შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 21.11.2007
საქმის ნომერი
3საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.11.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹3/საზ ქ. თბილისი

21 ნოემბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ფ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 თებერვლის განაჩენით:

1. ლ. ფ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; მანვე ჩაიდინა არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, რისთვის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2. გ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3. ა. ვ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. ო. ფ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

ლ. ფ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყო 2002 წლის 2 ივლისიდან, ხოლო გ. კ-სა და ა. ვ-ლს _ 2001 წლის 9 ნოემბრიდან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 11 ივლისის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ლ. ფ-ის მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდება ამ მუხლით დანიშნულ სასჯელთან ერთად და ამ ნაწილში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ლ. ფ-ძე საჩივარში მიუთითებს, რომ დანაშაული ჩაიდინა ავადმყოფი დედისათვის წამლის ფულის საშოვნელად; დანაშაულს თავიდანვე აღიარებდა და ინანიებდა; ამჟამად არ არის საზოგადოებისათვის საშიში, სურს შრომაში ჩაბმა და პატიოსნად ცხოვრება, რისთვისაც სასამართლოს სთხოვს, გადახედონ მის საქმეს და, 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების გათვალისწინებით, შეუმსუბუქონ სასჯელი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სრული მოცულობით შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", „ბ” და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარიც.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების _ ლ. ფ-ის, გ. კ-ის, ა. ვ-სა და ო. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ. ფ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სასჯელის სამართლიანობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ლ. ფ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ:

ლ. ფ-ის, გ. კ-ის, ა. ვ-სა და ო. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.

განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელების ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.