დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.03.2005
საქმის ნომერი
ას-67-407-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-67-407-05 18 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

აღწერილობითი ნაწილი:

ა.ლ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 100000 აშშ დოლარისა და 20000 აშშ დოლარის ოდენობით და სააღსრულებლო ფურცლის ბათილად ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ლ.-მ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 18 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადასცა საქმე სამოქალაქო მოთხოვნის _ სააღსრულებო ფურცლის კანონიერების ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ადმინისტრაციულ სამართლებრივ ნაწილზე (აუქციონის შედეგების გაუქმება და ზიანის ანაზღაურება) შეაჩერა საქმის წარმოება სარჩელის სამოქალაქო ნაწილის გადაწყვეტამდე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს და ა.ლ.-ს სააპელაციო საჩივრები მათი გამოუცხადებლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა.ლ.-ამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივლისის განჩინებით საჩივარი მიღებულ იქნა და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა, რომელთაც ეცნობათ სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით, რის გამოც 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროსა და ა.ლ.-ს საჩივრები დარჩა განუხილველი. ამ განჩინებაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ შეტანილი კერძო საჩივარი,M სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა დაეტოვა საჩივარი განუხილველად, ვინაიდან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სსკ-ის 242-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გამოეტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაზედაც შესაძლებელი იქნებოდა საკასაციო საჩივრის შეტანა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ მხარეებს გაეგზავნათ შეტყობინება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მაგრამ არც ერთი მხარე არ გამოცხადდა 2004წ. 7 სექტემბრის, 28 სექტემბრის, 15 ოქტომბრისა და 28 ოქტომბრის სასამართლო სხდომებზე. სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი, მიუხედავად მხარეების არაერთგზის გაფრთხილებისა, ისინი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე. ორივე მხარის გამოუცხადებლობის გამო კი სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა. რაც შეეხება კასატორის მითითებას საპროცესო ნორმების დარღვევაზე, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ საქმეზე, საპროცესო ნორმების დარღვევას არ გამოუწვევია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.