შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 19.06.2007
საქმის ნომერი
2კ-1325აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1325აპ ქ. თბილისი

19 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ბ. ფ-ძე, გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვისათვის გასამართლებულმა, პირობით მსჯავრდებულმა ბ. ფ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ქ. თბილისში, კ. ---ს გამზირის ¹10, ბინა ¹12-ში მცხოვრებ თ. ტ-ის კუთვნილ ქონებას.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი 2004 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 6 საათზე, მივიდა ზემოაღნიშნულ ბინასთან და შეეცადა, წინასწარ მომარჯვებული ხელსაწყოების მეშვეობით გაეღო ბინის შესასვლელი რკინის კარის საკეტები. საკეტების გაღების მცდელობის დროს ბ. ფ-ძე ადგილზე დააკავეს პოლიციის მუშაკებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოიღეს შავი ფერის ქარქაშიანი დანა, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა, ხოლო მისი შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან _ 15 ცალი ფოლადისაგან დამზადებული, სხვადასხვა ზომის ხელნაკეთი ე.წ. „ოტმიჩკები”.

აღნიშნული ქმედებისათვის ბ. ფ-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2 თვე და ბ. ფ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 2 თვის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 5 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მა. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ბ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 2 თვე და ბ. ფ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა.

კასატორი _ მსჯავრდებული ბ. ფ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის მიმართ დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ორივე ინსტანციის სასამართლომ არსებითად დაარღვია სამართლებრივი პროცედურა; განაჩენი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ და არა _ საქმეში არსებულ და სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს; პოლიციელებმა გააყალბეს მისი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები; სასამართლოში მოწმეებად დაკითხვისას დამსწრეებმა _ მ. ფ-მა, გ. ჭ-მა და ვ. ლ-ემ განაცხადეს, რომ ისინი ჩხრეკას არ დასწრებიან და დაკავებული ნახეს მხოლოდ პოლიციაში; იგი დააკავეს არა ---ს ქ. ¹16 კორპუსის მე-5 სართულზე, არამედ _ ---ს გამზირზე; დაზარალებულის ჩვენებით, მან „გლაზოკიდან” დაინახა წითური მამაკაცი, რომელიც წინასწარ გამოძიებაში მას მიამსგავსა, თუმცა სასამართლო გამოძიებისას განაცხადა, რომ შეცდა; საერთოდ საკითხავია, როგორ დაინახავდა დაზარალებული „გლაზოკიდან” ვინმეს, როდესაც თვითონვე განაცხადა, რომ მასზე გარედან ქაღალდი იყო აფარებული.

მსჯავრდებულის განმარტებით, მას ე.წ. „ატმიჩკები” პოლიციელებმა დაუდეს, ვითომ ჩხრეკისას ამოიღეს; დაზარალებულს მათ წინასწარ დაანახეს ბ. ფ-ძე, რაც მან სასამართლოშიც დაადასტურა; პოლიციელებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მიყენებულ დაზიანებებს დღემდე მკურნალობს; ორივე ინსტანციის სასამართლო ტენდენციური იყო; არ დააკმაყოფილეს დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა; არ გამოიძიეს მისი გამამართლებელი გარემოებები; მამხილებელი გარემოებები კი მოპოვებულია კანონის დარღვევით; მას არ დაუნიშნეს სასამართლო-სამედიცინო და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზები, რადგან 2001 წლის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ¹-- დასკვნის თანახმად, იგი შეზღუდული შერაცხადია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ბ. ფ-ძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ბ. ფ-ეს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია და უდანაშაულოა, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა _ ა. უ-მა, ი. ქ-ამ და ი. კ-ემ განმარტეს, რომ მათ აცნობეს ქ. თბილისში, ---ს გამზ., ¹10-ში ბინის გაქურდვის მცდელობის შესახებ. შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად წინააღმდეგობის გაწევისა, დააკავეს ბ. ფ-ძე, რომელიც ცდილობდა ბინაში შეღწევას. ამ უკანასკნელს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა და ე.წ. ,,ატმიჩკები". ბინის კარის საკეტი დაზიანებული იყო (ს.ფ. 181-183; 222-223; 227).

გარდა ზემოაღნიშნულ პირთა ჩვენებებისა ბ. ფ-ის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობა უტყუარადაა დადასტურებული დაზარალებულ თ. ტ-ის, მოწმეების _ ვ. ლ-ის, მ. ფ-ის, გ. ჭ-ის მიერ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით. ამასთან, ამ პირთა მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, მათივე თანხმობით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე (ს.ფ. 178-181; 209-210; 212-213).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ემყარება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ბ. ფ-ის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული.

ამასთან, ბ. ფ-ეს დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რისთვისაც მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალურ ზომად შეიძლებოდა განსაზღვრულიყო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსიდან სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულია, რაც ამკაცრებს სასჯელს, ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამდენად, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ. ფ-ეს სასჯელად შეიძლება დაენიშნოს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის სამი მეოთხედი _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ბ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: ბ. ფ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯოს 5 (ხუთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 (ორი) თვე და საბოლოოდ ბ. ფ-ეს განესაზღვროს 5 (ხუთი) წლითა და 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.