გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.03.2006
საქმის ნომერი
ას-912-1158-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-912-1158-05 28 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ა-იანმა და არასრულწლოვან მ. მ-ძის წარმომადგენელმა ლ. ა-იანმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „ს. ე-ისა“ და სს „გ. ე-ის“ მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ლ. ა-იანი ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ. ..., სადაც მას ეკუთვნის 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი. 1964 წელს აღნიშნულ ნაკვეთზე აშენდა ელექტროქვესადგური. 1965 წლიდან, ელექტროქვესადგურის ფუნქციონირების დაწყების დღიდან, თვითონ და მისი ოჯახის წევრები დასაქმებული იყვნენ ამ ქვესადგურში და იღებდნენ ხელფასს. 1991 წელს გარდაეცვალა მამა ო. ა-იანი, 1998 წელს დედა ლ. ა-იანი. მათი გარდაცვალების მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე დაავადება. გარდა ამისა, ო. ა-იანს დადგენილი ჰქონდა ფილტვების, ხოლო ლ. ა-იანს _ სარძევე ჯირკვლების კიბო. ამავე ოჯახში ცხოვრობს მისი 14 წლის დისშვილი მ. მ-ძე, რომელიც დაავადებულია მწვავე ლეიკოზით. აღნიშნული დაავადებები გამოწვეულია ელექტროქვესადგურის ექსპლუატაციისა და ელექტროენერგეტიკული დანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევით, რის გამოც ისინი იძულებული არიან გამოიცვალონ საცხოვრებელი ადგილი. ქვესადგურის მფლობელისაგან მისმა ოჯახმა განიცადა როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანი, რაც გამოიხატება მის სარგებლობასა და საკუთრებაში არსებული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთის ეროზიით, ნარგავებისა და ნაყოფის მომცემი სხვა მცენარეების გახმობით და სხვა. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მორალური ზიანის _ 3 000 000 ლარის, მატერიალური ზიანის _ 120 000 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე შპს «ს. ე-ების» წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: წყალტუბოს რაიონის სოფელი ... 35 კვტ. ქვესადგური და 35/10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები ექსპლუატაციაშია სამშენებლო, საექსპლუატაციო და უსაფრთხოების, ასევე ელექტროდანადგარების მოწყობისა და ელექტრული დაცვის ნორმების სრული დაცვით. რომლებიც ელექტრული ველის ზემოქმედების თვალსაზრისით საშიშროებას არ წარმოადგენენ. უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მითითება ადამიანებსა და მცენარეებზე მათი მავნე ზემოქმედების შესახებ. რაც შეეხება სანიტარული ნორმებისა და წესების დარღვევებს, აღნიშნულზე კონტროლი ევალება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის დეპარტამენტს. მითითებულ საკითხზე საჭიროა სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარება. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს მოპასუხე მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობას, გამორიცხავს რაიმე სახის მიზეზობრივ კავშირს მ.მ-ძის ავადმყოფობასთან, ასევე ნიადაგის ეროზიასა და ხეხილ-ვენახის გახმობასთან

სს „გ. ე-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელე ვერ მიუთითებს სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა აგებულია ვარაუდზე, რის გამოც მას სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს. ამასთან, დასადგენია, ქ.ქუთაისში მცხოვრები მ.მ-ძე რამდენ დროს ატარებდა სოფლად, როდის გამოვლინდა ავადმყოფობის სიმპტომები და შეიძლება თუ არა გამოწვეული იყოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის წესების დარღვევით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.ა-იანისა და მ.მ-ძის წარმომადგენელ ლ.ა-იანის სარჩელი, ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განჩინებით მ.მ-ძის წარმომადგენელ ლ. ა-იანისა და ლ. ა-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა მ.მ-ძის ჯანმრთელობისათვის, ნიადაგის ეროზიისა და ნარგავებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში დაუბრუნდა სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სასამართლო კოლეგიის მთავარ სასამართლო სხდომაზე შპს «ს. ე-ის» წარმომადგენელმა ლ.ქ-ძემ იშუამდგომლა მოცემულ საქმეში შპს «... 2000-ის» მესამე პირად ჩართვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს პასუხით, სოფ. ... არსებული 35/10 კვტ-იან ქვესადგურზე დამაგრებული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხება «ს-ს» ბალანსზე და მისი პრივატიზება არ მომხდარა. ამდენად, შპს-ს დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა აუცილებელია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 მარტის განჩინებით მითითებული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ სათანადო საკუთრების მოწმობის თანახმად, სადავო 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი ეკუთვნით მოსარჩელეებს. აღნიშნულ ფართში შედის 0,06 ჰა, რომელზეც ელექტროქვესადგურია აშენებული. პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილ ცნობებზე, რომელთა შესაბამისად, ქვესადგურის აგების დღიდან 0,75 ჰა მიწის გადასახადს იხდიდა ლ.ა-იანი და მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასაბუთა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოცემულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ შპს-ის უფლებებსა და მოვალეობებზე.

სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე შპს «ს. ე-ის» წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და შპს «ს--2000-ის» დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სსკ-ის 90-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს ზემოხსენებული წერილი საკმაო საფუძველს წარმოადგენს, რომ შპს «ს- 2000-ს» მიეცეს შესაძლებლობა, ამავე კოდექსის 91-ე მუხლის შესაბამისად, გამოთქვას თავისი მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

კოლეგიის 2005წ. 22 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს პასუხი არ წარმოადგენდა საკმაო საფუძველს «ს- 2000-ის» საქმეში მესამე პირად ჩართვისათვის. ასევე მიეთითა, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა შემდგომში მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-იანის, ლიანა ა-იანისა და მ. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს სს „გ. ე-ას“, ამავე საზოგადოების ქუთაისის ფილიალს, შპს „ს. ე-ასა“ და შპს ს. ე-ის იმერეთის რეგიონს“ მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 64270 ლარის, 160 000 ევროს ეკვივალენტი ლარის, ასევე სოლიდარულად მორალური ზიანის _ 130 000 ლარის მოსარჩელეთა სასარგებლოდ გადახდა, ხოლო ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კოლეგიის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ საფუძვლებს: საქმეში მოპასუხეებად დასახელებული შპს „ს. ე-ა“ და იმერეთის რეგიონი, ასევე სს „გ. ე-ა“ და ქუთაისის, იგივე დასავლეთ საქართველოს, ფილიალი სათანადო მოპასუხეები არიან, ვინაიდან სოფ. ... სადავო ელექტროქვესადგური და ამავე სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზები იმყოფება შპს „ს. ე-ის“ და მისი ფილიალის ბალანსზე, ხოლო აღნიშნული ელექტროქვესადგურიდან გამომავალი 10 და 6 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი იმყოფება სს „გ. ე-ისა“ და მისი ფილიალის ბალანსზე. მოსარჩელე თანხის ანაზღაურებას მოითხოვს სწორედ ზემოხსენებული ელექტროქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.მ-ძის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტებით _ 1998წ. ნოემბრის, 2000წ. 3 აპრილის, 2002წ. 3 ივნისისა და 2004წ. 20 თებერვლის ცნობებითა და სხვა მტკიცებულებებით. ადგილზე დათვალიერებითა და სხვა დოკუმენტებით სასამართლომ ასევე დადასტურებულად ჩათვალა სოფ. ... მდებარე ა-იანების ნაკვეთში არსებული ვენახისა და ხეხილის დაზიანების, ნიადაგის ეროზიის ფაქტები. პალატის მითითებით, უტყუარადაა დადასტურებული მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ბრალეული უმოქმედობის არსებობის ფაქტიც, კერძოდ, სოფ. ... ელექტროქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზები ა-იანების საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ყოველგვარი ნებართვის, სათანადო პროექტის, მიწის გამოყოფის შესახებ აღმასკომის გადაწყვეტილების გარეშეა დამონტაჟებული. ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობდა როგორც 1964 წელს, ასევე 1989 წელს. შენობა არ არის რეგისტრირებული წყალტუბოს რაიონის ტექბიუროში, არ არსებობს ნაგებობის სანიტარული პასპორტი, არ გააჩნია ცალკე მისასვლელი გზა და, ამასთან, აშკარად დარღვეულია ნაგებობის ტექნიკური პარამეტრები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო დარღვევების აღკვეთა ევალებოდათ მოპასუხეებს, რომლებიც უხეში გაუფრთხილებელი უმოქმედობით განაპირობებენ თავიანთი ბრალის არსებობას. მ.მ-ძე დაიბადა და სწავლობდა სოფ. .... ლეიკემით დაავადებამდე, 1998წ. ივნისამდე, ელექტროტრანსფორმატორისა და იქ გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრული ველის უშუალო ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა კი მისი მშობლებისა და ბებია-ბაბუისათვის ცნობილი არ იყო. ექსპერტიზის დასკვნით, ობიექტზე არ არის შესაბამისი ინფორმაციული და გამაფრთხილებელი წარწერები, ხოლო ის უსაფრთხოების წესების ინსტრუქტაჟი, რაც უტარდებოდათ ო. და ლ. ა-იანებს, როგორც ქვესადგურის მომსახურე პერსონალს, არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამასთან, ისინი არ იყვნენ კომპეტენტურები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის საკითხებში, ვინაიდან არც ერთს არ ჰქონდა შესაბამისი განათლება და სპეციალობა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ინსტიტუტში მავნე ველების განყოფილების მეცნიერ მუშაკთა მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე, რომლითაც ... ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ვიზუალური დათვალიერების შედეგად დარღვეული აღმოჩნდა მოქმედი „სანიტარული ნორმებითა და წესებით“ გათვალისწინებული ნორმატივები, რაც დადასტურდა სასამართლოს მიერ ადგილის დათვალიერებითა და სპეციალისტების მიერ გეოდეზური აზომვებით. დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები: არ გამოირიცხება, რომ მაქსიმალური ჯამური დატვირთვის დროს და «პიკის საათზე» ძაბვის მოხმარებისელექტრული ველის დაძაბულობა გაიზრდება, ანძებზე არ არის ინფორმაციული და გამაფრთხილებელი წარწერები, რითაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, შესაძლებელია 35 კვტ-იანი ძაბვის საჰაერო ხაზების ელექტრული ველის მავნე ზემოქმედება ადამიანზე აისახოს და მიუთითა, რომ პრაქტიკაში ცნობილია ასეთი დარღვევების შედეგად ელექტროდაძაბულობის ველის ზემოქმედებით მოსახლეობაში ლეიკემიის შემთხვევები. ექსპერტების, გ.