დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.05.2007
საქმის ნომერი
2კ-946აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹946აპ ქ. თბილისი

1 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ნ. გ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,214-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული სიუველირო ნაკეთობის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 15 საათზე, ნ. გ-ლი აპირებდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. მან გაიარა საბაჟო საგუშაგო ---ის ე.წ. „---ის” საბაჟო კონტროლის ზონა, შეეცადა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გაეტანა 92 020 აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონის _ ოქროსაგან დამზადებული, ბრილიანტის თვლებით მოჭედილი საიუველირო ნაკეთობები, მაგრამ ნ. გ-ის განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რადგანაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე იგი შეაჩერეს საბაჟო საგუშაგოს თანამშრომლებმა.

აღნიშნული დანაშაულისათვის ნ. გ-ლს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს 63-65-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამავე განაჩენით ნ. გ-საგან ამოღებული და ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროსა და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული ნაკეთობები განაჩEნის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაბრუნებოდა მესაკუთრეს _ მ. ნ-ას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის --- პროკურორმა გ. კ-მა. მან ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, ნ. გ-სათვის სსკ-ის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ასევე _ დანაშაულის საგნის _ ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების ჩამორთმევა.

კერძო სააპელაციო საჩივრით ადვოკატმა ა. ც-ემ ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის დადგენილების გაუქმება, ნ. გ-ის გამართლება და ოქროს ნივთების მესაკუთრისათვის დაბრუნება.

მსჯავრდებულის ადვოკატმა ა. ც-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება, ასევე ოქროს სამკაულების მესაკუთრისათვის დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ნ. გ-ის მიმართ შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის რეჟიმისა და სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, ნ. გ-საგან ამოღებული ოქროსა და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული ნაკეთობების მესაკუთრე მ. ნ-სათვის დაბრუნების შესახებ;

საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნ. გ-ის მიმართ დამატებით სასჯელად გამოყენებულ იქნა მის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგნის _ ოქროს მეტალისაგან, ბრილიანტებითა და მწვანე თვლებით გაწყობილი საიუველირო ნაკეთობების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ც-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ნ. გ-ლს არანაირი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია, რომ საბაჟო საზღვარზე ნივთები დეკლარაციაში არ გაეტარებინა და არც შეიძლება ჰქონოდა, რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის 1995 წლის 31 იანვრის ¹-- ბრძანების თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ ნივთების გადატანის დროს რაიმე გადასახადი არ არის დაწესებული; ნ. გ-ლს საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ გადაჰქონდა აკრძალული ნივთები; სასამართლო გამოძიების დროს მოწმედ დაკითხული მებაჟე მ. ხ-ას ჩვენებით, 2005 წლის 13 ივლისს მას არც ერთი მოქალაქე არ გამოუკითხავს დეკლარაციის შევსების თაობაზე; მ. ხ-სა და გ. ჟ-ის ჩვენებით, მათ ნ. გ-სათვის არ განუმარტავთ მისი უფლებები, მხოლოდ ხელი მოუწერეს დოკუმენტებზე; საერთოდ არ შემდგარა ჩხრეკის ოქმი; საქმის მასალებით დადგენილია, რომ უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ნ. გ-ლს ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაში, არ არსებობს, ამიტომ სსსკ-ის 503-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დასდებოდა მხოლოდ ვარაუდი; სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა და დაუშვებელ მტკიცებულებად არ ცნო ძვირფასი ოქროს სამკაულების ამოღების ოქმი, როგორც კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება.

ადვოკატის განმარტებით, საქართველოს საბაჟო კანონის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო კონტროლის ზონაში პირადი გასინჯვა დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცვლელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, ასეთი გადაწყვეტილება კი საქმეში არ არსებობს; საქართველოს საბაჟო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, საქონლის დეკლარირება ხდება საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოდ კი ითვლება საბაჟოს მთელი ტერიტორია და კანონით იგი არ არის რაიმე ნაწილებად დაყოფილი; ნ. გ-ლი 2005 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა საქართველოს „---ის” საბაჟო ტერიტორიაზე და აპირებდა ნივთების დეკლარირებას, მაგრამ ყველა ჯიხური დაკეტილი იყო, რის გამოც იგი იდგა რიგში და ელოდებოდა.

