განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
20საზ ქ. თბილისი
24იანვარი,2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის განაჩენით ზ. რ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, ზ. რ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ზ. რ-ვი მუშაობდა ,,--- - ---” რეგულარულად მოძრავი სამგზავრო მატარებლის გამცილებლად. 2005 წლის ნოემბერში მან თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შეიძინა სხვადასხვა დასახელების 125 ცალი მობილური ტელეფონი. ზ. რ-მა საქონელი, საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოსატანად, ზემოაღნიშნული ვ-ის ღ-ის კარადაში მოწყობილ სამალავში განათავსა, რომელსაც შენიღბვის მიზნით ქვ-ი დააყარა.
2005 წლის 14 ნოემბერს ზ. რ-მა ზემოაღნიშნული მატარებლით გადმოკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი. მან საბაჟო კონტროლის გავლის დროს, საბაჟო ,,---” საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,---” მებაჟეებს მიუთითა, რომ მის ვაგონებში ნივთები, რომლებიც დეკლარირებასა და განბაჟებას ექვემდებარებოდა, არ გააჩნდა. მებაჟეების მიერ ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა ზემოაღნიშნული 125 ცალი მობილური ტელეფონი, რის შესახებაც ეცნობა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს. მათ მიერ ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების 125 ცალი მობილური ტელეფონი თავისი აქსესუარებით; ასევე სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის ავტო-სათადარიგო ნაწილები, რომელთა მთლიანი საბაჟო ღირებულება შეადგენს 14464,43 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. რ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ლ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გ. ლ-ძე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმებასა და ზ. რ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მსჯავრდებულ ზ. რ-ვს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. რ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 14464,43 ლარს.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის რედაქციით, რაც მოქმედებდა ზ. რ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთ ათას ლარს.
ამდენად, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულება _ 14464,43 ლარი არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რადგან საბაჟო ღირებულების თანხა არ აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა”.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 593-599-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის _ გ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 მარტის განაჩენები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება და ზ. რ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ზ. რ-ვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ზ. რ-ვს უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განემარტოს ზ. რ-ვს, რომ მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.