შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-909აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹909აპ ქ. თბილისი

3 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ზ. მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ფ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განაჩენზე კ. ფ-ს, ბ. ფ-სა და ა. დ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: 1. კ. ფ-ი, _ დაბადებული . წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად და არაერთგზის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ანგარებითა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცება;

2. ბ. ფ-ი, _ დაბადებული .......... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად და არაერთგზის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე;

3. ა. დ-ძე, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით იმაში, რომ ჩაიდინა მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად და არაერთგზის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით; ასევე _ არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე; ასევე _ ანგარებით მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცება. კ. ფ-ს, ბ. ფ-სა და ა. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ა. დ-ძე წარსულში გასამართლებული იყო გორის რაიონული სასამართლოს მიერ მოქალაქეებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და ჩაიდინა ახალი დანაშაული, კერძოდ:

2005 წლის ზაფხულში ა. დ-მ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მოქალაქეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმების, მათი პირადი ქონების დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მან აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში გააერთიანა თავისი ძმა _ ზ- დ-ძე, კ. ფ-ი, ბ. ფ-ი, ე. ფ-ი, ლ. ჩ-ი, არასრულწლოვანი ლ. ჩ-ი, ქ. მ-ლი და ცხინვალში მცხოვრებნი, დაუდგენელი ვინმე „ინალა” და „ედიკა”.

წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ხსენებულ პირებს ქ. თბილისში უნდა გაეჩერებინათ ტექნიკურად შესამჩნევად გამართული ტაქსები _ „მერსედესისა” და „ოპელის” მარკის ავტომანქანები, რომლებიც უნდა წაეყვანათ გორის, მცხეთისა და დუშეთის რაიონებში, სადაც, შეიარაღებულები, ყაჩაღურად თავს დაესხმებოდნენ მძღოლებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით უკანონოდ აღუკვეთდნენ თავისუფლებას, ხოლო ავტომანქანებს გადაიყვანდნენ ქ. ცხინვალში, სადაც „ინალასა” და „ედიკას” მეშვეობით მოახდენდნენ მათ რეალიზაციას, თანხას კი ურთიერთშორის გაინაწილებდნენ.

2005 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. დ-მ და მ. ხ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერეს ავტომანქანა, „ოპელ-ომეგას” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა ვ. ბ-ძე და გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ სთხოვეს მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში წაყვანა. ადგილზე მისვლის დროს დანების მუქარით თავს დაესხნენ, გადასვეს საჭიდან, სხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ხელები შეუკრეს ე.წ. „ბენდენით” და ამ გზით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გასტაცეს 9 აშშ დოლარი და 15 ლარი, 100 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და 16 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანა, რომელიც წაიყვანეს გორის რაიონის სოფელ რეხას მიმართულებით, სადაც მ. ხ-ი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ხოლო ა. დ-მ შეძლო მიმალვა.

2005 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე, ე. ფ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერა ბ. ლ-ს კუთვნილი ავტომანქანა, „მერსედესის” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა თ. კ-ა. გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მან სთხოვა დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის გადასახვევთან წაყვანა. ადგილზე მისვლის დროს, შეთანხმებისამებრ, ე. ფ-ს ელოდებოდნენ კ. ფ.-ი, ა. და ზ. დ-ი, რომლებიც დანების მუქარით თავს დაესხნენ თ. კ-ს, გადასვეს საჭიდან, რის შემდეგაც, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გასტაცეს 55 ლარი, 30 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი, 80 ლარის ღირებულების მაჯის საათი და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი. ბოროტმოქმედებმა მძღოლი გადაიყვანეს მანქანიდან, მობილურის დამტენის სადენით შეუკრეს ხელები, მიაბეს ხეზე და ამ გზით აღუკვეთეს თავისუფლება. ა. დ-მ ავტომანქანა ჩაიყვანა ქ. ცხინვალში, სადაც ვინმე „ინალას” მეშვეობით გაყიდა 700 აშშ დოლარად, თანხა კი ურთიერთშორის გაინაწილეს.