ა-ძისა და ო.ქ-შვილის განმარტებებით მართალია, ელექტრომაგნიტური ველი გაზომვისას აღმოჩნდა ნორმების ფარგლებში, მაგრამ „პიკის“ საათებში დატვირთვა და შესაბამისად ელექტრომაგნიტური ველიც მოიმატებს. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ელექტროქვესადგური რამდენიმეწ. წინ იკვებებოდა ამავე სიმძლავრის 35 კვტ-იანი ძაბვის დამატებითი წყაროს საშუალებით, აღნიშნული დასტურდება ადგილზე დარჩენილი სამი ელექტროგადამცემი საყრდენით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობა მაშინ კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. ასეთ ველში ყოფნა კი, ზემოხსენებული ინსტრუქციის მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელია. პალატის მითითებით, სათანადო ხელსაწყოს არქონის გამო საყრდენზე გადამცემი ხაზების დამაგრების სიმაღლეების შესახებ გეოდეზიური მონაცემების ზუსტი გაზომვა ექსპერტებმა ვერ შეძლეს, თუმცა ვიზუალური დაკვირვებითაც დარღვევების არსებობა აშკარაა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2003წ. 24 დეკემბერის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე სპეციალისტებმა უ.კ-ავამ და ლ.ჭ-შვილმა ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე ჩაატარეს გეოდეზიური აზომვები სერთიფიცირებული ხელსაწყოს „თეოდოლიტის“ მეშვეობით. გაზომვების შედეგად აღმოჩნდა სანიტარული ნორმების აშკარა დარღვევები, ასევე ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საშიში ვითარება. ელექტრული ველის დაძაბულობის ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედების, სიმსივნური დაავადებების, მათ შორის, ლეიკემიის გამოწვევის, თუ სხვა მავნე შედეგების დადგომის შესახებ მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ინტერნეტიდან ამოკრებილი სათანადო მასალები, ასევე, ლ. და ო. ა-იანის გარდაცვალების ცნობები, რომლებიც ადასტურებენ კიბოს დიაგნოზით მათ გარდაცვალებას. სასამართლომ დაადგინა, რომ 35/10_კვ-იანი ქვესადგურის და მისი სადენების ელექტრული ველის დაძაბულობა იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და მათ შორის ლეიკემიას. სასამართლოს მოსაზრებით, მ.მ-ძე ცხოვრობდა რა აღნიშნული ველის ზემოქმედების ქვეშ, დაავადება დაბადებიდან თანდაყოლილი არ ჰქონია, იგი შემდგომში შეძენილია, ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი რაიმე სხვა რისკის ფაქტორი მის ცხოვრებაში არ შეინიშნება, ლეიკემია განუვითარდა ელექტრული ველის დაძაბულობის ზემოქმედების შედეგად. ამასთან, „სანიტარული წესებისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების» თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ 35/10 კვტ-იანი ელექტროველის ირგვლივ გათვალისწინებული უნდა იქნეს 15 მეტრიანი დამცავი ზონა, რომელშიც ნარგავების არსებობა დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ზუსტი ნორმების დაცვით, რაც მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებული არ ყოფილა, ვინაიდან ა-იანის ოჯახი სათანადოდ არ გაფრთხილებულა. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა ვენახისა და ნარგავების გახმობა, რაც ასევე მიუთითებს ზემოხსენებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობაზე. საქმეში წარმოდგენილი ... თემის საკრებულოს თავმჯდომარის წერილის, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹38 აქტის, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და სხვა მტკიცებულებებზე მითითებით სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეთა მტკიცება, თითქოს სადავო ელექტროქვესადგურის ელექტროგადამცემი ხაზები არ გადის ა-იანების ეზოში. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტი, თითქოს სანიტარული პასპორტის ქონა არ წარმოადგენს აუცილებლობას და მიუთითა, რომ ... ქვესადგური საერთოდ არ არის რეგისტრირებული წყალტუბოს რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროში. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება, რომ მაღალი ძაბვის ელექტროხელსაწყო ჯანმრთელობისათვის სახიფათოა მხოლოდ 220 კვ-ზე, ვინაიდან ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „სანიტარული ნორმებისა და წესების“ ნორმატივების დარღვევის პირობებში, 35 კვტ-იანი ძაბვის ელექტროდანადგარებიც ასევე სახიფათოა ჯანმრთელობისათვის. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეთა მითითება, რომ მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მოსალოდნელია ძაბვისა და, შესაბამისად, ელექტრული ველის დაძაბულობის შემცირება, ვინაიდან დატვირთვის რეჟიმში მოხდება დენისა და ელექტრომაგნიტური ველის დაძაბულობის გაზრდა. სადავო ელექტროქვესადგური წარმოადგენს სკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ ნაგებობას, რომელშიც მოწოდებულმა და წარმოქმნილმა ენერგიამ ზიანი მიაყენა მოსარჩელეთა ინტერესებს. ამავე კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დასაბუთებულია, რადგან გერმანიის ქ.ჰამბურგის კლინიკის ჰემატოლოგიის განყოფილების მიერ გაცემული ცნობით, მ.მ-ძის მკურნალობის ერთი კურსის ღირებულება შეადგენდა სავარაუდოდ 16000 ევროს, ვინაიდან მწვავე ლეიკემია ამჟამად ითვლება განუკურნებელ დაავადებად, მთელი სიცოცხლის მანძილზე მ.მ-ძემ შეიძლება ჩაიტაროს მინიმუმ 10 კურსი, რაც დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 160 000 ევროს. პალატამ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ საავადმყოფოს ცნობაზე მ.მ-ძისათვის ჩატარებული მკურნალობის 2600 ლარის ოდენობით ხარჯების შესახებ. ასევე დაადგინა, რომ საბაზრო ფასების მიხედვით, მოსარჩელეს ერთი წლის მანძილზე ნარგავების დაზიანებითა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიუღებლობით მიადგა 8810 ლარის ოდენობით ზიანი. სკ-ის 1008-ე მუხლის გათვალისწინებით, ზარალი დაანგარიშდა 1999 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რაც შეადგენს 61670 ლარს, მატერიალური ზიანი შეადგენს სულ _ 64279 ლარს. მორალური ზიანის სახით სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა 130000 ლარი, ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

სასამართლო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: შპს «ს. ე-ის» წარმომადგენლის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს საქმის მასალებში წარმოდგენილი მ.მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მ.მ-ძის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი სადავო არ არის, ვინაიდან აღნიშნული მასალებით ირკვევა მხოლოდ მ.მ-ძის ავადმყოფობის ფაქტი, ხოლო ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზის შესახებ არ მიუთითებს. ... ქვესადგური და ელექტროგადამცემი ხაზები აშენდა სამშენებლო წესების სრული დაცვით, თავად მოსარჩელეებს ხსენებულ საკითხზე რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო ნაგებობაა აღმართული ეკუთვნის არა მოსარჩელეებს, არამედ ირიცხება «ს-ს» ბალანსზე, რაც დასტურდება წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს 2004წ. 4 თებერვლის პასუხით. ელექტრული ველის დასხივების ხაზში მოსარჩელის ხეხილისა და მიწის ნაკვეთის დაზიანების შესახებ სასამართლოს დასკვნა ემყარება მხოლოდ ადგილზე დათვალიერების ოქმს, რის საფუძველზე მიწის ეროზიის დადგენა შეუძლებელია. დასხივების ხაზის ქვეშ ხანდაზმულობისა და მოუვლელობის გამო მოსარჩელეების ხეხილიდან გახმა ერთი კაკლის ხე, რაც არ ნიშნავს მთლიანად ხეხილის გადახმობას. ლ.ა-იანი და მისი მშობლები იყვნენ ქვესადგური «...» თანამშრომლები და პერსონალთან მუშაობის წესების თანახმად, დადგენილ ვადებში უმოწმდებოდათ ტექნიკური ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების ცოდნის დონე, ამდენად, დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთით სარგებლობისას ამ ზონაში მუშაობისა და ყოფნის წესები მათთვის ცნობილი იყო. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება 1998წ. შემდგომ მ.მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო 1998წ. 21 ნოემბრის ცნობაში აღნიშნულია, რომ მკურნალობა გრძელდებოდა კიდევ ერთი წლით. «1000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ელექტრული ქსელების დაცვის წესების» მე-5 პუნქტის მიხედვით, ნებადართულია გადამცემი საჰაერო ხაზების სანიტარული დაცვის ზონა გამოყენებულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანისათვის. ელექტროგადამცემი ხაზები ბევრ ადგილას კვეთავენ დასახლებულ პუნქტს, თუმცა მოსახლეობის ამ ნაწილში რაიმე დაავადებების გავრცელება არ დაფიქსირებულა, აგრეთვე არ დაავადებულან არც თავად ქვესადგურში მომუშავე პირები. ლ.ა-იანის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს არა დაცვის ზონაში, არამედ მის გარეთ, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზი და ქვესადგური მდებარეობს მოსარჩელის ნაკვეთის ღობიდან 18 მეტრის დაშორებით. კასატორის მითითებით, ზემოხსენებული წესების მე-2 და მე-5 პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის მიყენების მოსალოდნელ საშიშროებაში, როგორც თავად მოსარჩელე მხარეც აღნიშნავს, იგულისხმება არა ელექტრული ველის დაძაბულობით გამოწვეული დაზიანება, არამედ ელექტრული ძაბვით ანუ დენის დარტყმით მიღებული დაზიანება და არა ლეიკემია. სასამართლო არასწორად დაეყრდნო ე.შ-ის, დ.ჯ-სა და ლ.ო-ის განმარტებას, რომ ქვესადგურის ღობიდან ნაკვეთის ღობემდე 1 მეტრია, რეალურად ეს მანძილი შეადგენს 18 მეტრს. სასამართლო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაეყრდნო ინტერნეტიდან ამოკრებილ მასალებს და სათანადო შეფასების გარეშე ჩათვალა უტყუარ მტკიცებულებად. საქმეში წარმოდგენილი არ არის ელექტროდანადგარების უსაფრთხოების ტექნიკის წესებით გათვალისწინებული ველის დაძაბულობის გაზომვისას შედგენილი სათანადო ოქმი. კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ ძაბვის მოხმარების ე.