განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 28.11.2007
საქმის ნომერი
2კ-906აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.11.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

906აპ 28 ნოემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ე-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ე-ძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გამოყენებით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

განაჩენის მიხედვით, ვ. ე-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 17 ივლისს ვ. ე-ემ, იმყოფებოდა რა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისი, ვარკეთილის ---, -- კვარტ., კორპ. ¹12, ბინა ¹8-ში, დაახლოებით 23.00 საათზე, გამსჭვალულმა ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ და უმოტივოდ, განიზრახა მოეკლა მეზობლად მცხოვრები მოქალაქე მ. ფ-ძე. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი შეიარაღდა ნაჯახით და მივიდა მ. ფ-ის საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კართან, მდებარე თბილისი, ვარკეთილის ---, -- კვარტ., კორპ. ¹12, ბინა 35-ში და რამდენჯერმე დააკაკუნა ბინაში შესასვლელ კარზე. ამ დროს ბინაში იმყოფებოდნენ მ. ფ-ძე და მისი დედა _ ნ. ფ-ძე. მ. ფ-ემ იკითხა, თუ ვინ აკაკუნებდა, რაზედაც ვ. ე-ემ უპასუხა, რომ გაეღოთ მისთვის კარი, რადგან, თითქოსდა, იგი ეძებდა მის შვილს და ასევე მის მეუღლეს _ ნუგზარს. მ. ფ-ეს, ისევე როგორც მისი ოჯახის სხვა წევრებს, ნორმალური, ახლომეზობლური ურთიერთობა ჰქონდა ვ. ე-თან, რის გამოც მას საეჭვოდ არ მიუჩნევია მისი ქმედება, გაუღო ბინაში შესასვლელი კარი და უთხრა, რომ მისი მეუღლე და შვილი სახლში არ იმყოფებოდნენ. ვ. ე-ემ, ხულიგნური ქვენაგრძნობით აღვსილმა, სრულიად უსაფუძვლოდ, მოქმედებდა რა მკვლელობის განზრახვით, წინასწარ მომზადებული ნაჯახი მოუქნია მ. ფ-ეს და თავის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც მ. ფ-ეს თავიდან წამოუვიდა სისხლი. იგი შეეცადა, გაქცეოდა ვ. ე-ეს. მ. ფ-ემ, ამ უკანასკნელის საქციელით გაოგნებულმა, ბინაში შესასვლელი კარის გადაკეტვა ვერ შეძლო, რადგან ამავე დროს ვ. ე-ძე იქ ძალის გამოყენებით შესვლას ცდილობდა. მ. ფ-ემ მოახერხა მისაღებ ოთახში შესვლა და კარის მიხურვა, მაგრამ ვ. ე-ძე მოკვლის განზრახვით უკან მიჰყვა და ამ უკანასკნელს, ძალის გამოყენებით, არ მისცა მისაღები ოთახის კარის დაკეტვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ მ. ფ-ძე წინააღმდეგობას უწევდა და ცდილობდა არ შეეშვა ოთახში, ვ. ე-ემ შეძლო მისაღებ ოთახში შესვლა, სადაც მ. ფ-ის მოკვლის განზრახვით, მომარჯვებული ნაჯახი მარჯვენა ხელით შემართა და, აპირებდა რა მისთვის სიცოცხლის მოსპობის მიზნით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას, შეძახილით “უნდა მოგკლა, მოკვდი შენი”... გაემართა მისკენ. მ. ფ-ემ შეძლო გარიდებოდა მას, გამოვიდა მისაღები ოთახიდან, შემდეგ კი _ საცხოვრებელი ბინიდან და გაიქცა სადარბაზოში კიბეებზე, რათა გასულიყო კორპუსის მიმდებარე ეზოში და თავი დაეღწია ვ. ე-ის თავდასხმისაგან. ამავე დროს იგი ყვიროდა და საშველად უხმობდა მეზობლებს. ნ. ფ-ემ, ვინაიდან იგი მოხუცებულია, ვერ შეძლო რაიმე საშუალებით დახმარებოდა თავის შვილს _ მ. ფ-ეს და აღეკვეთა ვ. ე-ის დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო როდესაც ბინიდან სადარბაზოში გასვლას აპირებდა, იგი იატაკზე დაეცა. ვ. ე-ძე მოკვლის განზრახვით, ხულიგნური ქვენაგრძნობით აღვსილი, დაედევნა სადარბაზოს კიბეებზე მ. ფ-ეს, დაეწია მას მეოთხე და მესამე სართულებს შორის არსებულ კიბეზე და იმ მიზნით, რომ მოეკლა იგი, რამდენჯერმე მოუქნია ნაჯახი თავის არეში დასარტყმელად. მ. ფ-ძე გაერიდა, რის გამოც ვ. ე-ის მიერ მოქნეული ნაჯახი მას მოხვდა კეფის არეში, მარჯვენა და მარცხენა მხარეზე. ვ. ე-ემ მ. ფ-ეს მიაყენა: მრავლობითი დაზიანებები კეფის არეში, ასევე, შუბლის მიდამოში _ ნაფლეთოვანი სკალპირებული ჭრილობა სისხლდენით; ჭრილობა კეფაზე, ზემოთ _ 10X1სმ, შუბლ-თხემის მიდამოში _ 8X1 სმ და 8X1 სმ ზომის სკალპერული ჭრილობები _ მარცხენა და მარჯვენა მხარეზე. ფიზიკური ძალადობის შედეგად მ. ფ-ძე კიბეზე დაეცა და გონება დაკარგა. ვ. ე-ემ იგი უგონო მდგომარეობაში დაინახა და მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოიყვანა, თავი დაანება მას, შემდეგ კი თავის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით, გავიდა სადარბაზოდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ე-ის დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჩ-ემ. აპელანტი მიუთითებდა, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია და კანონშეუსაბამო, იგი გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ე-ეს ჰქონდა რთული ფსიქიკური მდგომარეობა, არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა დამცველით, კერძოდ, იგი დაავადებულია ალკოჰოლიზმით და პერიოდულად აქვს “თეთრი ცხელება”. განაჩენი ემყარება წინააღმდეგობრივ და არასარწმუნო მტკიცებულებებს. ადვოკატი ლ. ჩ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ვ. ე-ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას მის სასიკეთოდ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ვ. ე-ის დამცველმა ლ. ჩ-ემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, მან იშუამდგომლა, რომ ვ. ე-ის ქმედება დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2007 წლის 3 აპრილის განაჩენით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი მსჯავრდებულ ვ. ე-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

