შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 29.07.2008
საქმის ნომერი
2კ-1118აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

-1118აპ 29 ივლისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე(თავმჯდომარე,)

იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით და ჯარიმა – 2000 ლარი.

განაჩენით მას მსჯავრი დაედო უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, აგრეთვე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის (პოლიციის მუშაკების) მიმართ წინააღმდეგობისათვის მათი საქმიანობის შეცვლა - შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. ზემოაღნიშნული, გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, გამოიხატა შემდეგში: მსჯავრდებული გ. რ. 2004 წლის 25 ივლისიდან ირიცხებოდა გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო აჟარაში დისლოცირებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბატალიონ „მონადირის“ მსროლელთა ათეულის მეტყვიამფრქვევედ. ბატალიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 27 მაისის ბრძანებით გაუქმდა. ბრძანებას არ დაემორჩილა მსჯავრდებული, განაგრძობდა უკვე უკანონოდ ქცეულ შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობას და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ «აკმ-ის» სისტემის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რაც მისგან ამოღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გულრიფშის რაიონის სოფელ ქვემო აჟარაში, 2006 წლისს 28 ივლისს ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად და ჩამოერთვა; მანვე სოფელ აჟარაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მისი განიარაღების ოპერაციის ჩატარებისას, საქმიანობის შეწყვეტისა და ხელისშეშლის მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის (სპეციალური ოპერატიული ჯგუფის) მუშაკებს, გაუხსნა მათ ცეცხლი ავტომატური იარაღიდან, რასაც საბრძოლო ვაზნების გახარჯვამდე აგრძელებდა.

აპელანტი, მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. კ. თავისი სააპელაციო საჩივრით მოითხოვს გ. რ-ს მიმართ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის გამართლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განაჩენით ცვლილება შევიდა გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენში, კერძოდ: გ. რ. გამართლდა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. გ. რ. ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. კ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი მოითხოვს მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გ. რ-ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 აპრილის განკარგულებით მსჯავრდებული გ. რ. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის მოხდისაგან. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ჟ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 მაისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და გ. რ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულებისათვის, გათვალისწინებული სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 აპრილის განკარგულების საფუძველზე გ. რ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულებისათვის, გათვალისწინებული სსკ-ის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.