დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
779აპ ქ. თბილისი
9 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განაჩენით ზ. ა-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილითა და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადაზიდვა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. ა-ემ განიზრახა რუსული წარმოების უაქციზო სიგარეტის შეძენა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2006 წლის 21 აგვისტოს, შემოვლითი გზებით ის ჩავიდა ქ. ცხინვალში, სადაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ვინმე „ა-ს”, ვისგანაც შეიძინა ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული შემდეგი სახისა და ოდენობის სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე: 6620 კოლოფი „იავა” და 2289 კოლოფი „ალიანსი”, სულ _ 8909 კოლოფი. ამ სიგარეტებისათვის მას აღნიშნული პირისათვის უნდა გადაეხადა 72 ათასი რუსული რუბლი. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო მხოლოდ სიგარეტის რეალიზაციის შემდეგ, რისთვისაც ზ. ა-ემ სიგარეტის გამყიდველს დაუტოვა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,BMჭ"-ს რეგისტრაციის მოწმობა. ზ. ა-ემ შეძენილი სიგარეტი ჩატვირთა ავტომანქანაში და განიზრახა თბილისში სარეალიზაცოდ გადაზიდვა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი გაემგზავრა თბილისის მიმართულებით.
იმავე დღეს ზემოაღნიშნული ავტომანქანით თბილისისაკენ დიდი სიჩქარით მიმავალი ზ. ა-ის შეჩერება ვერ შეძლეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთაც აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. ზ. ა-ემ ვერ დაიმორჩილა ავტომანქანის საჭე და თბილისი-სენაკი-ლესელიძის --ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე შეეჯახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას. დაჯახების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის მანქანა, ხოლო ზ. ა-ის დაკავებისას გაირკვა, რომ იგი იყო ნასვამი.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ზ. ა-ის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიღეს ქართული აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8909 კოლოფი სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 10461,90 ლარი, თანახმად საქართველოს დამოუკიდებელი საექსპერტო საარბიტრაჟო პალატის ექსპერტის დასკვნისა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის -- ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე დაჯახების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს მნიშვნელოვან ზიანს _ 4495 ლარს.
აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ა-ეს საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 9000 ლარის ოდენობით. ნივთმტკიცებები, მათ შორის _ დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი _ ავტომანქანა ,,BMჭ" მიექცა სახელმწიფოს საკუთრებაში და გადაეცა ფინანსთა სამინისტროს ფინანსთა სააგენტოს, მისი შემდგომი განკარგვის მიზნით.
მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ-ამ. მან ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ა-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ზ. ა-ეს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი _ ჯარიმა 9000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; სსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ზ. ა-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 9000 ლარის ოდენობით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ა-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის გულით ავადმყოფი და საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას, არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას, რომელიც მისი ოჯახის ერთადერთი საარსებო წყაროა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს მისთვის დაკისრებული ჯარიმის შემცირებას 4495 ლარამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ზ. ა-ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის _ თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, ასევე _ სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ ამოღების ოქმი და თავად მსჯავრდებულის ჩვენებები, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელად განსაზღვრული ჯარიმის _ 9000 ლარის შემცირების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით პალატა ითვალისწინებს მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ასევე _ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 აგვისტოდან და ამ რიცხვით დათარიღებული ოქმის შესაბამისად, ზ. ა-ძე ფაქტობრივად დააკავეს 2006 წლის 21 აგვისტოს (ს.ფ. 13-14). აღნიშნული გარემოება დასტურდება ფინანსური პოლიციის თანამშრომლის პატაკითაც (ს.ფ. 2). შესაბამისად, მსჯავრდებულს ამ დღიდან უნდა დაეწყოს სასჯელის მოხდა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მარტის განაჩენი შეიცვალოს: ზ. ა-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2006 წლის 21 აგვისტოდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.