დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
453აპ. ქ. თბილისი
14 სექტემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
1. ვ. ნ-ის ძე ქ-ია,2. ი. დ-ის ძე ფ-ია,3. კ. მ-ის ძე ყ-ნი,4. კ. ა-ის ძე უ-ძე,5. დ. ბ-ოს ძე ძ-ძე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 226-ე მუხლით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და საბოლოოდ განესაზღვრათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით პ. გ-ის ძე გ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ" ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით _ 5 წლით, 226-ე მუხლით _ 1 წლით, ხოლო 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ. გ-ეს, ვ. ქ-სა და კ. ყ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2005 წლის 22 დეკემბრიდან, ხოლო ი. ფ-ას, კ. უ-სა და დ. ძ-ეს _ 2005 წლის 23 დეკემბრიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან და გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება; მათვე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ჩაიდინეს პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით. გარდა ამისა, პ. გ-ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ყოველივე კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის სექტემბერში პ. გ-ძე დაუკავშირდა დაუდგენელ პირებს და განიზრახეს, ფარულად, ბინაში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ სოფელ ---ში მცხოვრებ ჟ. ჯ-ის ქონებას. იმავე წლის 19 სექტემბერს პ. გ-ემ, დაუდგენელ თანამზრახველებთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ჟ. ჯ-ის სახლში და დაეუფლა სულ 1 600 ლარად ღირებულ ნივთებს, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა დაზარალებულს და მიიმალა.
2005 წლის 11 ოქტომბერს პ. გ-ძე ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენაში ამხილეს და დააკავეს შსს წყალტუბოს სამმართველოს თანამშრომლებმა და მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. ამის მიუხედავად, პ. გ-ემ კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ:
2005 წლის 22 დეკემბერს პ. გ-ემ, ვ. ქ-ამ, კ. ყ-მა, ი. ფ-ამ, კ. უ-ემ, დ. ძ-ემ და სხვებმა გადაწყვიტეს, გამოეხატათ სოლიდარობა ქ. ქუთაისის ¹--ე საპყრობილეში თავისუფლება აღკვეთილთა მიმართ, რისთვისაც, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის მიზნით, განიზრახეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში აქტიური მონაწილეობა. იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათიდან 23 საათამდე დროის მონაკვეთში ხსენებულმა პირებმა ბეტონის ფილებით გადაკეტეს ---ს ქუჩა, სადაც მდებარეობს საპყრობილე და დაანთეს ცეცხლი, რამაც აღნიშნულ ქუჩაზე გამოიწვია ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება.
შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ქალაქის საპატრულო პოლიციისა და შს სამმართველოს თანამშრომლები _ კ. ხ-ნი, გ. ტ-ლი, ზ. ხ-ძე, ხ. ა-ძე, გ. გ-ძე და ი. ჯ-ძე, რომლებმაც პ. გ-სა და მის თანამზრახველებს მოუწოდეს, შეეწყვიტათ დანაშაულებრივი ქმედება. პ. გ-ძე, ვ. ქ-ია, კ. ყ-ნი, ი. ფ-ია, კ. უ-ძე, დ. ძ-ძე და სხვები აშკარად არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, სცემეს და დაუზიანეს სპეცფორმები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ კ. უ-ის, ვ. ქ-სა და დ. ძ-ის ადვოკატებმა _ გ. დ-მა, დ. ს-ემ და რ. ა-ემ, ასევე მსჯავრდებულებმა _ ი. ფ-ამ და კ. ყ-მა. აპელანტებმა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულებს _ კ. ყ-ნს, კ. უ-ეს, დ. ძ-სა და ი. ფ-ას შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ბრალსა და სასჯელზე. ხსენებულ მსჯავრდებულებს დანიშნული სასჯელიდან _ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან 2-2 წლის მოხდა დაეკისრათ შესაბამისი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 2-2 წელი ჩაეთვალათ პირობით, ამავე ვადით. მათვე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა 2-2 ათასი ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული განაჩენი ვ. ქ-სა და პ. გ-ის მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებული ვ. ქ-ია და მისი ადვოკატი დ. ს-ძე საჩივრებში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სააპელაციო პალატამ თავის განაჩენში მოიშველია ის მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს სხდომაზე არ გამოკვლეულა; მიუხედავად იმისა, რომ ვ. ქ-ას დანაშაული არ ჩაუდენია, მისი ქმედება იმთავითვე არასწორად დაკვალიფიცირდა ორი _ 226-ე და 353-ე მუხლით; სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დასაბუთებული შუამდგომლობები საქმის კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით განხილვისა და დაზარალებულ ზ. ხ-ის დაკითხვის შესახებ, რომელიც სასამართლოში არ დაკითხულა და რომლის ჩვენებაც ასევე აისახა გამამტყუნებელ განაჩენში; სააპელაციო პალატამ არ დაასაბუთა, რაში გამოიხატა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა; საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი იყო და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა; დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ვ. ქ-ია იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე; დაკავებისას ვ. ქ-ას არ მიეცა ადვოკატის წარდგენის საშუალება, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით გამორიცხულია, რომ მსჯავრდებულს ჩაედინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
ზემოაღნიშნულის გამო კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. ქ-ას მიმართ საქმის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას შსს ქუთაისის სამმართველოს თანამშრომელმა, დაზარალებულმა ხ. ა-ემ განმარტა, რომ 2005 წლის 22 დეკემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. საპყრობილესთან ---ს ქუჩა გადაკეტილი იყო ბეტონის ფილებითა და ცეცხლმოდებული საბურავებით. როდესაც ცეცხლის ჩაქრობა სცადა, მასთან დაახლოებით 30 ახალგაზრდა მივიდა. რამოდენიმემ უთხრა: ,,ცეცხლი ჩვენ დავანთეთ, ჩვენს უბანში ვართ, ბიჭებს ურტყამენ ციხეში და თუ არ წახვალთ, თქვენც გაგლახავთო". ხ. ა-ემ და მისმა თანმხლებმა პოლიციელებმა იქ მყოფებს აუხსნეს, რომ ცეცხლის დანთებისა და გზის გადაკეტვის უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ხ. ა-ემ ასევე მიუთითა, რომ მას შემოახიეს ტანსაცმელი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან ამოიცნო ვ. ქ-ია, ი. და ა. ფ-ები, დ. ძ-ძე და კ. ყ-ნი. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ გამოიძახეს დამხმარე ძალა. შემთხვევის ადგილზე მივიდა ი. ხ-ძე და იქ მყოფებმა მის მიმართაც გამოხატეს აგრესია. ი. ხ-ემ და გ. ტ-მა გაისროლეს ჰაერში და სროლის ხმაზე მოძალადეები გაიქცნენ. ხ. ა-ემ დაინახა წაქცეული ი. ხ-ძე, რომელიც შველას ითხოვდა და დაიძახა, რომ იარაღი წაართვეს (ტ. 4, ს.ფ. 90-103).
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ. ტ-მა (ტ. 4, ს.ფ. 155-175) და კახაბერ ხეცურიანმა (ტ. 4, ს.ფ. 178-200).
მოწმე ი. ჯ-ემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე სცემდნენ პოლიციელებს, კერძოდ, ხ. ა-სა და კ. ხ-ნს. იქ იმყოფებოდნენ ძმები ფანცულაიები, ქობალიები, ასევე _ კ. ყ-ნი და პ. გ-ძე. ი. ჯ-ემ შენიშნა, რომ ზ. ხ-ძე გაეკიდა ვ. ქ-ას უმცროს ძმას, რა დროსაც ვ. ქ-ამ ხელი შეუშალა და წააქცია. ი. ჯ-ემ მიუთითა, რომ იმ დღეს პატიმრების ეტაპირება არ იყო დასრულებული, გრძელდებოდა ღამითაც და როგორც შეიტყო, დირექტორიც ვერ შედიოდა საპყრობილეში. ეს უკანასკნელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და საპყრობილეში მას შემდეგ შევიდა, რაც გზიდან ბეტონის ფილები აიღეს (ტ. 4, ს.ფ. 269-283).
