ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 03.01.2008
საქმის ნომერი
2კ-1091აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹1091აპ ქ. თბილისი

3 იანვარი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. გოგიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით თ. ს-ძე, _ დაბადებული ....... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 22 სექტემბერს, 05 საათზე, შპს „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს” თერაპიული განყოფილების მიმღებში მუცლის არეში ტკივილებით, სასწრაფო დახმარების ავტომანქანით მიიყვანეს ქ. მცხეთაში მცხოვრები, ... წელს დაბადებული გ. მ-ი. 05.40 საათზე თერაპიული განყოფილების მიმღებიდან ავადმყოფი გადაიყვანეს გინეკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მორიგე ექიმ-გინეკოლოგმა ზ. ო-მ და ამავე საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ სამკურნალო დარგში, მეან-გინეკოლოგმა ნ. ლ-მ გასინჯეს პაციენტი და დაუსვეს დიაგნოზი: „პოსტაბორტული მწვავე ენდომეტრიტი, პევლიო პერიტონიტი”, რის საფუძველზეც 05.50 საათზე ავადმყოფს ჩაუტარდა საშვილოსნოს ინსტრუმენტული გამოფხეკა.

ავადმყოფს, სიმპტომატიკიდან გამომდინარე, აღენიშნებოდა ძლიერი ტკივილები მუცლის არეში, პირღებინება, შინაგანი გასინჯვის მონაცემებით _ საშვილოსნოს ყელი მოძრაობისას მტკივნეული იყო. ექიმ-გინეკოლოგებს _ ნ. ლ-სა და ზ. ო-ს, დანიშნულ დიაგნოზთან ერთად, არ გაუტარებიათ დიფერენციალური დიაგნოზი საშვილოსნოს გარე ორსულობასთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა, მათი მხრიდან, მკურნალობის არასწორი მიმართულებით წარმართვა.

10.25 საათზე საავადმყოფოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით გამოცხადებულმა მეან-გინეკოლოგიური განყოფილების უფროსმა თ. ს-მ გასინჯა ავადმყოფი გ. მ-ი და დასვა იგივე დიაგნოზი.

მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფ გ. მ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა საათობრივად მძიმდებოდა, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით პაციენტს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარდა გვიან, საავადმყოფოში მისი მიყვანიდან დაახლოებით 7 საათის შემდეგ.

ექოსკოპიის შედეგებით, გ. მ-ს მუცლის არეში აღმოაჩნდა დიდი ოდენობით თავისუფალი სითხე. როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, აღმოჩენილი სითხე წარმოადგენდა სისხლს, რომელიც განვითარებული იყო საშვილოსნოს გარეორსულობით მარჯვენა კვერცხსავალი მილის გასკდომის შედეგად.

ექოსკოპიის ასეთი შედეგები და მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა, კერძოდ, პაციენტის შოკური მდგომარეობა, ჰემატოკრიტის კრიტიკული მაჩვენებელი, კანისა და ლორწოვანი გარსის იქტერიულობა, პირდაპირ მიუთითებდა ავადმყოფის საშვილოსნოს გარეორსულობის გამო კვერცხსავალი მილის გახეთქვაზე, რომლის ერთადერთ სწორ მკურნალობას წარმოადგენდა სასწრაფო მუცელკვეთა და სისხლდენის შესაჩერებლად დაზიანებული მილის ამოკვეთა, რომლის ჩაუტარებლობაც აუცილებლად გამოიწვევდა ავადმყოფის სიკვდილს.

თ. ს-მ გინეკოლოგებთან _ ზ. ო-სა და ნ. ლ-სთან ერთად „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის უგულებელყოფით, რომლის თანახმადაც, მას ევალებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი გ. მ-სათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გამომდინარეობდა სწორი დიაგნოზის დასმასა და ადეკვატური მკურნალობის წარმართვაში, კვლავ ვერ დაუსვა პაციენტს სწორი დიაგნოზი, არ დაადგინა ავადმყოფის ორგანიზმში აღმოჩენილი სითხის სახეობა, არ ჩაატარა გადაუდებელი ოპერაცია, რამაც გამოიწვია გ. მ-ის სიცოცხლის მოსპობა 15.50 საათზე.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. მ-ს სიკვდილის უშუალო მიზეზია საშვილოსნოს გარე ორსულობის გამო კვერცხსავალი მილის გახეთქვის შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობა.