წ. პიკის საათში დაძაბულობა გაიზრდება და შესაძლოა ელექტრული ველის ზემოქმედება აისახოს ადამიანზე, ვინაიდან მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში ქსელებში ძაბვის ვარდნის გამო ხაზში მოსალოდნელია მუშა ძაბვის შემცირება და არა გაზრდა. ამ კუთხით ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები არ შეესაბამება არც ერთ ტექნიკურ ლიტერატურაში აღნიშნულ მონაცემებს. სასამართლომ არასწორად განმარტა სასამართლო სხდომაზე ექსპერტთა ვარაუდი, რომ შესაძლებელია მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების ელექტრული ველის მავნე ზემოქმედება ადამიანზე მაშინ, როცა ადამიანზე ზეგავლენის გამომწვევი ელექტრული დაძაბულობა განსახილველ ქვესადგურთან და ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებით სრულყოფილად შემოწმებული არ არის. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, თითქოს 1987-88 წლებში ქვესადგურის ადგილის მონაცვლებისას იგი აღმოჩნდა მოსარჩელეთა საკარმიდამო ნაკვეთზე. მხარემ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად, 1989 წელს «ქ-ის» მიერ განხორციელდა ქვესადგურის რეკონსტრუქცია და იგი გადაეცა ქუთაისის საქსელო საწარმოს ბალანსზე. ამდენად, მოხდა არა ქვესადგურისათვის ადგილის შეცვლა, არამედ მისი რეკონსტრუქცია. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, აღნიშნულზე სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე დაზუსტებული სარჩელით მასზე უარი თქვა და ხსენებული მოთხოვნა ხელმეორედ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წამოაყენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებული მოპასუხის თანხმობა არ არსებობს. მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მსჯელობის შემთხვევაშიც აღნიშნული მოთხოვნა მიჩნეულ უნდა იქნეს უსაფუძვლოდ, ვინაიდან მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები უთითებდნენ სკ-ის 408-415-ე მუხლებს, რაც საკმარისი არ არის. დაუშვებელია ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზეზობრივ კავშირზე მსჯელობა, როდესაც სავარაუდოდ ზიანის მიმყენებელი ელექტრული ველის დაძაბულობის არსებობა სათანადო წესით დადგენილი არ ყოფილა. სადავო შენობის სანიტარულ პასპორტთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ ასეთი პასპორტის ქონა არ იყო აუცილებელი. მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლო სხდომაზე წარმოადგენდა მათი წარმომადგენელი ლ.ო-ძე, რომელსაც სათანადო უფლებამოსილება არ გააჩნდა. მ.მ-ძის დაავადებასთან დაკავშირებით განმარტებას იძლეოდა ლ.ა-იანი, რომელსაც მ.მ-ძის ინტერესების დაცვის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულება არ გააჩნდა. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ლ. ა-იანის განმარტება, რომ სადავო ქვესადგურის მავნე ზეგავლენა მ.მ-ის დაავადების ერთ-ერთ და არა ერთადერთ მიზეზს წარმოადგენდა. სასამართლოს უნდა გამოერკვია რა მიზეზებს შეეძლო გამოეწვია დაავადება და შემდეგ განესაზღვრა მასზე თითოეული მიზეზის პროცენტული გავლენა. მხარის მოსაზრებით, აღნიშნული სასამართლოს კომპეტენციას აღემატება, რის გამოც უნდა დანიშნულიყო შესაბამისი ექსპერტიზა. მოსარჩელეებს მ.მ-ძის დაავადების გამომწვევი მიზეზის დამადასტურებელი არანარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. კასატორის განმარტებით, 2005წ. 13 აპრილის სასამართლო სხდომაზე მ.მ-ძისა და ლ. ა-იანის არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლ.ო-ემ და ლ. ა-იანმა მიუთითეს, რომ მათ სასამართლოში არ წარუდგენიათ მ.მ-ძის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობით შემოსავალს იღებდნენ ვენახიდან და სხვა ხეხილიდან, თუმცა მოპასუხის მიერ საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმეში წარდგენილ იქნა 2005წ. 22 აპრილის გერმანულენოვანი ქართულად ნათარგმნი დოკუმენტი, სადაც მ.მ-ძის მკურნალობის ერთწლიანი კურსის სავარაუდო ღირებულებად მითეთითა 16000 ევრო, ასევე, «მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს» 2005წ. 28 აპრილის ცნობა. საქმეში აღმოჩნდა დაზიანებულ პროდუქტთა ჩამონათვალიც, რომელიც, კასატორის განმარტებით, არამარტო სადავო, არამედ ა-იანების მთელი მიწის ნაკვეთის მიმართებაშიც აშკარად შეუსაბამოდ მეტი იყო. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ამ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე საერთოდ არ უმსჯელია და არ გადაუცია ისინი მოპასუხეებისათვის. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 205-ე და 215-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო მტკიცებულებები სასამართლოს არ უნდა მიეღო, ვინაიდან ისინი წარდგენილ იქნა საქმის მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა ელექტრული ველის დაძაბულობით გამოწვეულ ზემოქმედებაზე, ხოლო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ტექნიკური უსაფრთხოებისა და დადგენილი პარამეტრების დარღვევებს, რაც რეალობას მოკლებულია. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის შუამდგომლობა, რომლითაც იგი მოითხოვდა ელექტრული ველის დაძაბულობის დონის დადგენას, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს 2002წ. 5 დეკემბრის ¹01-33/854 წერილობითი პასუხი ქუთაისის საქსელო საწარმოსადმი, რომლის თანახმად, შესწავლილ იქნა ქუთაისის საქსელო საწარმოს ბალანსზე რიცხული 220/110/35 კვტ ელექტროგადამცემი ხაზების მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ გარემოს დაცვის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათი ექსპლუატაცია შესაძლებელია. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ საბუთდება, თუ რა საფუძვლით დაეკისრათ მოპასუხეებს მ.მ-ძისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მკურნალობის ათი კურსის ჩატარება, რატომ უნდა აუნაზღაურდეს ლ. ა-იანს ნიადაგის ეროზიისა და ხეხილის გახმობით გამოწვეული ზიანი 1999 წლიდან და არა უფრო წინა პერიოდიდან. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 412-143-ე მუხლები, 992-ე, 998-ე და მე-1000 მუხლები და დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

სს «საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის» წარმომადგენელთა მოსაზრებით, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 35/10 ელექტროქვესადგური იმყოფება შპს «ს. ე-ის» ბალანსზე, ამდენად, სს «გ. ე-ა» მოცემულ დავაში არასათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა, რის შესახებ მხარემ სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, თუმცა აღნიშნული კოლეგიის მიერ გაზიარებული არ ყოფილა. სასამართლო კოლეგიამ დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ სოფ. ... მდებარე 35/10 კვტ-იანი ელექტროქვესადგური და ელექტროგადამცემი ხაზები ა-იანების ეზოში დამონტაჟდა სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე, ამასთან, არ არსებობს ნაგებობის სანიტარული პასპორტი, თუმცა კოლეგიას არ მიუთითებია, ამ დარღვევას თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ლეიკემიის დაავადების გამოწვევასთან. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ქვესადგურიდან 2 მეტრის დაშორებით დაყოვნების დრო 50 წუთია, თუმცა კოლეგიამ არ გამოიკვლია, დაყოვნდა თუ დასაშვებ დროზე მეტ ხანს ან საერთოდ ნამყოფი იყო თუ არა არასრულწლოვანი მ. მ-ძე აკრძალულ ზონაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მ.მ-ძე ცხოვრობს ქ.ქუთაისში და არა სოფ. .... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი აკრძალულ ზონაში მხოლოდ დასაშვებ დროზე მეტი ხნით დაყოვნებამ შეიძლება მოახდინოს მავნე ზემოქმედება ადამიანზე, თუმცა კონკრეტულად რა სახის ზემოქმედება იგულისხმება, მითითებული არ ყოფილა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლში გაზომვების ჩატარებისას ელექტროველის დაძაბულობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა, ხოლო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ამ გარემოებას და მიუთითა, რომ ე.წ. პიკის საათისას დაძაბულობა მოიმატებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით კოლეგიამ არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული ენერგოდეფიციტი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება გაზომვების თავად ქვესადგურის ტერიტორიაზე ჩატარების აუცილებლობის შესახებ, ვინაიდან მ.მიქუტაძეს აკრძალულ ზონასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. სასამართლოს არ დაუდგენია, თუ კონკრეტულად რა დარღვევამ გამოიწვია ლეიკემია. ლეიკემიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სასამართლო არასწორად დაეყრდნო ინტერნეტის საშუალებით მოპოვებულ მასალებს, ვინაიდან ამ მონაცემთა შემოწმების არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს და მათთვის მტკიცებულების ძალის მინიჭება დაუშვებელია. საქმეში წარდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ. მ-ძის დაავადება გამოწვეულია სადავო ქვესადგურისა და მისი სადენების ელექტრული ველის დაძაბულობით, ხოლო ისეთი ტექნიკური პარამეტრების უმნიშვნელო დარღვევა, როგორიცაა მშენებლობის ნებართვის, ნაგებობის პროექტისა და ტექნიკური პასპორტის არარსებობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოპასუხეების მხრიდან იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ნიადაგის ეროზიისა და ხეხილის განადგურების შესახებ მსჯელობისას უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, თითქოს მოცემულ შემთხვევაში დაირღვა დასაშვები 15 _ მეტრიანი დამცავი ზონა. კოლეგიამ არ გაითვალისწინა, რომ ეს ზონა განკუთვნილია სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისათვის. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რადგან ეყრდნობა ნორმატიულ აქტს, რომელსაც «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 53-ე მუხლის თანახმად, იურიდიული ძალა არ გააჩნია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს 2003წ. 30 ივლისის ¹32-ში გამოქვეყნდა საქართველოში 2003წ. 30 ივნისის მდგომარეობით მოქმედი ნორმატიული აქტების რეესტრი, რომელშიც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული «უსაფრთხოების ტექნიკური წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას», ასევე «სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ» ინსტრუქცია და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის 2003წ. 20 ივნისის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სხვა ნორმატიული აქტებირეგისტრირებული არ არის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს „გ. ე-ისა“ და შპს „ს. ე-ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შპს „ს. ე-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 მარტის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები კანონის მოთხოვნათა დაცვით არ არის დადგენილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საოლქო სასამართლოს კოლეგია არაერთხელ უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც მ.მ-ძის ჯანმრთელობისათვის, ნიადაგის ეროზიისა და ნარგავებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმ მითითებით, რომ სასამართლოს, ზიანის ანაზღაურების მართებულად დაკისრების მიზნით, უნდა დაედგინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების ამ პირობის არსებობა ფაქტობრივად და იურიდიულად დასაბუთებული არ არის.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ არასრულწლოვანი მ. მ-ძე დაიბადა და სწავლობდა სოფ. .... ლეიკემიით დაავადებამდე, 1998წ. ივნისამდე მას უხდებოდა ყოფნა სადავო ნაგებობიდან გამომდინარე ელექტრული ველის უშუალო ზემოქმედების არეალში. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადგენად. ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას, აკრძალულ ზონაში მხოლოდ დასაშვებ დროზე მეტი ხნით დაყოვნებამ შეიძლება მოახდინოს მავნე ზემოქმედება ადამიანზე. საქმის მასალებით მ.მ-ძე ცხოვრობს ქ.ქუთაისში და არა სოფ. .... «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 16 წლამდე ასაკის პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითება ზემოაღნიშნული კანონისა და სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა, რომ მ.მ-ძე ამჟამად ან დაავადებამდე ცხოვრობდა სადავო ნაგებობის სიახლოვეს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ უდავოდ დადგენილია კავშირი მოსარჩელეთა მიმართ დამდგარ ზიანსა და მოპასუხეთა უხეშ გაუფრთხილებელ უმოქმედობას შორის, მ.მ-ძის დაავადება, ასევე ნიადაგის ეროზია და ნარგავების დაზიანებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიუღებლობით გამოწვეული ზიანი მომდინარეობს სოფ. ას ელექტროქვესადგურიდან გამომავალი ელექტომაგნიტური ველის ზემოქმედებით. სასამართლო ამ დასკვნას ამყარებს ამავე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის ექსპერტების 2003წ. 20 ივნისის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე.აღნიშნული დასკვნით ელექტრული ველის დაძაბულობისა და გავლენის ზონის განსაზღვრის მიზნით ჩატარდა რა გაზომვები ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე, ექსპერტებმა, გამოსაკვლევი საკითხების ფარგლებში იმსჯელეს ტექნიკური უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის საკითხებზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ... ელექტროქვესადგურის ექსპლუატაცია სანიტარულ მოთხოვნათა დარღვევით; ტერიტორიაზე ვიზუალური გაზომვების შედეგად აშკარად დარღვეულია ნაგებობის ტექნიკური პარამეტრები და მოქმედი ნორმატივები, რაც ასევე დადასტურდა სასამართლოს მიერ ადგილის დათვალიერებით და სპეციალისტების მიერ გეოდეზიური აზომვებით. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს ამავე დასკვნითვე დადასტურებულ იმ გარემოებაზეც, რომ ელექტრული ველის დაძაბულობის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება ამ სახის საექსპერტო გამოკვლევით და ამ სპეციალისტების მიერ ვერ დადგინდება, ვინაიდან ასეთი მათ კომპეტენციაში არ შედის. ექსპერტიზის დასკვნით, მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ 35/10 კვტ. ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, აუცილებელია ნორმატიული დოკუმენტაციის დაცვა და აღნიშნულის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ადამიანზე. ამავე გამოკვლევით, ქვესადგურიდან ერთი მეტრის მანძილზე ხანგრძლივი დროით ყოფნამ შეიძლება მავნედ იმოქმედოს ადამიანზე; შესაძლოა მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზების ელექტრული ველის მავნე ზემოქმედება ადამიანზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტები გამოთქვამენ რა ვარაუდს ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობაზე, იგი არ არის უტყუარი მტკიცება ელექტრული ველის მავნე ზემოქმედების შედეგად მ. მ-ძის დაავადების დასადგენად.

