ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 11.12.2007
საქმის ნომერი
2კ-1356აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1356-აპ 11 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ა. ზ-სა და გ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ვ. ს-სა და ნ. წ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განაჩენით:

1. ა. ზ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, 360-ე მუხლის I და II ნაწილებით _ 2 წლით, 118-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ. კ-ია, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილით _ 2 წლით, 381-ე მუხლით _ 1 წლით, 360-ე მუხლის I და II ნაწილებით – 3 წლით, 187-ე მუხლის I ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულები – ა. ზ-ია და გ. კ-ია სასჯელს იხდიან 2007 წლის 6 მარტიდან.

განაჩენით მათ მსჯავრი დაედოთ სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ძალადობითა და ძალადობის მუქარით განხორციელებული თვითნებობისათვის, ე.ი. თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ა. ზ-ას, ასევე - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათო არ არის სიცოცხლისათვის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლასთან და საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ხოლო გ. კ-ას _ თაღლითობისათვის და ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ა. ზ-ამ კაპიტალური ნაგებობის მაღაზიის ასაშენებლად ზუგდიდის შპს „---თან“, თავის საკუთრებაში არსებულ 240 კვ მეტრ ნაკვეთზე დადო აღნაგობის ხელშეკრულება. აღნიშნულ ფართზე მოქალაქეებს: ლ. ჯ-ას, ლ. ხ-ას, ნ. დ-ეს, მ. კ-ას, მ. ხ-ას, ს. ძ-ას, ქ. კ-ას, ს. ლ-ას, ტ. ა-ას, ტ. ქ-ას, ხ. მ-ეს, ვ. ა-სა და ი. გ-ას სათანადო დოკუმენტების გაფორმების გარეშე აშენებული ჰქონდათ სავაჭრო ჯიხურები. ა. ზ-ია ზემოაღნიშნულ პირებს სიტყვიერად სთხოვდა სავაჭრო ჯიხურებისაგან გაეთავისუფლებინათ შპს „---ის“ კუთვნილი ტერიტორია, ხოლო მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია სავაჭრო ჯიხურების მეპატრონეებისაგან აღნიშნული საკითხის ნებაყოფლობით გადაწყვეტას, დაარღვია კანონი და სასამართლო წესით სავაჭრო ჯიხურების მეპატრონეთა გასახლების ნაცვლად, 2003 წლის 3 და 10 თებერვალს, ღამის საათებში, შპს „---ის“ --- გ. კ-სთან ერთად დაქირავებული მუშების დახმარებით, თვითნებურად დააზიანა და გაანადგურა: ლ. ჯ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 864 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 4841, 8 ლარად, სულ ლ. ჯ-ზე მიყენებულია 5705, 8 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ლ. ხ-ას სავაჭრო ჯიხური, ღირებული 1850 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 6454 ლარად, სულ ლ. ხ-ზე მიყენებულ იქნა 8304 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ნ. დ-ის სავაჭრო ჯიხური, ღირებული 1200 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 5935, 5 ლარად, სულ ნ. დ-ზე მიყენებულია 7135, 5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; მ. კ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 800 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 3064, 5 ლარად, სულ მ. კ-ზე მიყენებულია 3864, 5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; მ. ხ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 700 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 4125 ლარად, სულ მ. ხ-ზე მიყენებულია 4825 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ს. ლ-ს კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 927 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 1312, 2 ლარად, სულ ს. ლ-ზე მიყენებულია 2239, 5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ტ. ა-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 710 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღრებული 2481, 5 ლარად, სულ ლ. ტ. ა-ზე მიყენებულია 3191, 5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ტ. ქ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 710 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 2261 ლარად, სულ ტ. ქ-ზე მიყენებულია 2971 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ხ. მ-ის კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 788 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 2515 ლარად, სულ ხ. მ-ზე მიყენებულია 3303 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ვ. ა-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 638 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 2136 ლარად, სულ ვ. ა-ზე მიყენებულია 2774 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი; ი. გ-ას კუთვნილი სავაჭრო ჯიხური, ღირებული 638 ლარად და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების სავაჭრო საქონელი, ღირებული 2597 ლარად, სულ ი. გ-ზე მიყენებულია 3235 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

როდესაც ჯიხურების მეპატრონეებმა სთხოვეს, შეეწყვიტათ სავაჭრო ჯიხურების დაზიანება და განადგურება, მათ დაშინებითა და მუქარით გააგრძელეს თვითნებური ქმედებები, ხოლო ა. ზ-ამ კაბელის ნაჭრის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯიხურის --- მ. ხ-ას, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

ა. ზ-ამ 2005 წლის 9 სექტემბერს, იმყოფებოდა რა ქ. ზუგდიდის შპს „---ის“ ტერიტორიაზე, ადრე არსებული დავის ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სავაჭრო ჯიხურის ერთ-ერთ ---ეს - ი. გ-ას, წააქცია იგი მიწაზე და სცემა, რის შედეგადაც ი. გ-ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის საშიში და არ გამოუწვევია მძიმე შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლასთან და საერთო შრომისუნარიანობის მყარ ერთ-მესამედზე ნაკლებ დაკარგვასთან.

