შეწყდა

სამოქალაქო 29.03.2005
საქმის ნომერი
ას-643-1294-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-643-1294-03 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 13 მარტს ლ.შ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. შ.-ის მიმართ და მოითხოვა მათ თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინისა და მასში არსებული მოძრავი ნივთების გაყოფა, კუთვნილი წილის განსაზღვრა.

2002წ. 24 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდნენ და გამოტანილ იქნა განჩინება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ. საქმის წარმოება შეწყდა.

2002წ. 1 აგვისტოს გ. შ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა მორიგების შესახებ განჩინებაზე იმ მოტივით, რომ მისმა წარმომადგენელმა თ.ც.-ემ საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ მას არ აცნობა დროულად, რის შედეგადაც მისი მოთხოვნები არ აისახა მორიგების აქტში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინებით გ.შ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის განჩინება და მორიგების აქტით განსაზღვრული, გ.შ.-ის მიერ ლ.შ.-ასათვის გადასახდელი თანხა შემცირდა 4543 აშშ დოლარამდე.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.შ.-ას წარმომადგენელმა მ.დემეტრაშვილმა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმესთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განხილვისათვის, რათა ემსჯელა გ. შ.-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 მაისის განჩინებით გ.შ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის გაშვების გამო. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი ასევე ჩაითვალა დაუშვებლად.

2003წ. 2 ივლისს გ.შ.-ის წარმომადგენელმა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2002 ლის 2 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის განჩინებით გ.შ.-ის წარმომადგენლის, თ. ც.-ის, განცხადება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 421-ე მუხლით, აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის წარმოება დამთავრებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში კი გასაჩივრებული განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

2003წ. 14 აგვისტოს გ.შ.-მა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 ივლისის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 ოქტომბრის განჩინებით სსკ-ის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოება მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის მასალებში წარმოდგენილი გ. შ.-ის გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე, კერძო საჩივრის ავტორის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი გარემოების გამო:

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი გ. შ.-ი გარდაიცვალა 2003წ. 27 სექტემბერს, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი გ. შ.-ის გარდაცვალების მოწმობა. სასამართლომ სსკ-ის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეაჩერა საქმის წარმოება. აღნიშნული ნორმით სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ხოლო ამავე კოდექსის 281-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე ან ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე.

კასატორის გარდაცვალებიდან გავიდა თვრამეტი თვე, თუმცა საკასაციო სასამართლოსათვის, სსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, აწ გარდაცვლილი გ. შ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლით შეცვლის შესახებ არავის მოუმართავს.

2005წ. 15 მარტს მხარეები, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი თ. ც.-ე და მოწინააღმდეგე მხარე ლარისა შ.-ი მოწვეულ იქნენ სხდომაზე გ. შ.-ის უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდების მიზნით. გაგზავნილი დეპეშები 2005წ. 15 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოცხადების თაობაზე თ. ც.-ს ჩაბარდა პირადად 2005წ. 5 მარტს, ხოლო ლარისა შ.-ას არ ჩაბარებია იმ მიზეზით, რომ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. 2005წ. 15 მარტის სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ და დადგინდა აღნიშნული საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის. ამავე კოდექსის 378-ე მუხლით კი მხარეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მის წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოსათვის უცნობია კერძო საჩივრის ავტორ გ. შ.-ის უფლებამონაცვლის შესახებ. ამასთან, პალატა თვლის, რომ მისი არსებობის შემთხვევაში სავარაუდო მხარეს არ გააჩნია მოცემულ საქმეში მონაწილეობის ინტერესი და არც მოწინააღმდეგეა დაინტერესებული საქმის განხილვით. ასეთი გარემოება შეიძლება შეფასდეს კერძო საჩივარზე უარის თქმად, რაც საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. შ.-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.