ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1659 აპ 4 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საბრალდებო დასკვნით კ. როს, _ დაბადებულს ......... წელს, საქართველოს მოქალაქეს, ცოლშვილიანს, საშუალო განათლების მქონეს, ნასამართლობის არმქონეს, მცხოვრებს ქ. თელავში, ...ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის განაჩენით კ. რ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. იმავე განაჩენით კ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 108-ე მუხლით _ თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა მთლიანი შეკრების წესით კ. რ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განაჩენით კ. რ-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობისათვის, აგრეთვე ფალსიფიკაციისათვის, ე.ი. მწარმოებლის მიერ მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლისათვის, ჩადენილი ანგარებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქ. თელავში მცხოვრები კ. რ-ი ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა თელავის საგადასახადო ინსპექციაში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული მისივე ბიძაშვილის _ ნ. რ-ს ძეხვის საწარმოს. იგი ასევე პასუხს აგებდა ძეხვის წარმოება _ რეალიზაციაზე. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად კ. რე-ს სახლის ეზოში ჰქონდა ძეხვის დასამზადებელი საამქრო.
2005 წლის სექტემბერში კ. რ-მა განიზრახა, დაემზადებინა ფალსიფიცირებული ძეხვი, მოეხდინა მისი რეალიზაცია და ამონაგები თანხით მიეღო მოგება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, კ. რ-მა შეიძინა ძეხვის დასამზადებელი ნივთიერებები, დაამზადა ძეხვის ფარში სახამებლის დამატებით, რასაც არ ითვალისწინებდა სახელმწიფო სტანდარტის _ გოსტი 16290-86-ის მოთხოვნები, შეუცვალა თვისებრიობა და მოტყუებით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, დაამზადა თვისებრივად შეცვლილი მოხარშულ-შებოლილი ძეხვი “სერვილადი”.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 27 დეკემბრის ¹10824\20-10824-ა\19 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ძეხვის ნიმუშები არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტის _ გოსტი 16290-86-ის მონაცემებს, მათში სახამებლის ოდენობა აღმოჩნდა 2,2%, რაც განაპირობებს მისი თვისებრიობის შეცვლას და რის გამოც მას სარეალიზაციო ფასი არ გააჩნია.
კ. რ-ს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ი. Mმ-თან და წლების განმავლობაში ისინი ერთად ცხოვრობდნენ. 2006 წლის მარტის თვეში, უსიამოვნების ნიადაგზე, ი. Mმ-მა მიატოვა იგი და საცხოვრებლად გადავიდა დედამისთან, მარინა მახნიაშვილთან ქ. თელავში, ......-ში. მიუხედავად ამისა, კ. რ-ი ი. Mმ-ს მაინც აკითხავდა ბინაში და სთხოვდა ურთიერთობის აღდგენას, რაზეც იგი უარს ეუბნებოდა.
2006 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 18 საათზე, მთვრალმა კ. რ-მა კვლავ მიაკითხა ინგა მ-ს, რომელმაც კარი არ გაუღო. განაწყენებულმა კ. რ-მა შეამტვრია კარი, აგინა და სცემა ი. M-ს და წავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში იგი კვლავ დაბრუნდა და ვინაიდან კარი ისევ დაკეტილი დახვდა, ძალის გამოყენებით შეამტვრია იგი, შევიდა ბინაში, სადაც დახვდა ი. M-ს დედა _ მ. M-ი, ხოლო თვით ი. Mმ-ი იმალებოდა სამზარეულოში. კ. რ-ი აგინებდა დედა-შვილს, რის გამოც მ. Mმ-ი შეეცადა მის დაწყნარებას, მაგრამ უშედეგოდ. იმის გამო, რომ კ. რ-ს მისი დედისათვის რამე არ ევნო, ი. Mმ-ი გამოვიდა სამზარეულოდან, რა დროსაც კ. რ-მა უმატა გინებას. მ. Mმ-ი კვლავ შეეცადა კ. რ-ს დაწყნარებას, რის გამოც მათ მიმართ ისედაც მტრულად განწყობილ კ. რ-ს გაუჩნდა მათი მოკვლის განზრახვა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად კ. რ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და მუცლის არეში დაარტყა მ. Mმ-ს, რის შედეგადაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. შემდეგ კ. რ-მა ი. მ-ს მკერდის არეში, ჯერ წინა, შემდეგ კი უკანა მხრიდან ორჯერ მოუქნია დანა, მაგრამ ი. Mმ-მა, რომელიც ყვიროდა და საშველად უხმობდა მეზობლებს, შეძლო მოქნეული დანის აცილება. კ. რ-ი, შეექმნა რა მხილების საფრთხე, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო, სიცოცხლისათვის საშიში მძიმე დაზიანების გამო, მ. Mმ-ი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ. რ-მა და კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ. ბ-მა.
მსჯავრდებული კ. რ-ი თავისი საჩივრით ითხოვდა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გამართლებას საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგი მოტივებით: აპელანტის განმარტებით, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებისას მან არაერთხელ მიუთითა იმის თაობაზე, რომ სახლი იყო მისი მამის _ გ.რ-ს, საამქრო კი მისი ბიძაშვილის _ ნ. რ-ს. საქმეში არსებული 2005 წლის 27 დეკემბრით დათარიღებული თელავის საგადასახადო ინსპექციის აქტით ირკვევა, რომ საგადასახადო ინსპექციამ შემოწმება ჩაატარა არა კ. რ-თან, არამედ ნ. რ-თან. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ მას უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, მიაჩნია, რომ მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე იმ მოტივით, რომ მას მ. Mმ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მან მ. M-ს, რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ ცოცხალი იყო, დანა აღარ დაარტყა, თუმცა რეალურად ჰქონდა ამის შესაძლებლობა.
კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი გ. ბ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და კ. რ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მისთვის საჯელის ზომად 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას; ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის პირველი მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დაზარალებულის დამატებითი დაკითხვისა და კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 მაისის განაჩენი კ. რ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. რ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში მის სასიკეთოდ ცვლილების შეტანას, კერძოდ: გამართლებას საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე და, შესაბამისად, მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაც მას წინათ მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ კ. რ-ს მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. რ-ს ბრალდების საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა დაზარალებულ მ. Mმ-ს განზრახი მკვლელობა და ფალსიფიკაცია. მისი ბრალეულობა დაზარალებულ მ. Mმ-ს განზრახ მკვლელობის ეპიზოდში, ასევე ფალსიფიკაციის ეპიზოდში დადასტურებულია დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, აგრეთვე, სასამართლო ექსპერტიზების დასკვნებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა კ. რ-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება როგორც განზრახი მკვლელობის, ისე ფალსიფიკაციის ნაწილში და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.
რაც შეეხება კ. რ-ს მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, დამდგარი შედეგებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არის სამართლიანი და წარმოადგენს აუცილებელ ზომას კანონის მიერ სასჯელის წინაშე დასახული მიზნის მისაღწევად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. რ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, ამ კანონის მეორე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მას უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ამ ნაწილში კ. რ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. შესაბამისად, უნდა შემცირდეს განაჩენით მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი, რის შემდეგაც მას მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლისა და 6 (ექვსი) ვადით.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ კ. რ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ კ. რ-ს “ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. შესაბამისად, კ. რ-ს აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლისა და 6 (ექვსი) ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.