შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 16.07.2007
საქმის ნომერი
177საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.07.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

177 საზ. 16 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ტ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1990 წლის 11 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ტ-ვი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1989 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 209I მუხლით (პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფა) – განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა; 78-ე მუხლით (ბანდიტიზმი) - განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა; საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 104-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით – სიკვდილით დასჯა; რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის: 212Iñმუხლით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, 144-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, 145-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, 15-145-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. იგი პატიმრობაშია 1988 წლის 7 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის 23 აგვისტოს ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი ი. ტ-ვი შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1990 წლის 11 ივლისის განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1989 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში ი. ტ-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება: მისი ბრალდებიდან ამოირიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლსა და 104-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებზე, აგრეთვე, სსკ-ის 104-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-3, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებზე, ხოლო რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 212I მუხლის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ერთ წლამდე. სხვა ნაწილში ზემოაღნიშნული განაჩენი ი. ტ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

მისი მსჯავრდების შემდეგ იმ სისხლისსამართლებრივი ნორმების სანქციასთან მიმართებით, რომლებიც ითვალისწინებდნენ სიკვდილით დასჯას ი. ტ-ის მიერ ჩადენილი ქმედებებისათვის, რამდენჯერმე შეიცვალა კანონი. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ი. ტ-ვი საჩივრით ითხოვს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. ტ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ი. ტ-ვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განაჩენითა და საქართველოს უმაღლესი სასამართლოს განჩინებით შეიარაღებული ბანდის ორგანიზებისათვის შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) საფუძველზე, რომლის სანქცია სიკვდილით დასჯის ალტერნატივად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის, რაშიც ბრალი დაედო ი. ტ-ვს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

ამრიგად, ი. ტ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, მოცემულ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიერ შეიარაღებული ბანდის ორგანიზებასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების (შეიარაღებული ბანდის ორგანიზება) ჩადენისას, _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სიკვდილით დასჯის ალტერნატივის სახით სასჯელის ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე.

აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამჟამად მსჯავრდებულ ი. ტ-ვს ბანდიტიზმისათვის სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება განესაზღვროს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა შეეცვალა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით, მის მიერ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად.

საქართველოს სსკ-ის 209I მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ან სიკვდილით დასჯა. სსკ-ის 209I მუხლი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (განზრახ მკვლელობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე,საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. ტ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 209I მუხლიდან (მითითებული რედაქცია) შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. ტ-ვს, რომელსაც წინა განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული, აგრეთვე გასაჩივრებული განაჩენითა და განჩინებით მისთვის შეფარდებული ყველა სხვა სასჯელი.

საკასაციო პალატამ, შეამოწმა რა მისი პირადი საქმე სრული მოცულობით, დაადგინა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ი. ტ-ვი მსჯავრდებულია აგრეთვე საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რასაც სასამართლომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან დაუმატა - 5 წლით, 4 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 8 (რვა) დღის ვადით.

ამჟამად საკასაციო პალატამ, ი. ტ-ს მიმართ საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინების ზემოთ მითითებულ სისხლის სამართლის კანონებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე საკითხის განხილვის შემდეგ, უნდა იმსჯელოს ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სასჯელის ნაწილში ზემოხსენებულ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, კერძოდ: მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ წინა სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე ი. ტ-ის მიმართ სასჯელის მაქსიმალურ ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ იმ დანაშაულის ჩადენის დღისათვის, რომლის გამოც იგი გაასამართლა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, აღნიშნული თხუთმეტი წლის ვადიდან ი. ტ-ვს მოსახდელად დარჩენილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთის ვადა - 2 წელი, 4 თვე და 10 დღე, რომელიც უნდა დაემატოს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ბოლოს ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადას – სამ წელს, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ი. ტ-ვს უნდა განესაზღვროს საბოლოო სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას უნდა დაეწყოს 2001 წლის 27 თებერვლიდან. ი. ტ-ის მიერ პატიმრობაში გატარებული საერთო ვადის გათვალისწინებით, მას ამჟამად სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ტ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1990 წლის 11 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ი. ტ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 209I მუხლით (მითითებული რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რითაც საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე შთანთქმულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეეპუნქტითა (მითითებული რედაქცია) და გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ყველა სხვა სასჯელი.

მითითებული ცვლილებებიდან გამომდინარე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: ამ განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ზომას _ 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს წინა განაჩენის საფუძველზე განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დარჩენილი 2 (ორი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 10 (ათი) დღით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ ი. ტ-ვს სასჯელის ათვლა დაეწყო 2001 წლის 27 თებერვლიდან, მას სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.