გ. ზ-ის ძე კ-ამ 1998 წელს, თვე და რიცხვი დაუდგენელია, მუშაობდა რა ზუგდიდის შპს „---ის“ ---ად, გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა და ამავე „---ის“ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის საქონლით მოვაჭრე ლ. ჯ-ას, ლ, ხ-ას, ნ. დ-ეს, მ. კ-ას, მ. ხ-ას, ს. ძ-ას, ქ. კ-ას, ს. ლ-ას, ტ. ა-ას, ტ. ქ-ას, ხ. მ-ეს, ვ. ა-სა და ი. გ-ას შეჰპირდა თითოეულის მხრიდან 120 ლარის საფასურად შპს „---ის“ ტერიტორიაზე მშენებარე სავაჭრო ობიექტში სავაჭრო ფართის გამოყოფას და თავის სამუშაო ოთახში გამოართვა შეგროვებული 1200 ლარი იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ეს თანხა საჭირო იყო სავაჭრო ობიექტის ასაშენებელი პროექტისათვის. ამით მოატყუა ისინი, ვინაიდან აღნიშნული სავაჭრო ობიექტი, კანონის შესაბამისად, არ შედიოდა მის მფლობელობაში და მას არ შეეძლო ფართის განკარგვა, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ზემოთ ხსენებული თანხა და დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

2001 წლის 26 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო @2/61-2001 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შპს „---ის“ ---ს _ გ. კ-ას დაევალა თავისი ორგანიზაციის ტერიტორიაზე განეთავსებინა მოქალაქე ვ. წ-ას სავაჭრო ჯიხური. ზუგდიდის მთავარი ---ის 1996 წლის -- იანვრის ¹-- ბრძანებისა და სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, გ. კ-ამ, როგორც სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელმა პირმა, არ შეასრულა მოსამართლის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელი შეუშალა მის შესრულებას, კერძოდ, ვ. წ-ას არ მისცა შპს „---ის“ ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურის განთავსების უფლება.

2001 წლის 29 ოქტომბერს მოქალაქე ვ. წ-ამ განცხადება წარადგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში და მოითხოვა მოსამართლის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.

2004 წლის 28 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების წინადადება მისცა შპს „---ის“ ---ს - გ. კ-ას. 2005 წლის 6 აპრილს სააღსრულებო ბიურომ განმეორებით მიმართა გ. კ-ას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების წინადადებით. მიუხედავად ამისა, გ. კ-ამ მოსამართლის გადაწყვეტილება არ შეასრულა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ზ-ამ, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და გამართლება, ხოლო მსჯავრდებულ გ. კ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ნ. წ-ემ და ვ. ყ-მა ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გ. კ-ას გამართლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II, 360-ე მუხლის II ნაწილებითა და 381-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ გ. კ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 153-ე მუხლის I ნაწილზე და ამ დანაშაულისათვის, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, არ დაენიშნა სასჯელი.

მსჯავრდებულებს _ ა. ზ-სა და გ. კ-ას შეუმცირდათ სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების – ა. ზ-სა და გ. კ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. ს-ემ და ნ. წ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულ ა. ზ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ს-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს უკანონო განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას, ან ალტერნატივის სახით _ უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის მოხდილი სასჯელის კმარებას და პატიმრობიდან განთავისუფლებას.

მსჯავრდებულ გ. კ-ას ადვოკატი ნ. წ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის სასარგებლოდ ცვლილების შეტანას და გ. კ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის II, 187-ე მუხლის I ნაწილებითა და 381-ე მუხლით გათვალისწინებული ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ა. ზ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გამართლების ან ალტერნატივის სახით _ მსჯავრდებულისათვის უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას ისეთი ვადით, რომელიც არ აღემატება მის პატიმრობაში ფაქტობრივად ყოფნის ვადას და მის გათავისუფლებას პატიმრობიდან.

პალატა ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულ გ. კ-ას ადვოკატის – ნ. წ-ის მოთხოვნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილების შეტანისა და გ. კ-ას გამართლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს, როცა აღნიშნავს, რომ თვითნებობა უფლების ერთ-ერთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით დადგენილი წესი. თავად დაგულვებული უფლება კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი უფლება არ გააჩნია. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. კ-ამ და ა. ზ-ამ უგულებელყვეს კანონით დადგენილი წესი და არ მიმართეს დაზარალებულების სავაჭრო ჯიხურებისგან მათი კუთვნილი ტერიტორიების განთავისუფლების კანონიერ-სამართლებრივ გზას და თვითნებურად, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით განახორციელეს მათი დემონტაჟი და ნგრევა.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულებისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების _ ა. ზ-სა და გ. კ-ს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.

სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით მსჯავრდებულებისათვის მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ზ-ია უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I ნაწილით, 360-ე მუხლის I, II და 118-ე მუხლის I ნაწილებით დანიშნული სასჯელის – 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

გ. კ-ია უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის I, II ნაწილებითა და 187-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის _ 3 წლის თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. მსჯავრდებულ გ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ზ-ია გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I, 360-ე მუხლის I, II და 118-ე მუხლის I ნაწილებით დანიშნული სასჯელის _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებული ა. ზ-ია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მსჯავრდებული გ. კ-ია გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის I და 360-ე მუხლის I, II ნაწილებით დანიშნული სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ გ. კ-ას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.