განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 26.09.2007
საქმის ნომერი
2კ-553აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

553აპ 26 სექტემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. გ-ის ძე ტ-ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) საფუძველზე ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე დამატებით სასჯელად შეეფარდა ავტომობილის მართვის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით. იმავე განაჩენით გ. ტ-ლს დაზარალებულ გ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ფიზიკური და ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად _ 10 000 (ათი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად _ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა, ხოლო დაზარალებულ ნ. ო-ის სასარგებლოდ _ 9 000 (ცხრა ათასი) ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, გ. ტ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 1300 საათზე, თბილისში, ---ს გამზირზე, ბენზინგასამართ სადგურ ”---თან” მდებარე ავტოსამრეცხაოს წინ, ---ას გამზირის მხრიდან, მეტრო “---ის” მიმართულებით, პირველ ზოლში მოძრაობდა ავტომანქანა ”ფორდ ესკორტი”, რომელსაც მართავდა გ. შ-ძე. მის გვერდით, მეორე ზოლში კი მოძრაობდა ავტომანქანა ”ფოლკსვაგენ პასატი”, რომელსაც მართავდა გ. ტ-ლი. როდესაც მიუახლოვდნენ --- ინსტიტუტის ღობის კუთხესთან არსებულ საავადმყოფოს შესახვევს, ამ დროს გ. ტ-მა დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებელი. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო. უგულებელყო რა კანონის აღნიშნული მოთხოვნა, გ. ტ-მა გზის სავალი ნაწილის მეორე ზოლიდან მკვეთრად ჩაუჭრა გზა გვერდით, მარჯვენა მხარეს, პირველ ზოლში მოძრავ ავტომანქანა ”ფორდ ესკორტს”, რომელიც წინა მარცხენა ფრთის კუთხით შეეჯახა ავტომანქანა ”ფოლკსვაგენ პასატის” უკანა მარცხენა საბურავს, რის შემდეგ ”ფორდ ესკორტს” შეუცვალა მოძრაობის მიმართულება და ორივე ავტომანქანა, ერთმანეთზე მიყრდნობილი, წავიდა მარჯვენა მხარეს მდებარე --- ინსტიტუტის ღობის კუთხისკენ, სადაც ავტომანქანა ”ფორდ ესკორტი” ძრავას სახურავით დაეჯახა ტროტუარზე მოძრავ ქვეით ნ. ო-ეს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა ნ. ო-ემ და მოითხოვა გ. ტ-ის მიერ მის სასარგებლოთ გადასახდელი თანხის გაზრდა და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, ზიანის სრული ანაზღაურება, ვინაიდან, მისი განცხადებით, მან უკვე გასწია ბევრი ხარჯი და შემდეგშიც ექნება ამ ფაქტთან დაკავშირებით მატერიალური სიძნელეები ოჯახში.

განაჩენი გაასაჩივრა აგრეთვე დაზარალებულმა გ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გ. ტ-ის მიერ მის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გაზრდა და, მისი მოთხოვნის შესაბამისად, ზიანის სრული ანაზღაურება.

მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ხ-მა კერძო სააპელაციო და სააპელაციო საჩივრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი კერძო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 მაისის, 2006 წლის 20 ივლისისა და 2006 წლის 27 ივლისის დადგენილებების გაუქმებას, ასევე საქმეზე განმეორებით ავტოტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნას, ხოლო სააპელაციო საჩივრით კი ადვოკატმა მოითხოვა საქმეში არსებული მასალების შეფასება საქართველოს სსსკ-ის 496-ე და 498-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გ. ტ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენით, არ დააკმაყოფილა რა კერძო სააპელაციო და სააპელაციო საჩივრები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ტ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ის ადვოკატმა კ. ხ-მა, რომელიც საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო, იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილისა და 42-ე მუხლის მე-3, მე-7 ნაწილების, საქართველოს სსსკ-ის 30-ე მუხლის, 131-132-ე მუხლების, 371-ე მუხლის, 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 496-498-ე მუხლებისა და 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რის გამოც სამართლებრივი საკითხი გადაწყდა არასწორად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი კ. ხ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, მსჯავრდებულ გ. ტ-ის გამართლებას გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხულ ბრალდებაში და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ტ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოტივებს მსჯავრდებულ გ. ტ-ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საამისოდ სისხლის სამართლის საქმის მასალებში, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების სტადიებზე, არ მოიპოვება სარწმუნო საფუძველი. თავის მტკიცებაში დაცვის მხარე ძირითადად ეყრდნობა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებად, რადგან, როგორც სააპელაციო სასამართლო სწორად შენიშნავს თავის განაჩენში, აღნიშნული დასკვნა არ არის კატეგორიული. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დაეყრდნო არასარწმუნო წანამძღვარებს ავტოსაგზაო შემთხვევის ვითარების შესახებ. კერძოდ, ალტერნატიულ დასკვნაში საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე დატოვებული სამუხრუჭე კვლების თაობაზე, მაშინ, როდესაც ასეთი კვლები არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ორივე მძღოლი _ მსჯავრდებულიც და დაზარალებულიც აცხადებს, რომ მათ თავიანთი ავტომანქანები არ დაუმუხრუჭებიათ, ამასთან, არც შემთხვევის შემსწრე მოწმეები ადასტურებენ იმას, რომ რომელიმე მძღოლმა მანქანა დაამუხრუჭა.

საკასაციო პალატის აზრით, ავტომანქანის შეჯახების კუთხე, რაც ორივე ექსპერტიზის დასკვნით არის დადასტურებული, ასევე შეჯახების შემდეგ განვითარებული ავტომანქანების ურთიერთქმედების სურათი გარკვევით ადასტურებს, რომ მსჯავრდებულმა გ. ტ-მა იმდენად სწრაფად და მკვეთრად გააკეთა მანევრი მარჯვნივ, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას ჩართული ექნებოდა მარჯვნივ მოხვევის მანიშნებელი შუქნიშანი, შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა. მართალია, საქმის მასალებით სარწმუნოდ დგინდება ის გარემოება, რომ დაზარალებულ ნ. ო-ეს ავტოსაგზაო შემთხვევისას უშუალოდ შეეჯახა ავტომანქანა “ფორდ ესკორტი”, რომელსაც მართავდა გ. შ-ძე, მაგრამ ეს გამოწვეული იყო მსჯავრდებულ გ. ტ-ის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რაც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ გ. ტ-ის ბრალეულობა, რომლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული. საკასაციო პალატა ეთანხმება, აგრეთვე, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ზომებს, რომლებიც შერჩეულია როგორც ქმედების სიმძიმის, ისე მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.

ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ტ-ლს დაზარალებულ გ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა მორალური ზიანის საზღაურის სახით, უსაფუძვლოა, რადგან არც თვით დაზარალებულ გ. შ-ეს და არც სასამართლოს არ დაუსაბუთებიათ, კონკრეტულად რაში გამოიხატა მისთვის მიყენებული მორალური ზიანი, ხოლო, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ასეთი ზიანის აღიარებისათვის რაიმე რეალური საფუძველი არ მოიპოვება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი აღნიშნულ ნაწილში, რომლითაც დაზარალებულ გ. შ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მსჯავრდებულ გ. ტ-ლს დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა, უნდა გაუქმდეს.

ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ზემოაღნიშნული ცვლილება, ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი მსჯავრდებულ გ. ტ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ტ-ის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 თებერვლის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც დაზარალებულ გ. შ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მსჯავრდებულ გ. ტ-ლს დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ტ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.