ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 28.12.2007
საქმის ნომერი
2კ-2090აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.12.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2090/აპ 28 დეკემბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენით ი. მ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „გ“, „დ“ და ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით, 207-ე მუხლით _ 1 წლით, 332-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 20 აგვისტოდან.

მასვე დაეკისრა 301000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენით მას მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში მაშინ, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშნვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; მანვე, იყო რა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი, ჩაიდინა გადახდისუუნარობისა და ზედავალიანების დროს განცხადების შეუტანლობა გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ; მანვე, იყო რა მოხელესთან გათანაბრებული პირი, არაერთგზის ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

შპს „---ის“ ---მა ი. მ-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ შეიტანა განცხადება გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ, რამაც გამოიწვია საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა.

ი. მ-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, სახელფასო დავალიანებები მუშა-მოსამსახურეებზე გასცა 30%-იანი დაქვითვით, რამაც ფიზიკური პირების, საზოგადოების მუშა-მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ი. მ-მა შპს „---ის“ ---ად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის ბოროტად გამოყენებით, თავისთვის და სხვისთვის რაიმე გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებები, არ გაასაჩივრა უკანონო აუდიტორული დასკვნა და აუქციონის შედეგები, გაფლანგა დიდი ოდენობით შპს ,,---ის“ ქონება, რამაც გამოიწვია საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა და მთლიანობაში სახელმწიფოს მიაყენა _ 301000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ხაშურის რაიონული სასამართოლს ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მ. ჩ-ემ და მსჯავრდებულ ი. მ-ის ადვოკატმა ლ. ბ-მა.

აპელანტი _ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორი მ. ჩ-ძე ითხოვს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ და მისთვის სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის – 2846180 ლარის დაკისრებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აპელანტი – მსჯავრდებულ ი. მ-ის ადვოკატი ლ. ბ-ლი მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, განაჩენი ემყარება მხოლოდ მოწმეების – აუდიტ გ. მ-სა და გ. კ-ის არასრულ ჩვენებებს, საქმეში არ მოიპოვება მსჯავრდებულ ი. მ-ის ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება და ითხოვს აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას და ი. მ-ის საცხოვრებელ ბინაზე არასწორად დადებული ყადაღის მოხსნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე ი. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება, საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად, ასევე _ ი. მ-ის საცხოვრებელ სახლზე, რომელიც ე. ჯ-ის საკუთრებაა, შეცდომით დადებული ყადაღის გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ი. მ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ი. მ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები.

საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შპს ,,---ის» --- ---ის სამმართველოში ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ ცნობით, სალაროს გასავლის ორდერებით, სახელმწიფო კომპანია ,,---ის» ---ის --- სამმართველოს მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრების ¹-- ოქმით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 აგვისტოს დადგენილებით, საქართველოს გენერალური პროკურატურისადმი სახელმწიფო კომპანია ,,---ის» გენერალური ---ის მიმართვის თანდართული მასალებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მინისტრისადმი სახელმწიფო კომპანია ,,---ის» გენერალური ---ის 2002 წლის -- ივნისის ¹-- განცხადებით, 2002 წლის -- იანვრის შედარების აქტით, --- მილების დატაცებასთან დაკავშირებით ცნობით, შპს „---ის“ 1999 წლის -- ივლისის ქონების შეფასების ¹-- აქტით, 2004 წლის -- იანვრის შეთანხმების ოქმით, მოწმეების _ გ. კ-ის, გ. მ-ის, დ. ა-ის, დაზარალებულების – მ. კ-სა და თ. ღ-ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მასალებით ი. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ განაჩენი ი. მ-ის მიმართ როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში არის დასაბუთებული, კანონიერი და არ არსებობს მასში ცვლილების შეტანის რაიმე სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. მ-ლი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 207-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ი. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „გ“, „დ“ და ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის I პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული ი. მ-ლი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 207-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის _ მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ი. მ-ლს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „გ“, „დ“ და ამავე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 332-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.