შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 16.10.2007
საქმის ნომერი
77საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹77\საზ. ქ. თბილისი

16 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 სექტემბრის განაჩენით მ. გ-ვა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით; მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 13 მაისიდან.

განაჩენით მ. გ-ას ბრალი დაედო ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებული მ. გ-ვა საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი სააპელაციო წესით ვერ გაასაჩივრა ეკონომიკური გაჭირვების გამო და ითხოვს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისხლის სამართლის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის მოხდის გადავადებას, საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რადგან ჰყავს ორი წლის შვილი და არის მარტოხელა დედა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. გ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება _ ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ვინაიდან ადრე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 2-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის მაქსიმალური ზღვარიც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

პალატა ვერ იმსჯელებს მსჯავრდებულის საჩივრის მოთხოვნაზე სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 616-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საკითხი წყდება სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ მ. გ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: მ. გ-ას ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.