განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 23.01.2007
საქმის ნომერი
18საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.01.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

18საზ ქ. თბილისი

23 იანვარი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრის განაჩენით ა. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 41-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 300 დღიური ანაზღაურების, დღეში 10 ლარის ოდენობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენის მიხედვით, ა. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ბოლნისის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა ა. მ-მა, რომელიც არის საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით რეგულარულად მოძრავი სამგზავრო ავტობუსის მძღოლი, განიზრახა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად და დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით.

თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან 2005 წლის აგვისტოში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეიძინა სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის ავტო-სატრანსპორტო საშუალებათა სათადარიგო ნაწილები. მან მითითებული საქონელი საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოსატანად განათავსა თავისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტობუსის სახ. ¹A..HA როგორც სალონის იატაკის ქვეშ, ასევე _ ამავე სალონის სავენტილაციო სათავსში მოწყობილ სამალავებში, რის შემდეგაც ა/მანქანით გამოემართა საქართველოს მიმართულებით.

2005 წლის 8 აგვისტოს ა. მ-მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო კონტროლის გავლის დროს საბაჟო „ .. “ საბაჟო გამშვები პუნქტის _ „ ..“ მებაჟეებს წარუდგინა --- საბაჟო დეკლარაცია, სადაც შეიტანა მონაცემები და მიუთითა, რომ, თითქოს მას ხელბარგის გარდა სხვა რაიმე ნივთები, რომლებიც ექვემდებარებოდა დეკლარირებას და, შესაბამისად, განბაჟებას, არ გააჩნდა.

მას შემდეგ, რაც საბაჟო ,, .. ’’ საბაჟო გამშვები პუნქტის _ „ .. ’’ მებაჟეებმა საბაჟო კონტროლის მიზნით შეამოწმეს ა. მ-ის მართვის ქვეშ მყოფი ,,მერსედესის” მარკის ავტობუსი, მისი სალონის იატაკის ქვეშ და ასევე სალონის სავენტილაციო სათავსში მოწყობილ სამალავებში აღმოჩენილი და შემდგომში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სათადარიგო ნაწილები, რომელთა საბაზრო, საცალო სარეალიზაციო ღირებულება შეადგენს 6502 ლარს, საბაჟო ღირებულება _ 3135 ლარს, ხოლო საბაჟო მოსაკრებელი და გადასახადი _ 1074 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში შეიცვალა, კერძოდ: ა. მ-ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი. მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ა/მანქანა ,,მერსედეს-ბენცის” ჩამორთმევა გაუქმდა; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა ეჭვმიტანილის სახით დაკავების ვადა _ 2005 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტომდე; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გ. ლ-ე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ა. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მსჯავრდებულ ა. მ-ს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 41-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა _ 300 დღიური ანაზღაურების, დღეში 10 ლარის ოდენობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ა. მ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო კონტროლისაგან მალულად და დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 3135 ლარს.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის რედაქციით, რაც მოქმედებდა ა. მ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა თხუთმეტ ათას ლარს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთ ათას ლარს.

ამდენად, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულება _ 3135 ლარი არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რადგან საბაჟო ღირებულების თანხა არ აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა”.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ა. მ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 593-599-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 23 ივნისის განჩინება და ა. მ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ა. მ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ა. მ-ს უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განემარტოს ა. მ-ს, რომ მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.