ამდენად, ვინაიდან ელექტრული ველის დაძაბულობის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება ზოგადად და კონკრეტულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს, აღნიშნულის დასადგენად გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ ამ საკითხებთან მიმართებით სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და კვალიფიციური პირების დასკვნა.

საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს კონტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებზე დაფუძნებული საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფილია ადამიანის უფლების დაცვა, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში. ამ საკითხების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს სანიტარული კოდექსი, საქართველოს კანონი «გარემოს დაცვის შესახებ» და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტები), ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფიზიკური ფაქტორების, მათ შორის ელექტრომაგნიტური გამოსხივების წარმოქმნასთან, ეკისრებათ რიგი ვალდებულებები, რომელთა დაუცველობა სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას წარმოშობს. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის თანაბრად არის განაწილებული და მას უმეტესწილად განსაზღვრავს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები, რომლებიც კონკრეტული სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად გამოიყენება. სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტის დროს ზემოხსენებულის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი ანუ სასამართლომ მ.მ-ძის სადავო ტერიტორიაზე ცხოვრების, სათანადო მტკიცებულებით ელექტრული ველის დაძაბულობის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებისა და ელექტროქვესადგურში კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაუცველობის დადგენის შემდეგ უნდა განსაზღვროს საკითხი, თუ რომელი მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ელექტროველის ზემოქმედების შედეგად მ. მ-ძის დაავადების გამოწვევა.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა ნარგავების დაზიანებისა და ნიადაგის ეროზიის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიუღებლობით გამოწვეული ზიანის, აგრეთვე, მ.მ-ძის მკურნალობის კურსის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. ელექტრული ველის დასხივების ხაზში მოსარჩელის ხეხილისა და მიწის ნაკვეთის დაზიანების შესახებ სასამართლოს დასკვნა ემყარება მხოლოდ ადგილზე დათვალიერების ოქმს, რის გამოც მიწის ეროზია და ნარგავების დაზიანება უტყუარად და სრულად გამოკვლეული არ არის. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება მ.მ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკის შესახებ. სასამართლო არ ასაბუთებს, რატომ უნდა განისაზღვროს მ.მ-ძისათვის მკურნალობის ათი კურსი და არა მეტი ან ნაკლები. ასევე დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხში.

სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, ზიანზე პასუხისმგებლობის დაკისრებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს ზიანის არსებობა, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი (თუკი კანონი სხვა რაიმე გამონაკლისს არ ადგენს) და მიზეზობრივი კავშირიმართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

რაც შეეხება შპს „ს. ე-ის“ კერძო საჩივარს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საჩივრით შპს «ს. ე-ის» წარმომადგენელი მოითხოვს რა საქმეში შპს «ს--2000-ის» დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებსწყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს წერილზე, რომლითაც ... ქვესადგურზე დამაგრებული 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი ირიცხება «ს-ს» ბალანსზე და მისი პრივატიზება არ მომხდარა.

საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს საოლქო სასამართლოს დასკვნას, რომ წყალტუბოს მიწის მართვის სამმართველოს პასუხი არ წარმოადგენს საკმაო საფუძველს «ს- 2000-ის» საქმეში მესამე პირად ჩართვისათვის. სასამართლოს ეს მოსაზრება გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სათანადო საკუთრების მოწმობით, რომლის ძალითაც სადავო 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეებს და აღნიშნულ ფართში შედის 0,06 ჰა, რომელზეც ელექტროქვესადგურია განთავსებული. ამდენად, შპს „ს. ე-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე და 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „გ. ე-ისა“ და შპს „ს. ე-ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

შპს „ს. ე-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.