2005 წლის 2 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე, ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან”, ე. ფ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერა ტაქსი _ ავტომანქანა „მერსედესი”, რომელსაც მართავდა დ. ა-ძე და სთხოვა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში წაყვანა, სადაც მას, შეთანხმებისამებრ, ელოდნენ კ. ფ-ი და ა. დ-ძე. ადგილზე მისვლისას ისინი ჩასხდნენ მანქანაში, დანების მუქარით თავს დაესხნენ მძღოლს, გადასვეს საჭიდან, რის შემდეგაც, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, გასტაცეს 55 ლარი, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, მართვის მოწმობა და 150 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი. სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ბოროტმოქმედებმა დ. ა-ს ე.წ. „სკოჩით” შეუკრეს ხელები და ამ გზით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ა. დ-ძე დაჯდა საჭესთან, ავტომანქანა ჩაიყვანა მდინარე არაგვის პირას, სადაც დარჩნენ დ. ა-ძე, კ. ფ-ი და ა. დ-ძე, ხოლო ე. ფ-მა 7000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა ჩაიყვანა გორის რაიონის სოფელ ტირძნისში და, შეთანხმებისამებრ, გადასცა ზ. დ-ს, რომელმაც ქ. ცხინვალში ვინმე „ინალას” მეშვეობით მანქანა გაყიდა 1200 აშშ დოლარად, თანხა კი ურთიერთშორის გაინაწილეს.

2005 წლის 15 ოქტომბერს, დაახლოებით 20.30 საათზე, ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ლ. ჩ-მა და ქ. მ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერეს „ოპელ-ვექტრას” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა ფ. ვ-ი და გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ სთხოვეს დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში წაყვანა. კოლმეურნეობის მოედანზე ავტომანქანაში, შეთანხმებისამებრ, ჩასხდნენ ა. დ-ძე, ე. ფ-ი და ბ. ფ-ი. დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში დანებითა და პისტოლეტის მუქარით თავს დაესხნენ მძღოლს, გადმოსვეს საჭიდან, შეიყვანეს ტყეში, რის შემდეგაც, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს 70 ლარი და 150 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი. ა. დ-მ და არასრულწლოვანმა ლ. ჩ-მა 3500 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა გადაიყვანეს ქ. ცხინვალში და გაყიდეს 700 აშშ დოლარად ვინმე „ინალას” მეშვეობით, თანხა კი ურთიერთშორის გაინაწილეს.

2005 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე, ლ. ჩ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერა „მერსედესის” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა გ. კ-ძე და გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ სთხოვა გორის რაიონის სოფელ ტირძნისში წაყვანა, სადაც, შეთანხმებისამებრ, ელოდნენ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ა. დ-ძე, „ინალა” და „ედიკა”. მათ მძღოლი გადასვეს ავტომანქანიდან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს მანქანის ტექნიკური პასპორტი, 4300 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა კი გაიტაცეს, რომელიც ა. დ-მ ქ. ცხინვალში, ვინმე „ინალას” მეშვეობით გაყიდა 900 აშშ დოლარად, თანხა კი ურთიერთშორის გაინაწილეს.

2005 წლის 10 ნოემბერს, დაახოლოებით 19 საათზე, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ლ. ჩ-მა, არასრულწლოვანმა ლ. ჩ-მა და ქ. მ-მა გააჩერეს თ. მ-ს კუთვნილი, „მერსედესის” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა დ. ძ-ა და გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ სთხოვეს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში წაყვანა, სადაც ელოდნენ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ა. დ-ძე და ვინმე „ინალა”. მათ დ. ძ-ა გადასვეს მანქანიდან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, 72 ლარი, მართვისა და პირადობის მოწმობები, 120 აშშ დოლარად ღირებული მობილური ტელეფონი, 7000 აშშ დოლარად ღირებული მანქანა კი ა. დ-მ ვინმე „ინალას” მეშვეობით გაყიდა ქ. ცხინვალში 1200 აშშ დოლარად, თანხა კი ურთიერთშორის გაინაწილეს.

2005 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 17 საათზე, ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. მ-მა, შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის მიზნით, გააჩერა „მერსედესის” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა ვ. გ-ი და გარკვეული საფასურის ნაცვლად სთხოვა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში წაყვანა, სადაც, შეთანხმებისამებრ, ელოდებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ა. დ-ძე, ვინმე „ინალა” და „ედიკა”. მათ ვ. გ-ი გადასვეს ავტომანქანიდან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვეს მანქანის ტექნიკური პასპორტი, მართვისა და პირადობის მოწმობები, ჩამოსვეს ავტომანქანიდან ერგნეთთან ახლოს, ხოლო 5000 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა ა. დ-მ „ინალას” მეშვეობით გაყიდა 900 აშშ დოლარად, თანხა კი ურთიერთშორის გაინაწილეს.