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. გ-ემ, რომელმაც ასევე მიუთითა, რომ ჩხუბისას ზ. ხ-სთან შენიშნა ძმები ქობალიებიც (ტ. 4, ს.ფ. 286-304).
რაც შეეხება დაზარალებულ ზ. ხ-ის მიერ საქმის წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, იგი კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, მას შემდეგ რაც ამოიწურა დაზარალებულის სასამართლოში წარდგენის ყველა შესაძლებლობა. ამასთან, თავად ზ. ხ-ემ განცხადებით მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და იშუამდგომლა თავისი ჩვენების სხდომაზე გამოქვეყნების შესახებ (ტ. 4, ს.ფ. 249; 346; 353).
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, პ. გ-ის მიმართაც და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა პირების ჩვენებებით, დაკავებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ამოღებისა და საგნის ამოსაცნობად წარდგენის შესახებ ოქმებით უდავოდ დასტურდება ვ. ქ-სა და პ. გ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
უსაფუძვლოა ვ. ქ-ას მითითება იმის შესახებ, რომ დაკავებისას მას არ მიეცა დამცველის წარდგენის შესაძლებლობა. 2005 წლის 22 დეკემბრის ოქმის შესაბამისად, დაკავებისას ვ. ქ-ას განემარტა მისი, როგორც ეჭვმიტანილის უფლებები, რაც ხელმოწერით დაადასტურა (ტ. 1, ს.ფ. 17-18). მომდევნო დღეს შედგენილი ოქმის შესაბამისად, ვ. ქ-ამ უარი განაცხადა ადვოკატის მოწვევაზე და განმარტა, რომ თავის უფლებებს თავადვე დაიცავდა.
ასევე უსაფუძვლოა კასატორთა მითითება ქმედების არასწორი კვალიფიკაციის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის შემადგენლობა არ მოიცავს ამავე კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, რამდენადაც ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა არ გულისხმობს ამ წარმომადგენლისადმი განხორციელებულ ძალადობას ან ძალადობის მუქარას, მით უფრო, მიმართულს მართლზომიერი საქმიანობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის შემადგენლობა იმითაც განსხვავდება სხვა მუხლების (მაგ. 239-ე მუხლის) შემადგენლობისაგან, რომ არ ითვალისწინებს ძალადობას ან ამგვარის მუქარას.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ პოლიციელთა საქმიანობა მიმართული იყო საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და მათ მიმართ ძალადობა და მუქარა განხორციელდა სწორედ ამ მართლზომიერი ქმედებისათვის ხელის შეშლის მიზნით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში არსებული და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები და სწორად გამოიყენა მატერიალური კანონი.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა ერთპიროვნულად, სსსკ-ის 680-ე მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჟ. ჯ-ის სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით პ. გ-ძე დააკავეს 2005 წლის 11 ოქტომბერს (ტ. 3, ს.ფ. 121) და მას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება (ტ. 3, ს.ფ. 166). ქუთაისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის 2005 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით, პ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალა გირაოთი და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან (ტ. 3, ს.ფ. 168-169). შესაბამისად, პ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს საქმის წინასწარი გამოძიებისას დაკავების დრო _ 2005 წლის 11 ოქტომბრიდან იმავე წლის 24 ოქტომბრამდე _ 13 დღე.
ამასთან, პ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტები (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელად ითვალისწინებდნენ, შესაბამისად, 2-დან 6 წლამდე და 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
ვ. ქ-სა და პ. გ-სათვის განსაზღვრული სასჯელები არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ვ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 იანვრის განაჩენი შეიცვალოს: პ. გ-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე; პ. გ-ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საქმის წინასწარი გამოძიებისას დაკავების დრო _ 2005 წლის 11 ოქტომბრიდან 2005 წლის 24 ოქტომბრამდე _ 13 (ცამეტი) დღე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ვ. ქ-სა და პ. გ-ის მიმართ სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.