აღნიშნული ქმედებისათვის თ. ს-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რომლის მოხდაც, საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის გამოყენებით, გადაუვადდა სრულად გამოჯანმრთელებამდე; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 15 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; გაუქმდა თ. ს-სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში დაუბრუნდა გირაოს შემტანს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს-მ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. ს-ს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ს-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვისა და განაჩენის დადგენისას უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 435-ე და 436-ე მუხლების მოთხოვნები, სააპელაციო სასამართლომ კი სათანადო შეფასება არ მისცა ამ დარღვევებს; სსსკ-ის 443-ე მუხლი განსასჯელის მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მისგან თავის არიდების შემთხვევაში; საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მონაცემი იმის შესახებ, რომ, თითქოს თ. ს-ძე თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას; შექმნილ ვითარებაში, როდესაც განსასჯელი ვერ ცხადდებოდა სასამართლოში, ერთადერთი კანონიერი გამოსავალი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნა; მსჯავრდებულს აშკარად გაუუარესდა მდგომარეობა, რაც დასტურდება ჯანმრთელობის ცნობებითა და სასწრაფო დახმარების გამოძახების გაზრდილი ინტენსივობით; ორივე ინსტანციის სასამართლოებმა კი დაადგინეს, რომ თ. ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე იყო, რაც ექსპერტიზის ჩატარების დროს; სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმეების დაკითხვა დაუშვებელი იქნებოდა ამგვარი შუამდგომლობის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უარყოფის გამო.

კასატორთა აზრით, მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია; საქმის მასალებში არ მოიძებნება თ. ს-ს ბრალეულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო მარტოოდენ უმოქმედობა დროის მცირე მონაკვეთში არ შეიძლება, დანაშაულად იქნეს მიჩნეული; თ. ს-ს პაციენტთან შეხება ჰქონდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ავადმყოფი გადავიდა სხვა განყოფილებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის არმქონე ექიმი არ არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება; მხოლოდ მას მერე, რაც განმეორებითი ექოსკოპიის შემდეგ გაირკვა, რომ ავადმყოფს მუცლის ღრუში ჰქონდა სითხე, თ. ს-მ მიიღო ოპერაციის დაუყოვნებლივ გაკეთების გადაწყვეტილება, მაგრამ ორივე ანესთეზიოლოგი და ნარკოზის ორივე აპარატი ოპერაციებზე იყო; სწორედ ეს პერიოდი ჩათვალა სასამართლომ დანაშაულებრივ უმოქმედობად, რაც არასწორია.

კასატორთა მოსაზრებით, სასჯელის ზომა და დამატებითი სასჯელის გამოყენება აშკარად აღემატება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დავუშვებთ, რომ თ. ს-მ მართლაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ. ს-ძე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ს-ძე ითხოვენ პირველი და სააპელაციო ინსტანციების განაჩენთა გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ სრულად შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ თ. ს-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. ნ-მა განმარტა, რომ ავადმყოფ გ. მ-ს პირველი ექოსკოპია ჩაუტარდა დაახლოებით 11 საათზე, მაგრამ გამოკვლევა ვერ მოხერხდა. მეორე ექსოკოპია დასრულდა 12.50 საათზე და მუცლის ღრუში აღმოჩნდა სითხე. გ. ნ-მა თ. ს-ს აცნობა, რომ მუცლის ღრუში იყო სითხე, სავარაუდოდ _ სისხლი და ავადმყოფს ესაჭიროებოდა ოპერაცია. დაახლოებით 14 საათზე გ. ნ-მა ავადმყოფის ახლობლებისაგან შეიტყო, რომ ოპერაცია არ იყო დაწყებული, რაც ძალიან გაუკვირდა (ტ. 3, ს.ფ. 189-190).

აღნიშნულ ჩვენებასთან დაკავშირებით საგულისხმოა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ზ. ჩ-ს განმარტება იმის შესახებ, რომ დაახლოებით 15 საათზე ს-ე და ო-ძე მას ამშვიდებდნენ _ ყველაფერი კარგად არის და სანერვიულო არაფერიაო. ავადმყოფი 15.45 საათზე გარდაიცვალა. ზ. ჩ-მა ისიც მიუთითა, რომ ექიმებს შესთავაზა ავადმყოფის ქ. თბილისში გადაყვანა, მაგრამ უარი მიიღო (ტ. 3, ს.ფ. 121-124).

კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავადმყოფი გულიკო მახარაშვილი საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას, რაც არ ჩატარდა (ტ. 1, ს.ფ. 106-112).

სასამართლოში დაიკითხნენ ამ დასკვნის ავტორები _ ა. ქ-ძე და ლ. ჩ-ა. ა. ქ-მ განმარტა, რომ საავადმყოფოში მიღებისთანავე ავადმყოფს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის დაგვიანებამაც გამოიწვია სიკვდილი. ა. ქ-მ ასევე მიუთითა, რომ 10.25 საათზე ავადმყოფის მდგომარეობა თ. ს-მ შეაფასა, როგორც მძიმე, და იგი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ა. ქ-მ და ლ. ჩ-მ დაადასტურეს თავიანთი დასკვნის სისწორე (ტ. 3, ს.ფ. 190-193; 209-210).

მოწმე ი. ტ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ექოსკოპია ჩატარდა დაახლოებით 13 საათზე. ავადმყოფი იმყოფებოდა თ. ს-სა და ზ. ო-ს მეთვალყურეობის ქვეშ. ზ. ო-ს შეთავაზებას, ავადმყოფი შეეყვანათ საოპერაციოში, თ. ს-ძე უპასუხოდ ტოვებდა და ელოდებოდა სამეანო განყოფილების გამგეს (ტ. 3, ს.ფ. 196-197).

ექსპერტმა ა. ბ-მ სასამართლოში განმარტა, რომ ,,საკვანძო მომენტია ექოსკოპიის დასკვნა, რომელიც გაკეთდა 13 საათზე. ამ მომენტიდან მკაფიოდ იკვეთება სრული სურათი და არც სწორი დიაგნოზის დასმა იყო პრობლემა. პაციენტი იყო სასწრაფო საოპერაციო. ყოველი წუთი იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ რატომღაც პაციენტი საოპერაციოდ შეიყვანეს 15.15 საათზე, 15.20 საათზე დაფიქსირდა გულის გაჩერება, 15.50 საათზე _ პაციენტის გარდაცვალება" (ტ. 3, ს.ფ. 207-209).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ:

როგორც ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე დაინიშნა სათადარიგო მოსამართლე, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო საქმე განსახილველად გადაეცა სხვა მოსამართლეს (ტ. 3, ს.ფ. 244-245). ამასთან, რამდენადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არ არის სავალდებულო, რომ სათადარიგო მოსამართლე იმყოფებოდეს სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დაწყებიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის გაგრძელებას გავლენა არ მოუხდენია კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე და არც სსსკ-ის 436-ე მუხლის მოთხოვნები დარღვეულა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2006 წლის 8 ნოემბერს თ. ს-ძე არ გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. იმავე დღეს შედგენილი ცნობის შესაბამისად, თ. ს-ძეს შეეძლო გადაადგილება და ექვემდებარებოდა ტრანსპორტირებას (ტ. 3, ს.ფ. 255). ამის შემდეგ სხდომა რამდენჯერმე გადაიდო, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნით თ. ს-ძე საშუალო სიმძიმის ავადმყოფი იყო. ამის შემდეგ განსასჯელი სხდომებზე არ ცხადდებოდა და წერილობით მიმართა სასამართლოს, რათა საქმის წარმოება შეჩერებულიყო ან გაგრძელებულიყო მის დაუსწრებლად.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდა საფუძველი და უფლებამოსილიც იყო, საქმე განეხილა განსასჯელის დაუსწრებლად. ამასთან, მსჯავრდებულ თ. ს-ს უფლებები არ შეზღუდულა, რამდენადაც იგი მონაწილეობდა იმ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, რასაც ეყრდნობა გასაჩივრებული განაჩენი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა (რაც შეზღუდავდა პროცესის მონაწილეთა უფლებებს, ხელს შეუშლიდა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენას მოახდენდა კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენაზე).

პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ასევე _ თ. ს-ს მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას და მიიჩნევს, რომ განსაზღვრული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

ამასთან, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული თ. ს-ძე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული ძირითადი სასჯელის _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ,,ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მაისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: თ. ს-ძე გათავისუფლდეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რომლის აღსრულება გადაევადა სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.