ადვოკატი ა. ც-ძე საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო კანონის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოების თანამდებობის პირი ახორციელებს საბაჟო კონტროლს, რაც ითვალისწინებს ფიზიკური პირების ზეპირ გამოკითხვას დეკლარაციის შევსებაზე, ეს კი კონკრეტულ შემთხვევაში მებაჟეს არ განუხორციელებია და ეს აღიარა კიდეც სასამართლო გამოძიების დროს; 2005 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია საქართველოს კანონი „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ”; სასამართლომ ასევე უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოახდინა ძვირფასი ოქროს სამკაულების მესაკუთრე მ. ნ-სათვის ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა; მოსამართლეს საერთოდ არ განუხილავს კერძო სააპელაციო საჩივარი; ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნ. გ-ლს საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული და სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე სახის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა გამამტყუნებელ განაჩენს; მოსამართლემ არ გამოიყენა სსსკ-ის 324-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 510-512-ე მუხლები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა; ასევე უკანონოდ გამოიყენა სსკ-ის 41-ე და 52-ე მუხლები, არასწორი განმარტება და შეფასება მისცა საქართველოს საბაჟო კანონის 85-ე და 123-ე მუხლებს, ასევე _ სსსკ-ის 324-ე მუხლს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ა. ც-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განაჩენის გაუქმებას, ნ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას და საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროს სამკაულების მესაკუთრე მ. ნ-სათვის დაბრუნებას, რასაც ეთანხმება მსჯავრდებული ნ. გ-ლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ნ. გ-ლს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია და მისი მამხილებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ჯ. ა-ემ განმარტა, რომ ნ. გ-თან ერთად მიემგზავრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. ---ის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჯიხურები დაკეტილი იყო და ანიშნა ნ. გ-ლს, რომ უკან დაბრუნებულიყო, რადგან ,,მისი ნივთის დეკლარირება ვერ მოხერხდა". მესაზღვრემ ჯ. ა-ძე გაატარა, მაგრამ საზღვარზე გადასვლის შემდეგ მოაბრუნეს, რამაც დააეჭვა და ანიშნა ნ. გ-ლს, რომ დაბრუნებულიყო. ჯ. ა-ემ მხოლოდ საბაჟო პუნქტზე გაიგო, რომ მსჯავრდებულს სამკაულები გადაჰქონდა (ს.ფ. 145-148).

ანალოგიური ჩვენება მისცა ჯ. ა-ემ სააპელაციო სასამართლოში დაკითხვისას (ს.ფ. 259-260).

ამავე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,---ის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,---ის" ---მა მ. ხ-ამ განმარტა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ერთ-ერთი ქალბატონის მიერ საზღვარზე ძვირფასეულობის გადატანის შესახებ. მასთან ერთად მყოფმა თანამშრომლებმა დაინახეს, რომ ქალბატონი, რომელიც ნ. გ-ლი აღმოჩნდა, გასული იყო მ. ხ-ას სამოქმედო ზონიდან, დატოვებული ჰქონდა საბაჟო კონტროლის ადგილი და პასპორტის წარსადგენად იდგა მესაზღვრესთან. მოწმის განმარტებით, ნ. გ-ლს ნივთების დეკლარირება არ მოუთხოვია, თუმცა ვალდებული იყო, შეევსო დეკლარაცია და წარმოედგინა ძვირფასეულობა (ს.ფ. 257-258).

