დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1160აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1160აპ. ქ. თბილისი

24 დეკემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს სტაჟიორ პროკურორის _ ჯ. გ-სა და მსჯავრდებულ ბ. ს-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ბ. ს-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 394-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ს-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 26 მარტიდან.

განაჩენით ბ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 20 აპრილიდან ბ. ს-ია სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად იქნა გაწვეული. ხაშურის რაიონის სოფელ ---თან განთავსებულ სამხედრო ნაწილის ,,---» --- მ-ის 2006 წლის -- მარტის ¹-- ბრძანებით იგი შემდგომში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასაგრძელებლად ნაწილის პირადი შემადგენლობის სიებში ჩაირიცხა და ყველა სახის კმაყოფაზე იქნა აყვანილი. იგი სამხედრო ნაწილში 2006 წლის 26 მარტამდე მსახურობდა, რა დროსაც ყარაულის განაწესის ბრძანებით დაევალა ყარაულის მოვალეობის შესრულება სამხედრო ნაწილ --ის --- პერიმეტრის საგუშაგოზე.

2006 წლის 26 მარტს, 15-00 საათზე, ბ. ს-ამ გარე პერიმეტრის მე-- საგუშაგოზე დადგენილი წესით რიგითი შ-ლი შეცვალა და მარტო დარჩა. მას წინასწარ ჰქონდა განზრახული მისაკუთრების მიზნით საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ბ. ს-ამ დანაშაულებრივი დაუდევრობა და სამხედრო სამსახურის მოვალეობისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოჩინა. მან პერიმეტრის მე-- საგუშაგო თვითნებურად მიატოვა და სამხედრო ნაწილის --- ტერიტორიაზე დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გადავიდა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ მომზადებული ჰქონდა რა საკეტების გაღებისა და დანაშაულის კვალის დაფარვისათვის საჭირო საგნები, იგი ნაწილის --- ტერიტორიაზე, მე-- საგუშაგოდან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ ¹-- საცავთან მივიდა, კვალის დაფარვის მიზნით რეზინის ხელთათმანები გაიკეთა, წინასწარ მომარჯვებული საგნებით დასაცავი ობიექტი დააზიანა და საცავის კარი გააღო, შიგ შეაღწია და მისაკუთრების მიზნით იქ დაცულ საბრძოლო მასალას _ 10 ცალ 7,62მმ კალიბრიანი 1947 წლის ნიმუშის ,,კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატებისათვის განკუთვნილ საბრძოლო ვაზნას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნულის შემდეგ მან ასევე წინასწარ მომარჯვებული საგნებით გააღო --- ტერიტორიაზე მდებარე ¹-- საცავის ბოქლომდადებული კარი, რითაც საცავი ობიექტი დააზიანა. იგი შიგნით შევიდა და არაერთგზის, მისაკუთრების მიზნით საცავში დაცულ საბრძოლო მასალას _ ორ ცალ მილიმეტრიან ჭურვის ძირითად მუხტს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ბ. ს-ას მიმართ წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 237-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 394-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები _ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ბ. ს-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 394-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს სტაჟიორ პროკურორი ჯ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 16 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებული განაჩენით ბ. ს-ას მიმართ წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება სსკ-ის 237-ე მუხლის პირველ ნაწილზე არ არის სწორი; ბ. ს-ას მიერ ჩადენილი ქმედება (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით) წარმოადგენს არა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ქმედებას ანუ განგრძობად დანაშაულს, არამედ _ ორ დამოუკიდებელ დანაშაულს.

მსჯავრდებულ ბ. ს-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. შ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს ბ. ს-სათვის სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ: მსჯავრდებულ ბ. ს-ას საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 394-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მას მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით ბ. ს-ას რეალურ სასჯელად განესაზღვროს 2 წელი, ხოლო დანარჩენი 1 წელი ჩაეთვალოს პირობით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. ს-ას მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა არაერთგზისი, არამედ _ განგრძობადი დანაშაული, ვინაიდან ბ. ს-ას ჩადენილი აქვს არა ორი დანაშაული, არამედ _ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ორი ქმედება. ბ. ს-ას დაკითხვებიდან ნათლად ჩანს, რომ მან საგუშაგო მიატოვა, გადავიდა --- ტერიტორიაზე და წინასწარ მომარჯვებული ხელსაწყოების გამოყენებით ჯერ ერთი საცავი გახსნა და იქიდან წინასწარ შეთვალიერებული მასრები აიღო, კარი ჩაკეტა, შემდეგ მეორე საცავი გააღო და 10 ცალი ტყვია აიღო. იგი საგუშაგოზე აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ დააკავეს. აქედან ნათლად ჩანს, რომ ბ. ს-ას წინასწარ ჰქონდა განზრახული ორივე საცავიდან საბრძოლო მასალების მითვისება, რაც გამორიცხავს დანაშაულის არაერთგზისობას.

მსჯავრდებულ ბ. ს-ას მიმართ შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მსჯავრდებულ ბ. ს-ას აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების _ გ. ღ-ის, ზ. ჭ-ის, დ. ტ-ის, ი. გ-ის, ვ. მ-ის, რ. შ-ის, ო. ლ-ის ჩვენებებით, 2006 წლის 27 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით, 2006 წლის 28 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და სხვა მასალებით.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ბ. ს-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ბ. ს-ია უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან. მსჯავრდებულ ბ. ს-ას საბოლოოდ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ბ. ს-ია გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ბ. ს-ას საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.