განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა წარმოებით
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
115/საზ ქ. თბილისი
7 ივნისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ. კ-ის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ თ. კ-სა და ო. ა-ვს შორის.
ო. ა-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 18000 ლარის ოდენობით.
განაჩენის მიხედვით, ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა ო. ა-მა, განიზრახა რა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადაწყვიტა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ნაყიდი საქონელი დაეტვირთა თავის ა/მანქანა ,,გაზელ”-ში, გაეფორმებინა იგი როგორც ტრანზიტული ტვირთი, ამის შემდეგ კი განეხორციელებინა მისი რეალიზაცია, რითაც თავს აარიდებდა საქონლის იმპორტის რეჟიმით განბაჟებას.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ო. ა-მა 2005 წლის 27 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის ნეიტრალურ ზონაში მდებარე ბაზრობაზე შეიძინა 1900კგ კივი, 700კგ კიტრი და 359კგ ნიორი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,---ის” გავლით შემოიტანა საქართველოში, რა დროსაც საბაჟო საზღვარზე მას გამოუწერეს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია და გადაიხადა 100 ლარი. ამ დეკლარაციის მიხედვით, მას აღნიშნული საქონელი უნდა გადაეტანა რუსეთის ფედერაციაში. ამის მაგივრად ო. ა-ვი გაემართა ქ. თბილისში და 2005 წლის 28 იანვარს, 3 საათზე, იგი შევიდა ცენტრალური სუპერმარკეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ეზოში. აღნიშნულ ტერიტორიაზე მან ა/მანქანა ,,გაზელი” გააჩერა ერთ-ერთ საწყობთან და მთლიანად გადმოცალა ა/მანქანის საბარგულში არსებული საქონელი _ 1900კგ კივი, 700კგ კიტრი და 359კგ ნიორი, რომლის საბაჟო ღირებულებამ, შპს ,,---ის” ცნობით, შეადგინა 3815 ლარი, რის შემდეგაც გაემართა თავის საცხოვრებელ ბინაში, გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში. ყოველივე დაფიქსირდა ფარული ვიდეოგადაღებით, რაც გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ ცნო კანონიერად.
მსჯავრდებულ ო. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ს-ვი საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის _ 18000 ლარის ო. ა-ის ან თანხის შემტანი პირისათვის დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით მსჯავრდებულ ო. ა-ვს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 18000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ო. ა-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო კონტროლისაგან მალულად და დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენდა 3815 ლარს.
საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონის რედაქციით, რაც მოქმედებდა ო. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა სამი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებდა თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებით, 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ოცდახუთ ათას ლარს.
ამდენად, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მსჯავრდებულ ო. ა-ის მიერ საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულება _ 3815 ლარი არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, რადგან საბაჟო ღირებულების თანხა არ აჭარბებს თხუთმეტ ათას ლარს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად: “სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა”.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ ო. ა-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან ახალმა კანონმა გააუქმა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების დანაშაულებრიობა. ამასთან, უნდა გაუქმდეს დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა _ 18000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 593-599-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ო. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენი და ო. ა-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გაუქმდეს დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა _ 18000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ო. ა-ვს უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განემარტოს ო. ა-ვს, რომ მას უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ განცხადებით მიმართოს სასამართლოს 6 (ექვსი) თვის ვადაში, უზენაესი სასამართლოს განჩინების გამოტანის დღიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.