შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹894აპ ქ. თბილისი
7 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის განაჩენით გ. ა-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ» ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ, „გ» ქვეპუნქტით იმაში, რომ არაერთგზის ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ყალბი დოკუმენტების დამზადება არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ა-ძე 2002 წლის 11 მარტს გაასამართლა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ და სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ამავე ვადით.
2003 წლის 9 იანვარს გ. ა-ემ შეიტყო, რომ ი. კ-კს ყაჩაღურად გასტაცეს ,,AUDI-A8" მარკის ავტომანქანა და განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა ი. კ-ის ფულს. ამ მიზნით, იმავე წლის აგვისტოში გ. ა-ძე თავისი მეგობრის _ დ. ჩ-ის მეშვეობით დაუკავშირდა ი. კ-კს, მოატყუა, რომ გატაცებული ავტომანქანა იდგა ქ. ცხინვალში და 4500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ დაჰპირდა მის დაბრუნებას. ი. კ-კი დასთანხმდა და გ. ა-ეს სხვადასხვა დროს, მთლიანობაში გადასცა 4300 აშშ დოლარი. გ. ა-ემ პირობა არ შეასრულა, თანხა მიისაკუთრა და მიიმალა, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2005 წლის თებერვალ-მარტში გ. ა-ემ ქ. ბათუმში მცხოვრები მ. გ-ძე, მ. შ-ძე და ა. დ-ძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები დ. პ-ძე და თ. დ-ძე, ამავე რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები რ. ჭ-ძე, სოფელ ---ში მცხოვრები გ. პ-ძე და სოფელ ---ში მცხოვრები რ. დ-ძე მოატყუა და დაარწმუნა, რომ გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ დაასაქმებდა უცხოეთის გემებზე. თავისი განზრახვის განსახორციელებლად გ. ა-ემ დაამზადა ყალბი ხელშეკრულებები, სადაც მიუთითა ხსენებულ პირთა სამუშაო პირობები და გაამყარა მათი ნდობა. გ. ა-ემ ამ ხელშეკრულებებზე სხვადასხვა დროს მოაწერინა ხელი დაზარალებულებს და ამის შემდეგ, თითქოსდა მუშაობის დაწყებისა და საჭირო დოკუმენტების დამზადებისათვის, ასევე სხვადასხვა დროს, მოტყუებით, ბანკის მეშვეობით ბათუმიდან თბილისში გადაარიცხვინა თანხები, კერძოდ: მ. გ-ეს _ 300 აშშ დოლარი და 155 ლარი, რ. დ-ეს _ 800 აშშ დოლარი, რ. ჭ-ეს _ 300 აშშ დოლარი, დ. პ-ეს _ 1300 აშშ დოლარი და 55 ლარი, გ. პ-ეს _ 700 აშშ დოლარი, თ. დ-ეს _ 1500 აშშ დოლარი, მ. შ-ეს _ 800 აშშ დოლარი, ხოლო ა. დ-ეს _ 350 აშშ დოლარი და 55 ლარი. ამ პირებს გ. ა-ძე დაჰპირდა, რომ სამუშაოდ გააგზავნიდა 2005 წლის მარტში, მაგრამ პირობა არ შეასრულა და მიიმალა, რითიც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის გ. ა-ეს განესაზღვრა: 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" ქვეპუნქტებით _ 4 წლით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმ დროს მოქმედი, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით გ. ა-ეს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ა-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 27 დეკემბრიდან. მასვე სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული გ. ა-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მუშაობდა შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში, დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, რის გამოც ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
გარდა ამისა, წარმოდგენილია მსჯავრდებულის დამატებითი საკასაციო საჩივარი, რომლის შესახებაც პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 554-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი საკასაციო საჩივარი შეაქვთ 526-ე მუხლით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისად, დამატებითი საჩივრის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ, ერთი თვის ვადაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული გ. ა-ის მიერ არაერთგზის თაღლითობის ჩადენა, ასევე _ ყალბი დოკუმენტების დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ. პ-ემ განმარტა, რომ გ. ა-ძე გააცნო რ. დ-ემ. გ. ა-ძე დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხის საფასურად დაასაქმებდა, რისთვისაც ქ. თბილისში, გ. ა-ის სახელზე გადარიცხა თანხა. მოგვიანებით გ. ა-ძე მიიმალა და არც თანხა დაუბრუნებია (ს.ფ. 400-401).
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოში დაზარალებულმა თ. დ-ემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ გ. ა-ემ ხელი მოაწერინა კონტრაქტზე (ს.ფ. 405-406).
თავად მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ განაცხადა, რომ იცოდა ი. კ-ის ავტომანქანის ქ. ცხინვალში ყოფნის შესახებ. ისიც იცოდა, რომ დაზარალებულს ავტომანქანას ვერ დაუბრუნებდა და განიზრახა, მოეტყუებინა, კერძოდ, ი. კ-საგან მიიღო 4300 აშშ დოლარი. პირობის შეუსრულებლობას უკმაყოფილება მოჰყვა და მიიმალა. მანვე საქმეზე დაზარალებულად ცნობილი სხვა პირები დაარწმუნა, რომ დაასაქმებდა, დაამზადა დოკუმენტები, მოიპოვა მათი ნდობა და მისივე მითითებით ხსენებულმა პირებმა ქ. თბილისში გადარიცხეს თანხები. მსჯავრდებულის განმარტებით, დანაშაული ჩაიდინა ოჯახური მდგომარეობის გამო (ს.ფ. 398-400).
გ. ა-ის ბრალეულობა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის დაზარალებულების _ ი. კ-ის, რ. დ-სა და სხვათა ჩვენებებით.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, რომ გ. ა-ემ ყალბი დოკუმენტი დაამზადა არაერთგზის. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა ყალბი ხელშეკრულებები დაამზადა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით და ბრალდების ამ ნაწილში სახეზეა სსკ-ის მე-14 მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი დანაშაული. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში გ. ა-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამასთან, მსჯავრდებულს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან გ. ა-ძე სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ. ა-სათვის სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულებს, წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
პალატა მიიჩნევს, რომ გ. ა-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით მას დანიშნული აქვს სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მიზნებსაც და საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივებით მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ა-ეს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს გ. ა-სათვის სამოქალაქო მოსარჩელეების სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში;
სააპელაციო პალატის განაჩენიდან გ. ა-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
მსჯავრდებულ გ. ა-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდეს და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და საბოლოოდ გ. ა-ეს მოსახდელად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.