დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ა-321-ბ-29-06 23 თებერვალი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ბ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა - ლ. ბ-ძე ცნობილ იქნა ა- ფ-შვილის მემკვიდრედ და ქ. თბილისში, ... ¹34-ში, ¹4 კორპუსის ბინა ¹42-ის მესაკუთრედ. ნანული დ-ური და მასთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან.
უ. დ-შვილმა არაერთი განცხადება შეიტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
პირველი განცხადების საფუძვლად მან მიუთითა, რომ მოსამართლეები დაინტერესდნენ საქმის შედეგით და ვალდებულები იყვნენ, განეცხადებინათ თვითაცილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 მაისის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
უ. დ-შვილმა ისევ მიმართა განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა წარმოადგინა ნ. დ-ურის მეზობლების წერილობითი განმარტება, რომლის მიხედვით ანდერძი ყალბია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 24 ნოემბრის განჩინებით უ. დ-შვილის განცხადება კვლავ არ დაკმაყოფილდა.
2006წ. 13 თებერვალს უ. დ-შვილმა კვლავ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება წინა განცხადებებში მითითებული საფუძვლებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა უ. დ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და თვლის, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო:
დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ არაერთხელ იმსჯელა უ. დ-შვილის განცხადებებზე და მის მიერ მითითებული არგუმენტები არ გაიზიარა. უ. დ-შვილმა 2006წ. 13 თებერვალს განცხადებით კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსკ-ის 429-ე მუხლის მიხედვით სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამავე კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს თუ იგივე სარჩელი ადრე იყო აღძრული და მის მიმართ გამოტანილია გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არაერთხელ იქნა განხილული უზენაესი სასამართლოს მიერ, რომელიც ანალოგიური იყო წინა განცხადებების, რაზედაც მხარეს გაეცა დასაბუთებული პასუხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე მოთხოვნები იმავე საფუძველზე, რაზედაც სასამართლოს უკვენამსჯელი აქვს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებების სამოტივაციო ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უ. დ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.