შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 29.10.2007
საქმის ნომერი
25საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

25/საზ 29 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. პ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 აგვისტოს განაჩენით გ. პ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“, „ლ“ პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 157-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები, 1960 წლის რედაქცია), 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით გ. პ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2000 წლის 26 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. პ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას, „ამნისტიის შესახებ“ 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილების გამოყენებასა და სასჯელის განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი ნაწილობივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 236-ე მუხლის I და II ნაწილებით (2000 წლის რედაქცია) უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

პალატა არ მსჯელობს გ. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილების გამოყენების და დანიშნული სასჯელის განახევრების თაობაზე, რადგან ამის შესახებ ერთხელ უკვე ნამსჯელი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინებაში.

ამავე დროს, პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინება გ. პ-ის მიმართ შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), დაკვალიფიცირებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის I ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის ითვალისწინებენ 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. პ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და „ლ“ პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3, სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 26 დეკემბრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ გ. პ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ და „ლ“ პუნქტებით (2000 წლის 1 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ გ. პ-ლს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.