დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*
¹ ას-504-1035-06 20 ნოემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის დაბრუნება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა (სარჩელში); ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ტერიტორიის განთავისუფლება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ამხანაგობა «ხ--89-ის» მიმართ და მოითხოვა მასა და მოპასუხე ამხანაგობას შორის 1992წ. 1 მარტს დადებული ხელშეკრულების გაუქმება და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაბრუნება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მასა და მოპასუხე ამხანაგობა «ხ- 89-ს» შორის 1992წ. 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება, რომ ქ.თბილისში, ... მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე‚ იმ ადგილზე, სადაც აშენებული ჰქონდა სხვადასხვა ნაგებობები ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. ხელშეკრულების თანახმად‚ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა ხუთოთახიანი ბინა. მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1998წ. ბოლოსთვის. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში არ დასრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულების პირობა.
ამხანაგობა «ხ--89-მ» აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა იგივე ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძლით, რომ ნ. მ-ძე არასოდეს ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და არ იყო უფლებამოსილი, დაედო ხელშეკრულება ამ მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემაზე. მან ასევე მოითხოვა ტერიტორიის განთავისუფლება სხვადასხვა ნაგებობისაგან ნ. მ-ძის ხარჯებით.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ--89-ის» შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად; ბათილად იქნა ცნობილი ნ. მ-ძესა და საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ--89»-ს შორის 1992წ. 1 მარტს დადებული ხელშეკრულება. ნ. მ-ძეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ... მდებარე 1400 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებასა და აღრიცხვაზე. ნ. მ-ძეს დაევალა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ-89-ის» მიერ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი ხარჯებით კომპენსაციის გარეშე ქ.თბილისში, ... ¹29ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღება და ტერიტორიის გათავისუფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი, რომლითაც ნ. მ-ძეს დაევალა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ-89-ის» მიერ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი ხარჯებით კომპენსაციის გარეშე ქ.თბილისში, ... ¹29ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღება და ტერიტორიის გათავისუფლება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ--89-ის» შეგებებული სარჩელი ნ. მ-ძის მიმართ ქ.თბილისში, ... მდებარე შენობა-ნაგებობების თავისი ხარჯებით აღებისა და ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამხანაგობა «ხ--89» არ წარმოადგენს კეთილსინსდისიერ მფლობელს და მისი მოთხოვნა ამ ნაკვეთის გამოთავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ-89-მ».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 16 იანვრის განჩინებით საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ--89-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 4 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ-89-ის» წარმომადგენლების თ.ან-ძის, თ.ა-ძის, თ.მ-შვილის, მ.მ-ძის, ვ.მ-შვილის გ.გ-ურის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 16 იანვრის ¹ას-1314-1546-05 განჩინების უსწორობათა გასწორების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ-89-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილების 1,2,3 პუნქტები და საქმე ამ ნაწილში ხელახლი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
ნ. მ-ძემ 2006წ. 10 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა «ხ--89-ის» სახელზე რიცხულ, ... ქუჩის, ... მოედნის, ა... ქუჩასა და კინოთეატრ «გ-ის» შორის მდებარე 1585 კვ.მ მიწის ნაკვეთისათვის, რომლის ნომერია ... ასევე მოითხოვა ამ ნაკვეთზე რეგისტრაციის შეჩერება იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვის პროცესში მისთვის ცნობილი გახდა, რომ, სადავო მიწის ნაკვეთზე ამხანაგობა «ხ-89»-მ საჯარო რეესტრში უკანონოდ დაარეგისტრირა საკუთრების უფლება და სურს ამ ნაკვეთის გასხვისება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისება მესამე პირზე, რაც ნ.მ-ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 ივლისის განჩინებით ნ. მ-ძის განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელს თბილისში, ... ¹29ა-ში მდებარე 14000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებასა და აღრიცხვაზე ეთქვა უარი და ეს გადაწყვეტილება ამ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.მ-ძეს საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. მ-ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რადგან ჩათვალა, რომ ნ. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნაზე თბილისის ... ¹29ა-ში მდებარე 14000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და მასზე ნ. მ-ძის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ დავა გადაწყვეტილია და ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელი, რომელის უზრუნველსაყოფად მოსარჩელე ითხოვს ამ ნაკვეთზე ყადაღის დადებას და რეგისტრაციის შეჩერებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. მ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა «ხ-89-ის» სახელზე რიცხულ‚ ... ქუჩის, ... მოედნის, ... ქუჩასა და კინოთეატრ «გ-ს» შორის მდებარე 1585 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომლის სარეგისტრაციო ნომერია .., ყადაღის დადება და ამ ნაკვეთზე რეგისტრაციის შეჩერება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია‚ ნ.მ-ძეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 16 იანვრის განჩინება არ გაუსაჩივრებია, მაგრამ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 16 იანვრის განჩინებით მლიანად გაუქმდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მასში არ არის მითითებული მისი ნაწილობრივი გაუქმების შესახებ, ნ.მ-ძის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმის ხელახალი განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ ნ.მ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე, რადგან არ არსებობს საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «ხ-89-ის» სააპელაციო საჩივარი და ნ.მ-ძის სააპელაციო საჩივრის გარდა სააპელაციო სასამართლოს განსახილველი არაფერი არა აქვს. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 414-417, 191-ე, 193-194-ე და 198-ე მუხლებზე. მისი მითითებით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს სადავო მიწის ნაკვეთის მესამე პირებზე გასხვისება, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ძის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილება ნ. მ-ძის სარჩელის _ ქ.თბილისში, ... მდებარე 14000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებასა და აღრიცხვაზე _ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დარჩა უცვლელი და იგი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია ნ. მ-ძეს. ამდენად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ.მ-ძის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 16 იანვრის განჩინებით მთლიანად გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მის სააპელაციო საჩივარზე და განიხილოს იგი; საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 4 ოქტომბრის განჩინებით გასწორდა საკასაციო სასამართლოს 2006წ. 16 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ნ.მ-ძეს უარი ეთქვა სარჩელზე სადავო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობაზე.
სსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფა ესაა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. ვინაიდან ნ.მ-ძეს იმ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლის უზრუნველყოფასაც იგი მოითხოვს, უარი ეთქვა კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მისი განცხადება უსაფუძვლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 11 ივლისის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2006, # 2, samoq., gv. 19-22.