განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹911აპ ქ. თბილისი
27 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 თებერვლის განაჩენით რ. ს-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმაში, რომ კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მყოფმა თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 31 მარტს საქართველოს ---ის სამინისტროსა და რ. ს-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ---ის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ და სამსახურის ვადად განისაზღვრა 4 წელი. იმავე წლის 15 აპრილს ---ის მინისტრის ბრძანებით რ. ს-ძე დაინიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადის --ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ---ის მსროლელად და მიენიჭა სამხედრო წოდება ---.
ხელშეკრულების გაფორმებისას რ. ს-ძე გაფრთხილებული იყო სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. 2005 წლის 31 მაისს რ. ს-ემ თვითნებურად დატოვა და საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. ს-ეს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 16 ნოემბრიდან. ამასთან, დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულს საქართველოს ---ის სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 1166,75 ლარისა და 577,04 აშშ დოლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული რ. ს-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში ვერ გამოცხადდა შვილის ავადმყოფობის გამო, რაც რამდენიმე თვე გაგრძელდა. ჰყავს მძიმედ დაავადებული დედა, რომელიც საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, ხოლო თვითონ ოჯახის წევრთა ერთადერთი მარჩენალი. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი არ არიდებდა თავს სამსახურს და არ იმალებოდა, მუშაობდა, რათა ერჩინა ოჯახი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ რ. ს-ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის თავად მსჯავრდებულის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იცოდა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვებისათვის. მანვე მიუთითა, რომ სამხედრო სამსახურის გავლისას პრობლემა არ შექმნია.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან იგი ზომიერია და მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის მხედველობაში მიღებით, ვერ ჩაითვლება მეტისმეტად მკაცრად და, შესაბამისად, აშკარად უსამართლოდ. ამასთან აღსანიშნავია, რომ რ. ს-სათვის სასჯელის დანიშვნისას სათანადოდ იმსჯელეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, რ. ს-ეს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან მსჯავრდებული სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს თანხის გადახდა, რომ საქმეზე ფაქტობრივად არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულისათვის თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება ფაქტობრივად არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განაჩენი გაუქმდეს რ. ს-სათვის სამოქალაქო მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.