კასატორები აღნიშნავენ, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში პირადი გასინჯვა დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფროსის ან მისი შემცველი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით, რაც საქმეში არ არსებობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ნ. გ-საგან ნივთების ამოღება განხორციელდა ---ის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, გადაუდებელ შემთხვევაში ამოღების ჩეტარების შესახებ. ამ საგამოძიებო მოქმედების ოქმის შესაბამისად, ---ის საბაჟო საგუშაგოს შენობაში, დამსწრეთა მონაწილეობით ნ. გ-ლს მიეცა წინადადება, ნებაყოფლობით წარმოედგინა ოქროს ნაკეთობები, რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა. ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა. ოქმს ხელი მოაწერეს დამსწრეებმა და ნ. გ-აც (ს.ფ. 3-9).

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ნ. გ-საგან ამოღებული ოქროს ნაკეთობები წარმოადგენენ საიუველირო ნაწარმს და მათი საერთო ღირებულებაა 9 202 აშშ დოლარი (ს.ფ. 93-98) და არა 92 020 აშშ დოლარი, როგორც ეს არასწორადაა აღნიშნული საბრალდებო დასკვნასა და პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებში.

,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის -- აპრილის ბრძანებით, ძვირფასეულობა (ძვირფასი ლითონები, ქვები და ნაკეთობები) ექვემდებარება დეკლარირებას.

სააპელაციო პალატამ სწორად აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი საბაჟო კოდექსის 83-ე, 86-88-ე, 90-ე მუხლების შესაბამისად, საქონლით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონელი ექვემდებარება საბაჟო ორგანოში დეკლარირებას. ფიზიკური პირების მიერ ხელბარგითა და ბარგით საქონლის გადაადგილებისას საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქონელთან ერთად. საქონლის დეკლარირებისას დეკლარანტი ვალდებულია მოახდინოს საქონლის დეკლარირება და ხელი შეუწყოს საბაჟო ორგანოებს საბაჟო გაფორმებაში. ამასთან, საბაჟო დეკლარაციას იღებს საბაჟო ორგანო და ახდენს მის რეგისტრაციას, რა დროიდანაც იგი იქცევა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთად.

მსჯავრდებულს ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ განუხორციელებია.

ამდენად, საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ნ. გ-მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადატანის მცდელობა და მსჯავრდებულის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული. ამასთან, ნ. გ-სათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.

საკასაციო პალატა იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ჩამოართვა სამკაულები მესაკუთრეს, კერძოდ:

გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია, რომ ,,არ შეიძლება გაზიარებულ იქნას რაიონული სასამართლოს დაკვნები დანაშაულის საგნის მესაკუთრე მ. ნ-სათვის დაბრუნების შესახებ, სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 52-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე" (ს.ფ. 281-282).

პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანისას მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო წესის დარღვევისათვის სასჯელთან ერთად შეიძლებოდა გამოყენებულიყო სისხლის-სამართლებრივი იძულების ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევის სახით. მოცემულ შემთხვევაში, მიუთითა რა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 52-ე მუხლებზე, სააპელაციო პალატამ გამოიყენა დამატებითი სასჯელი და მსჯავრდებულს ჩამოართვა დანაშაულის საგანი, მაშინ, როცა ნ. გ-ის მიერ დანაშაულის ჩადენისას საგნის ჩამორთმევას, როგორც სასჯელს, სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა და სისხლის სამართლის ახალ კანონს ამ შემთხვევაში უკუქცევითი ძალა არ აქვს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. გ-საგან ამოღებული ნივთების მესაკუთრე მაგული ნარსიაა და ამ გარემოებას არც სააპელაციო პალატა უარყოფს, როდესაც მიუთითებს, რომ ამოღებული საგნები იმყოფებოდა მსჯავრდებულის კანონიერ მფლობელობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ნ. გ-ის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგნების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ეს საგნები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს _ მ. ნ-ას, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია მითითებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულ ნ. გ-ის კანონიერ მფლობელობაში არსებული დანაშაულის საგნების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში და ოქროსა და ძვირფასი თვლებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები დაუბრუნდეს მესაკუთრეს _ მ. ნ-ას.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.