განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა წარმოებით
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
16საზ ქ. თბილისი
23 იანვარი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრის განაჩენით რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, რ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
მარნეულის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა რ. ა-მა 2005 წლის ივლისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოში, საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეიძინა ბავშვისა და მამაკაცის 552 ცალი სპორტული ტანსაცმელი.
2005 წლის 5 აგვისტოს რ. ა-მა სატვირთო ა/მანქანის საბარგულში მოწყობილ სამალავში მოათავსა შეძენილი საქონელი და გამთენიისას, საბაჟო პუნქტ „---“ სასაზღვრო შემოწმების დროს, საბაჟო კონტროლის ზონაში სგპ „---“ ---ს განუცხადა, რომ მისი ა/მანქანა ცარიელი იყო, რა მიზეზითაც არ შეავსო დეკლარაცია. საბაჟოს თანამშრომლებმა შემოწმებისას რ. ა-ის ა/მანქანის სამალავში აღმოაჩინეს 552 ცალი სპორტული ტანსაცმელი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 10249,35 ლარი, ხოლო საბაჟო გადასახადმა _ 3355,20 ლარი.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გ. ლ-ძე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმებასა და რ. ა-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მსჯავრდებულ რ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 3355,20 ლარს.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის რედაქციით, რომელიც მოქმედებდა რ. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთ ათას ლარს.
ამდენად, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ა-ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულება _ 3355,20 ლარი არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რადგან საბაჟო ღირებულების თანხა არ აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა”.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 593-599-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 თებერვლის განაჩენები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება რ. ა-ის მიმართ და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
რ. ა-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
რ. ა-ს უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განემარტოს რ. ა-ს, რომ მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.