აღნიშნული ქმედებისათვის მსჯავრდებულებს განესაზღვრათ: ა. დ-ს _ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით _ 6 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ა. დ-ს საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; კ. ფ-ს _ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით _ 5 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. კ. ფ-ს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბ. ფ-ს _ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით _ 6 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით _ 6 წლით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ფ-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. კ. ფ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 27 ნოემბრიდან, ა. დ-ს _ 2005 წლის 30 ნოემბრიდან, ხოლო ბ. ფ-ს _ 2005 წლის 17 დეკემბრიდან.

კ. ფ-სა და ა. დ-ს დაზარალებულ ბ. ლ-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5 ათასი აშშ დოლარის, დაზარალებულ თ. კ-ს სასარგებლოდ _ 85 ლარის, დაზარალებულ დ. გ-ს სასარგებლოდ _ 5 ათასი აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მსჯავრდებულებს _ ლ. ჩ-ს, ქ. მ-სა და ა. დ-ს დაზარალებულ თ. მ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6 ათასი აშშ დოლარის გადახდა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ. ჩ-სა და პროკურორ ი. ნ-ს შორის, აგრეთვე _ მსჯავრდებულ ქ. მ-სა და პროკურორ ი. ნ-ს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ლ. ჩ-ი და ქ. მ-ი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და საბოლოოდ განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალათ პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით; მათვე დაეკისრათ ჯარიმის გადახდა, თითოეულს _ 2 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ბ. ფ-სა და კ. ფ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. ფ-მა და ა. ღ-მა.

ადვოკატმა ზ. ფ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება, ბ. ფ-ს გამართლება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „დ” ქვეპუნქტებითა და 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მისთვის პირობითი სასჯელის განსაზღვრა.

ადვოკატმა ა. ღ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება, კ. ფ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, მისთვის საპატიმრო ადგილებში გატარებული პერიოდის კმარება და სასჯელის დარჩენილი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მსჯავრდებულმა ბ. ფ-მა და მისმა ადვოკატმა თ. მ-მა დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და ითხოვეს ბ. ფ-ს გამართლება სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, მისი ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 150-ე მუხლით ან 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და სასჯელის შემსუბუქება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განაჩენით ადვოკატ ზ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ადვოკატ ა. ღ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი ვადის დარღვევით შეტანის გამო; ამასთან, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: კ. ფ-ს, ბ. ფ-სა და ა. დ-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე; კ. ფ-ს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბ. ფ-ს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ა. დ-ს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „დ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ბ. ფ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობის საქმის მასალებიდან, ეფუძნება მხოლოდ თავად მსჯავრდებულის აღიარებასა და ლ. ჩ-სა და ქ. მ-ს განთქმას; მისი აღიარება გამოწვეული იყო პროკურატურის შეთავაზებით, რომ, აღიარების შემთხვევაში, გაუფორმებდა საპროცესო გარიგებას, მაგრამ პროკურატურამ დაპირება არ შეასრულა; სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მე-10, მე-19, 503-ე, 132-ე მუხლების, ასევე _ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მოთხოვნები, როდესაც განაჩენი დაადგინა არა უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ _ აღიარებასა და განთქმაზე; მის მიმართ არ ჩატარებულა სამართლიანი სასამართლო, საქმე არ განხილულა ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად, რითიც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-14 მუხლები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ბ. ფ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

გარდა ამისა, საქმეშია მსჯავრდებულ კ. ფ-ს ადვოკატ გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი, რომელსაც პალატა ვერ განიხილავს, ვინაიდან დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა _ მხარეს საჩივარი არ შეუტანია განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ერთთვიან ვადაში. ამასთან, კ. ფ-სა და მის ადვოკატს განემარტათ, რომ უფლება ჰქონდათ, მიემართათ სააპელაციო სასამართლოსათვის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ სრულად შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა თ. კ-მ დაადასტურა, რომ მასზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში, რა დროსაც ყელზე მიადეს დანა, სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ ა. დ-ძე და კ.ე ფ-ი. ამ უკანასკნელმა შეუკრა ხელ-ფეხი, შემდეგ მიაბეს ხეზე და ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა 4-5 საათის მანძილზე. თავდასხმის შედეგად გასტაცეს ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა (ტ. 4, ს.ფ. 151-156).

