განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 26.09.2007
საქმის ნომერი
2კ-604აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.09.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

604აპ. ქ. თბილისი

26 სექტემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დაზარალებულების _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებულ მ. ბ-ლს მათ სასარგებლოდ დაეკისრა 1500 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა მ. ბ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა და ატარებდა და რომელიც მან მართლსაწინააღმდეგოდ, დანაშაულებრივად გამოიყენა წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ჯ. ქ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისას.

მ. ბ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,---ს”, 9,0 გრამის ოდენობით, რომელიც 2006 წლის 16 თებერვალს ამორებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკისას.

მ. ბ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ ორ პირს, რომლებთან ერთადაც განიზრახა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ჯ. ქ-ას ოჯახს და გაეტაცათ ძვირფასეულობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ. ბ-ლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ნიღაბაფარებული, სხვა ორ ნიღაბაფარებულ და გადაჭრილი თოფით შეიარაღებულ პირთან ერთად 2006 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 00 საათსა და 30 წუთზე ყაჩაღურად თავს დაესხა ჯ. ქ-ას ოჯახს. თავდასხმის დროს ჯ. ქ-ამ თავდაცვის მიზნით ერთლულიანი სანადირო თოფიდან ესროლა თავდამსხმელებს, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით ოჯახის წევრებს მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. ფიზიკური ძალადობით ოჯახის დიასახლისს _ გ. მ-ას თავდამსხმელებმა მოაძვრეს ოქროს კბილი, რომელიც ქაღალდში შეახვია და ჯიბეში ჩაიდო მ. ბ-მა, ხოლო ჯ. ქ-ას მეუღლე ი. ჯ-ვა აიძულეს, მოეტანა ფული და ძვირფასეულობა. მათ ოჯახიდან გაიტაცეს 9 ცალი ოქროს ბეჭედი, ოქროს ძეწკვი კულონით, ოქროს ჯვარი, ერთი ცალი ოქროს კბილი და ერთლულიანი სანადირო თოფი, რის შემდეგადაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ჯ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა, საქმე ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად არ არის განხილული; სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, მაგრამ მის ჩადენაში მ. ბ-ის მონაწილეობა არ არის დადგენილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულების _ გ. მ-ას, ი. ჯ-ას ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, პირადი ჩხრეკისა და ამოცნობის ოქმებით, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განაჩენით არ არის დადგენილი, თუ რა იარაღით იყო შეიარაღებული მ. ბ-ლი, მისი სახლიდან არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც ასევე უკანონო და დაუსაბუთებელია განაჩენი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მსჯავრდების ნაწილში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სსკ-ის 179-ე მუხლით, ისე 236-ე მუხლით, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მაშინაც, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ არის, მაგრამ აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი.

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ჯ. ქ-ას საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას მისაღები ოთახის იატაკიდან აღებულ იქნა ერთი ცალი იარაღის მასრა (ს.ფ.4-5).

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ჯ. ქ-ას საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან აღებულ იქნა ერთი ცალი იარაღის მასრა, კოდური აღნიშვნით 27ა-80, რაც განკუთვნილია ,,კალაშნიკოვის” კონსტრუქციის 5,45მმ კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის და ვარგისია დანიშნულებისამებრ სროლისათვის.

დაზარალებულების _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ-ლს ყაჩაღური თავდასხმის დროს ხელში ეჭირა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ მ. ბ-ის პიროვნება, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, აღნიშნული ბრალდების საქმის განხილვისას დაზარალებულებს _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას არ წარმოუდგენიათ სასარჩელო განცხადება და არც სამოქალაქო მოსარჩელედ არიან ცნობილი.

I-ლი ინსტანციის სასამართლომ კი მსჯავრდებულ მ. ბ-ლს დააკისრა დაზარალებულების _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას სასარგებლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლო არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულისათვის დაეკისრებინათ დაზარალებულად ცნობილი პირების _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა.

პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-სათვის დაზარალებულების _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ბ-სათვის დაზარალებულების _ გ. მ-სა და ი. ჯ-ას სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.