მსჯავრდებულ ვ. ე-ის დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივრით აყენებს იმავე მოთხოვნას, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში. ადვოკატი თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ მოტივებზე: მომხდარი შემთხვევის დროს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებები მიღებული აქვს თვით მსჯავრდებულ ვ. ე-ეს, რაც ასახულია საქმის მასალებში, მაგრამ სასამართლოებმა ამ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ყურადღება არ მიაქციეს და ისინი სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვეს; იმის გამო, რომ წინასწარი გამოძიებაც და სასმართლო გამოძიებაც საქმეზე ჩატარდა ცალმხრივად და საპროცესო ნორმების დარღვევით, მოხდა ვ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორად დაკვალიფიცირება, რომელსაც უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დასდეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში; ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სასამართლოებმა საფუძვლად დაუდეს განაჩენს, დამახინჯებულად არის წარმოდგენილი და არა ისე, როგორც რეალურად მოხდა. გასაჩივრებული განაჩენი ემყარება წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს, ხოლო უტყუარი მტკიცებულებებით ვ. ე-ის მიმართ შერაცხული ბრალდება არ დასტურდება.

მითითებული მოტივებიდან გამომდინარე, ადვოკატი ლ. ჩ-ძე ითხოვს, რომ შევიდეს ცვლილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ ვ. ე-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლიდან და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (მოქმედი რედაქცია).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ვ. ე-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ვ. ე-ის ბრალდების საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვლეულა სრულად და ყოველმხრივ, რის გამოც ვერ იქნება მიჩნეული, რომ მომხდარი შემთხვევის თაობაზე დადგენილია ობიექტური ჭეშმარიტება, რაც კანონიერი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ფაქტობრივად პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელიათ ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, რომლის უტყუარად დადგენის გარეშე შეუძლებელი იყო განაჩენის გამოტანა. საკითხი ეხება მსჯავრდებულ ვ. ე-ის მიერ ჩადენილი ქმედების სუბიექტურ მხარეს, კონკრეტულად კი _ ქმედების მოტივებს, რაც საერთოდ დაუდგენელია.

მართალია, მოცემულ შემთხვევაში, განაჩენით ვ. ე-ის ქმედება შეფასებულია, როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ხულიგნური ქმედება, თუნდაც სიმთვრალის მდგომარეობაში ჩადენილი, არ წარმოადგენს აბსოლუტურად უმოტივაციო ანუ ყოველგვარ მოტივს მოკლებულ ქმედებას, არამედ ხულიგნურ ქმედებას ახასიათებს მოტივების შინაარსის სპეციფიკა.

