შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 10.07.2007
საქმის ნომერი
137საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

137-საზ ქ. თბილისი

10 ივლისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ ს. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ო-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 26 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 26 აგვისტოს განაჩენით:

კ. ო-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებითY_ სიკვდილით დასჯა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით _ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა.

მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მესამე ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17,117-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ბ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1992 წლის 7 სექტემბრიდან.

ა. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 19,229-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. გ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1992 წლის 11 სექტემბრიდან.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 1 აგვისტოს ¹-- ბრძანებულებით კ. ო-ვს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით კ. ო-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სათანადო ნებართვის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებითა და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით და აგრეთვე დაკავშირებული გაუპატიურებასთან; მანვე ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების გატაცება, რასაც თან ერთვოდა ძალადობის გამოყენება ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი; მანვე ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი.

მსჯავრდებული კ. ო-ვი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ კ. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ა-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ კ. ო-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს იმ სისხლის სამართლის კანონთან, რომელიც მოქმედებდა კ. ო-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს და ყველაზე მსუბუქია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ კ. ო-ვს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ კ. ო-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით კ. ო-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 228-ე მუხლის მესამე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობას, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულების _ კ. ო-სა და მ. ბ-ის წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელიც.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ კ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ კ. ო-ვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ო-ვს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე ანგარებითა და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო კ. ო-ვს. სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, კ. ო-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, კ. ო-ის მიერ ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომელთა სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში კ. ო-ის ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ო-ვს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. ო-ვს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1993 წლის 26 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ მ. ბ-სა და ა. გ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი ა. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მ. ბ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 17,117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტების სახით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 17,117-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1993 წლის 26 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ კ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ კ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე;

კ. ო-ვს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით მოსახდელად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ კ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1992 წლის 6 ნოემბრიდან.

მსჯავრდებულ მ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;

მსჯავრდებულ კ. ო-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ.რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.