დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.09.2006
საქმის ნომერი
2კ-9-I-06
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹9I 18 სექტემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე

მონაწილეობით განიხილა ზ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 ივლისის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა --- განიხილა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან წარმოდგენილი შუამდგომლობა და თანდართული მასალები ძებნილ ზ. გ-ას გადაცემასთან დაკავშირებით და მოტივირებული დადგენილებით დააკმაყოფილა შუამდგომლობის მოთხოვნა ზ. გ-ას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ.

ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, ქ. სოჩის შს სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმადაც, ზ. გ-ვა იმხილება დანაშაულთა ერთობლიობით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გამოძალვის, ყაჩაღობისა და დოკუმენტების, შტამპების, ბეჭდების ან აქციზური მარკების შესაბამისი სპეციალური მარკების ან ნიშნების დაზიანება-გატაცებისათვის.

აღნიშნულ ქმედებათა ჩადენისათვის ზ. გ-ვა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ქ. სოჩის პროკურორის 2000წ. 17 ოქტომბერს გაცემულია სანქცია აღკვეთის ღონისძიების სახით მისი დაპატიმრების შესახებ, ასევე გამოცხადებულია ძებნა.

დადგენილება მოტივირებულია იმ გარემოებებზე მითითებით, რომ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე 162-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. აღნიშნულთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან ექსტრადიციის შესახებ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ» მინსკის 1993წ. 22 იანვრის კონვენციის მოთხოვნებს.

ზ. გ-ვა 2004წ. 4 აგვისტოს, როგორც ძებნილი, დაკავებულია საქართველოში და იგი მოთავსებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ¹-- საპყრობილეში.

ზ. გ-ამ, როგორც ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა, 2005წ. 18 იანვარს გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილება და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში ზ. გ-ას საჩივარი არ განხილულა, რადგან ქ. თბილისის ¹-- იზოლატორიდან მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს განცხადებით, რომლითაც აღიარა საქართველოში, კონკრეტულად, ქ. თბილისში, მეტროს სადგურ «---ის» მიმდებარე ტერიტორიაზე 1998წ. 14 იანვარს ჩადენილი დანაშაული. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საჩივრის განხილვა შეჩერდა ზ. გ-ას მიერ მითითებული ამ ფაქტების შემოწმების დასრულებამდე.

შემოწმების მასალებით ზ. გ-ას მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდა მოქ. მ. შ-ის ძარცვის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, წარმოება განახლდა და საბრალდებო დასკვნით საქმე არსებითი განხილვისათვის გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 5 დეკემბრის განაჩენით ზ. გ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ.რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოხსენებული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2006წ. 28 ივლისს განიხილა ზ. გ-ას საჩივარი საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 31 დეკემბრის _ ზ. გ-ას რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ _ დადგენილების გაუქმების თაობაზე და არ დააკმაყოფილა საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 ივლისის დადგენილებით საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 31 დეკემბრის _ ზ. გ-ას რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ _ დადგენილება დარჩა ძალაში.

ზ. გ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ხ-რი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს 2006წ. 28 ივლისის დადგენილების გაუქმებას.

პალატის სხდომაზე ზ. გ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა ზ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 ივლისის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ეთანხმება დადგენილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული ექსტრადიციის მასალებით არ დასტურდება ზ. გ-ას მოქალაქეობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005წ. 5 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია, რომ ზ. გ-ვა წარმოადგენს მოქალაქეობის არმქონე პირს, რასაც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე საკასაციო პალატა მიიჩნევენ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტად.

საქართველოს სსსკ-ის 258-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიცია ხდება ამავე კოდექსის 256-ე მუხლით დადგენილი წესით.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილება ზ. გ-ას ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 256-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული დადგენილება გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობისა და მინსკის 1993წ. 22 იანვრის კონვენციის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. საჩივარში მითითებული მოტივაცია იმის შესახებ, რომ ზ. გ-ას ექსტრადიცია არ შეიძლება, რადგან იგი ქართველია, ცხოვრობდა მშობლებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ედავებიან რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოები, არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მისი ბრალეულობის დადგენა აღნიშნულ დანაშაულში სცილდება პალატის უფლებამოსილებას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 ივლისის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 ივლისის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს გენერალური პროკურორის 2004წ. 31 დეკემბრის დადგენილება ზ. გ-ას რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.