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვ. შ-მა განმარტა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ღამით, დაახლოებით 01 საათზე შეამჩნია ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა და მძღოლს საბუთები მოსთხოვა. მართვის მოწმობა გაცემული იყო კ. F-ს სახელზე, ხოლო ავტომანქანის ტექპასპორტი სხვა გვარზე იყო შევსებული. ვ. შ-ს ეჭვი არაფერში შეუტანია (ტ. 4, ს.ფ. 271-272).

ბ. ფ-ი სასამართლოში დამაჯერებლად ამხილეს მსჯავრდებულებმა ლ. ჩ-მა და ქ. M-მა. ლ. ჩ-მა მიუთითა, რომ ჯგუფის წევრი იყო ბ. ფ-ც. ყველას ხელმძღვანელობდა ა. დ-ძე (ტ. 4, ს.ფ. 272-276).

საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა მასალებით, მათ შორის _ მსჯავრდებულ ა. დ-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და ამოცნობის ოქმებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ა. დ-მ და კ. F-მა ჩაიდინეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო ბ. ფ-მა ჩაიდინა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2006 წლის 31 მაისამდე და ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლი გულისხმობს არასრულწლოვნის დაყოლიებასა და ჩაბმას სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბ. ფ-ი იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ბრალად უნდა შეერაცხოს ამ ჯგუფის წევრთა მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული. სსკ-ის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, მის შემქმნელსა და ხელმძღვანელსაც კი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ. ფ-ს არ შეუქმნია ორგანიზებული ჯგუფი და არც მისი ხელმძღვანელი ყოფილა, იგი მონაწილეობდა ჯგუფის მიერ ჩადენილ მხოლოდ ერთ თავდასხმაში, რა დროსაც გაიტაცეს ფ. ვ-ს კუთვნილი, 3500 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა. საქმის მასალებით არ არის უტყუარად დადასტურებული, რომ ბ. ფ-ი მონაწილეობდა სხვა თავდასხმების მომზადებაში და ამის შესახებ არც საბრალდებო დასკვნაშია მითითებული. პალატა აქვე განმარტავს, რომ გარკვეული მიზნით, მოცემულ შემთხვევაში _ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად პირთა მყარი ჯგუფის შექმნა იმთავითვე არ გულისხმობს ამ ჯგუფის წევრთა მონაწილეობას ყველა დანაშაულის მომზადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენიდან ა. დ-ს მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ბ. ფ-ს მიმართ კი _ 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდებში მათ მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით კ. F-სა და ა. დ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ბ. ლ-ს სასარგებლოდ 5 ათასი აშშ დოლარის, თ. კ-ს სასარგებლოდ _ 85 ლარის, დ. გ-ს სასარგებლოდ _ 5 ათასი აშშ დოლარის გადახდა. გარდა ამისა, ა. დ-ს, ლ. ჩ-სა და ქ. მ-ნ ერთად სოლიდარულად დაეკისრა თ. მ-ის სასარგებლოდ 6 ათასი აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნულის შესახებ სააპელაციო პალატის განაჩენში, მათ შორის _ სარეზოლუციო ნაწილში არაფერია ნათქვამი. რამდენადაც სსსკ-ის 535-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა, სსსკ-ის 566-ე მუხლის გათვალისწინებით, ვერ მიიღებს მსჯავრდებულთა საზიანო გადაწყვეტილებას.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულებს _ კ. F-სა და ა. დ-ს უნდა გაუნახევრდეთ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელები _ 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რადგან სამივე მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელები დაენიშნათ ადრე მოქმედი, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, მათ ეს სასჯელები უნდა შეუმსუბუქდეთ.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განაჩენიდან ა. დ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ბ. ფ-ს მიმართ _ 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდებში მათ მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

მსჯავრდებულებს _ ა. დ-სა და კ. F-ს გაუნახევრდეთ სსკ-ის 363-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელები _ 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა 3-3 (სამ-სამი) თვით;

ბ. ფ-ს საქართველოს ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. ფ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; კ. F-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა; ა. დ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.