შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 21.06.2007
საქმის ნომერი
147საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
21.06.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

147/საზ ქ. თბილისი

21 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

ადვოკატ _ ნ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:

ბ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა;

ზ. ა-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 91-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. ი-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) 19,152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, გ. ი-ის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრდება და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 5 წელი.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 აპრილის ¹-- ბრძანებულებით ბ. ჯ-ლს სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

განაჩენით ბ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება; არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, იმის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, ბინაში შეღწევით; ადრე ჩადენილი ჰქონდა რა ყაჩაღობა, კვლავ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ორ შემთხვევაში ბინაში შეღწევის გარეშე, ორ შემთხვევაში ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა.

მსჯავრდებული ბ. ჯ-ლი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. თ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა მიუთითა რა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე, მიიჩნია, რომ ბ. ჯ-ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს იმ სისხლის სამართლის კანონთან, რომელიც მოქმედებდა ბ. ჯ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს და ყველაზე მსუბუქია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს სასჯელის ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებით, 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბ. ჯ-ლი და ზ. ა-ლი წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) და მეხუთე პუნქტებით (ბინაში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) და ,,ბ” (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისა და შენახვისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ათ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებთან და მას უნდა მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. მის მიერ ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ბ. ჯ-ლს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამრიგად, ბ. ჯ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას და რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა შეეცვალა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს, რომელსაც წინათ განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 30 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ზ. ა-სა და გ. ი-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ზ. ა-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, მე-100 მუხლის მეორე ნაწილით, 91-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ზ. ა-ლი და ბ. ჯ-ლი წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან.

საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე (ყაჩაღობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი) და მეხუთე პუნქტებით (ბინაში შეღწევით), სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) და ,,ბ” (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, რადგან შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

მსჯავრდებულ ზ. ა-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს, მათთან მიმართებით განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ზ. ა-ლს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე საქმეზე მსჯავრდებულია გ. ი-ლი, რომელთან მიმართებითაც განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან საამისოდ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, რის გამოც განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1994 წლის 7 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე;

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ძვ. რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და ამ მუხლით მას მიესაჯოს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებულ ბ. ჯ-ლს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლის მოხდა მას დაეწყოს მისი დაკავების დღიდან _ 1994 წლის 14 თებერვლიდან.

მსჯავრდებულ ზ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე და მეხუთე პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე.

მსჯავრდებულ ზ. ა-ლს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტითა (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვროს 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ზ. ა-სა და გ. ი-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.