათ გააჩნიათ მხოლოდ სარგებლობის უფლება ამ უკანასკნელზე.

ამ მოწყობილობათა თანამესაკუთრეები არიან ს. ბ-ი და ო. ს-ე, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული მოპასუხეების მიერ წარმოებულ საქმიანობასთან და დროებით სარგებლობის უფლებით გადასცეს მათ დასახელებული მოწყობილობები. შესაბამისად, სსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე, ამ ქონების დაყადაღების საფუძველი არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ამ ქონებასთან მიმართებაშიც არ არსებობს სსკ-ის 191-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 23 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 191-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად, ვ. და გ. ზ-ეების მიერ წარმოდგენილი განცხადება შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომლის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებას.

განმცხადებლებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მიუთითეს, ის გარემოება, რომ მოპასუხეები გაასხვისებდნენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, რაც გაართულებდა შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებას.

გაცხადებასთან ერთად წარმოდგენილ იქნა საქართველოს ინტელექტუალური ცენტრის „საქპატენტის“ მიერ ე.უ-ის, გ. და ვ. ზ-ეების სახელზე დაპატენტებული გამოგონება „მოლირების ხერხი და ჩარჩოსებრი ფორმა მის განსახორციელებლად“.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხეების პატენტის დამრღვევი მოქმედების აკრძალვა, ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ღუმელისა და მინის გამაციებელი სისტემის დაყადაღება.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ღუმელი და გამაციებელი დანადგარი არ წარმოადგენს მოპასუხეების საკუთრებას.

სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 192-ე მუხლის I ნაწილით, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძელზე სასამართლო დანიშნავს ვადას. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ ამ უფლებით არ ისარგებლა და მან მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არ შეეძლო სასამართლოს, რაც არასწორია. თუ განცხადება აკმაყოფილებს სსკ-ის 191-ე მუხლის მოთხოვნას და შესაძლებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, განცხადება დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განცხადების მიღებისა და დაკმაყოფილებისას სსკ-ის მითითებულ ნორმათა მოთხოვნები არ დაურღვევია. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :P

მ. ფ-ისა და ვ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 2 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.