საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 10.10.2007
საქმის ნომერი
292საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.10.2007

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

292/საზ ქ. თბილისი

10 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. მ-ის საჩივარი ახლა გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის დადგენილების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1997 წლის 4 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკის რაიონის განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ფაქტზე. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ვაკის რაიონის შს სამმართველოს მუშაკების მიერ მოკვლეული მასალები 1997 წლის 29 იანვარს დ. მ-ის მიმართ ჩადენილი ხულიგნობისა და მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.

1997 წლის 4 აპრილს საქმეზე შეჩერდა წინასწარი გამოძიება დამნაშავე პირის დაუდგენლობის მოტივით.

2005 წლის 11 თებერვალს ზედამხედველი პროკურორის დადგენილებით საქმეზე გაუქმდა წინასწარი გამოძიების შეჩერების დადგენილება და განახლდა წარმოება. საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურს.

ქ. თბილისის ვაკე-საბუთრალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ა. დ-ამ 2007 წლის 23 აპრილს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის I ნაწილითა და 111-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

პროკურორის დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში გაასაჩივრა დაზარალებულმა დ. მ-ემ და ითხოვა პროკურორის დადგენილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მ. ჯ-ის 2007 წლის 14 მაისის დადგენილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. დ-ას 2007 წლის 23 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლის დადგენილება დაზარალებულმა დ. მ-ემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში და ითხოვა მოსამართლისა და პროკურორის დადგენილებების გაუქმება და გამოძიების განახლება, რადგანაც გამოძიება არ ჩატარებულა ობიექტურად და სრულყოფილად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ი. ჟ-ის დადგენილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2007 წლს 14 მაისის დადგენილება.

დ. მ-კე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის დადგენილების გადასინჯვასა და მის გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება საჩივრდება სასამართლოში გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, სასამართლოს დადგენილება დ. მ-ემ უკვე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, ხოლო დადგენილების შემდგომ გასაჩივრებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

რაც შეშეხება საჩივრის მოტივს სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, იგი შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი.

ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჩივარში მითითებული არ არის საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებზე, ხოლო თბილისის სააპელაიცო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დადგენილება, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საბოლოოა და არ საჩივრდება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.