ხულიგნური ქმედების ნებისმიერ შემთხვევაში საბაბის სახით არსებობს გარკვეული მოტივი, უმრავლეს შემთხვევაში თავისი შინაარსით _ უმნიშვნელო ხასიათისა, რაც, ძირითადად, დამახასიათებელია სიმთვრალის მდგომარეობისათვის, მაგრამ მოტივაციის სფეროში აბსოლუტურ სიცარიელეს სიმთვრალის დროსაც კი არა აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში აღნიშნულ სფეროსთან მიმართებით სასამართლოებს არაფერი არა აქვთ დადგენილი. ასეთი ვითარება მით უფრო საგულისხმოა, რომ საქმის მასალებში მტკიცებულების სახით მოიპოვება სამედიცინო დოკუმენტი მსჯავრდებულ ვ. ე-ის ავადმყოფობის შესახებ, სადაც წარმოდგენილია ისეთი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ სერიოზული ფსიქიკური დარღვევების არსებობაზე და ერთობლივად ისინი შეფასებულია როგორც ქრონიკული ალკოჰოლიზმით გამოწვეული ე.წ. “თეთრი ცხელება”, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს ისეთ ფსიქიკურ პათოლოგიას, როელიც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს სუბიექტის შერაცხვისუნარიანობას.

მიუხედავად ასეთი მონაცემების არსებობისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ ქმედების ჩადენის წინ, როგორც უტყუარი მტკიცებულებები მოწმობს, ვ. ე-ეს მიღებული ჰქონდა დიდი რაოდენობით სპირტიანი სასმელები, ხოლო თვითონ ვერაფრით ვერ ხსნის, რატომ აღმართა ხელი ისეთ ადამიანზე, ვისთანაც და რომლის ოჯახის სხვა წევრებთანაც მას ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ამასთან, მათ შორის რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა. ვ. ე-ძე თავის ჩვენებებში აცხადებს, რომ საერთოდ არ ახსოვს, რა ჩაიდინა და რატომ ჩაიდინა, რასაც სერიოზულ საფუძველს უქმნის ზემოხსენებული სამედიცინო დოკუმენტი. ამავე დროს, თავის ერთ-ერთ ჩვენებაში ვ. ე-ძე აღნიშნავს, რომ წინათ მას ჰქონდა თვითდაზიანების შემთხვევა. ასეთ ვითარებაში აუცილებელი და საჭირო იყო ვ. ე-ის ფსიქიკური მდგომარეობის საფუძვლიანი შემოწმება იმის დასადგენად, რომ ქმედების ჩადენისას შეეძლო თუ არა მას ანგარიში გაეწია და ეხელმძღვანელა თავისი ქცევისათვის. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. ე-ის დამცველმა ორჯერ აღძრა შუამდგომლობა პალატის წინაშე, რომ დანიშნულიყო ფსიქიატრიული ექსპერტიზა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, მაგრამ პალატამ ორივეჯერ უარი უთხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თანაც _ დაუსაბუთებლად.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობამ გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების დადგენის თვალსაზრისით, რაც, თანახმად იმავე კოდექსის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილისა, განაჩენის გაუქმების საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განაჩენი ვ. ე-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის. საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ჩატარდეს სასამართლო _ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში _ კომპლექსური ექსპერტიზა ექსპერტ-ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სხვა დარგის სპეციალისტების (მაგალითად, ნარკოლოგის) მონაწილეობით. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით ისიც დასტურდება, რომ მომხდარი შემთხვევის დროს მსჯავრდებულ ვ. ე-ეს მიღებული ჰქონდა ჯანმრთელობის დაზიანება სხეულის სხვადასხვა ნაწილში, საიდანაც აღენიშნებოდა სისხლდენა. ამიტომ უნდა გაირკვეს, რა ვითარებაში და ვისგან მიიღო მან აღნიშნული დაზიანებები, აიხსნას დაზიანების მექანიზმი და ამ გარემოების მნიშვნელობა მომხდარი შემთხვევის ზუსტი შინაარსის განსაზღვრისათვის. გარდა ამისა, საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ჩატარდეს სხვა ფაქტობრივ გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, ვინაიდან მხოლოდ ასეთი გზით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება მისი ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ვ. ე-ის დამცველის, ადვოკატ ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განაჩენი ვ. ე-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.