განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 17.10.2007
საქმის ნომერი
2კ-738აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹738აპ 17 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. ქ-ლს, ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში: იგი 2005 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---ში, სასტუმრო “---ის” მახლობლად, სოფლის გზაზე, შემთხვევით შეხვდა თავის ნათესავსა და მეზობელს, მ. მ-ეს. მიწის ფართობის კუთვნილების გამო მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე გ. ქ-მა ჯერ კამათი დაუწყო მ. მ-ეს, ხოლო შემდეგ მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და წელის არეში, რითაც მას მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ქვედა ყბის ღია მოტეხილობის სახით, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა სამ კვირაზე მეტი ვადით და რაც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო. მანვე აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს თავის ტვინის შერყევის სახით დაზარალებულ მ. მ-ეს მიაყენა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ექვს დღეზე მეტი და სამ კვირაზე ნაკლები დროით.

გ. ქ-ის ბრალდების საქმე განიხილა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2006 წლის 29 ნოემბრის განაჩენით მას მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განსასჯელთან დაზარალებულის შერიგების გამო. სასამართლომ იმავე განაჩენით გ. ქ-ლი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენაში, რასაც არ გამოუწვევია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. სასამართლომ აღნიშნული განაჩენით გ. ქ-ლს სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად დაუნიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ-ის დამცველმა, ადვოკატმა რ. ბ-ემ, რომელიც საჩივარში მიუთითებდა, რომ განაჩენი არის უკანონო, რადგან დაზარალებული მ. მ-ძე შეურიგდა მსჯავრდებულ გ. ქ-ლს, ხოლო ამ უკანასკნელს პირველად აქვს ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც აპელანტი ითხოვდა გ. ქ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა.

საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2007 წლის 6 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ-ის დამცველმა, ადვოკატმა რ. ა-ემ, რომელიც თავისი საჩივრით, იმავე მოტივის საფუძველზე, რაც წინათ მითითებული იყო ამავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სავსებით დასაბუთებულია დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მიიჩნევს უკანონოდ, გამომდინარე საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლიდან და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტიდან, რომელთა მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ პირველად არის ჩადენილი ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო დაზარალებული შეურიგდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენ პირს, მაშინ ამ უკანასკნელის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა და იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოვლად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ უთხრა უარი აპელანტს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც დაუშვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი შემთხვევა თავისი პირობებით მთლიანად შეესაბამებოდა საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლითა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ გ. ქ-ლს არასწორად დასდეს მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ამავე დროს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ არასწორი იყო გ. ქ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, ვინაიდან აღნიშნული ქმედებისას შედეგის სახით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება თან ახლდა იმავე პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რის გამოც ამ შემთხვევაში უფრო მძიმე შედეგი მოიცავს ნაკლები სიმძიმის მქონე შედეგს და ამ უკანასკნელის ცალკე დაკვალიფიცირების საჭიროება აღარ არსებობს. ცალ-ცალკე კვალიფიკაცია დანაშაულთა ერთობლიობის სახით აუცილებელია, თუკი სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანებები მიყენებულია სხვადასხვა დაზარალებულისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. ქ-ის მიმართ უკვე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა, რის გამოც ამის თაობაზე საკასაციო ინსტანცია ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ქ-ლი ცნობილ უნდა იქნეს რეაბილიტირებულად და განემარტოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, გამომდინარე საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე სრულიად სარწმუნოდ გამოვლინდა გ. ქ-ის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის ფაქტი, მის მიმართ მაინც გაგრძელდა სასამართლო განხილვა, რასაც მოჰყვა მისი მსჯავრდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებული გ. ქ-ლი უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის საფუძველზე და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა, რის შედეგადაც იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 მარტის განაჩენი გ. ქ-ის მსჯავრდების თაობაზე.

გ. ქ-ლი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის საფუძველზე და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა.

გ. ქ-ლი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

გ. ქ-ლი ცნობილ იქნეს რეაბილიტირებულად და განემარტოს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-227-ე მუხლებით დადგენილი წესით მას აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.