ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2130აპ ქ. თბილისი
22 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს განაჩენით მ. რ-ძე, _ დაბადებული .... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ასევე _ სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. რ-ძე ........ წლის .....გაასამართლა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ და საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 238-ე მუხლის IV ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილითა და 203-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, სასჯელთა ერთობლიობით, მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. რ-მ სასჯელი მოიხადა 2000 წლის 4 ივნისს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩადენილი ჰქონდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაინც არ დაადგა გამოსწორების გზას და განიზრახა, არაერთგზის კვლავ ჩაედინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:
მ. რ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა დაუდგენელ ოთხ პირს და მათ ჯგუფურად განიზრახეს, სოფელ ...... მცხოვრებ ლ. ს-ის ოჯახზე განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა, დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მ. რ-ძე და მისი თანამზრახველები 2005 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, მივიდნენ გურჯაანის რაიონის სოფ. ......, სახეზე აფარებული ნიღბებით უკანონოდ შეაღწიეს ლ. ს-ის სახლში, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ: ლ. ს-ი, დედამისი _ ლ. ს-ი, შვილი _ მ. შ-ი და სიძე _ კ. ბ-ი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში სტუმრად იყო მისული „ბმვ-525” მარკის ავტომობილით. მ. რ-მ და მისმა თანამზრახველებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ლ. ს-ს მოსთხოვეს, მათთვის გადაეცა ფული _ 40 ათასი ლარის ოდენობით და ძვირფასეულობა. მას შემდეგ, რაც მან უარი განუცხადა ბოროტმოქმედებს თანხის გადაცემაზე, რადგან არ ჰქონდა, თავდამსხმელებმა სცემეს და მიაყენეს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევა ორივე თვალბუდეში, სახის მიდამოს დაჟეჟილობა და სისხლჩაქცევა თხემ-კეფის არეში. ეს დაზიანებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, განეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ბოროტმოქმედებმა ასევე სცემეს კ. ბ-სა და ლ. ს-ს. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის მიღება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ: მა. შ-ის კუთვნილ, 140 დოლარად და 250 ლარად ღირებულ ორ ოქროს ბეჭედს, ლ. ს-ის კუთვნილ, 500 ლარად ღირებულ ბრილიანტისთვლიან ბეჭედს, 300 ლარად ღირებულ ქალის სუნამო „ჯადორს“, „სიმენსის“ მოდელის, 20 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს და ოთხ ლარს, კ. ბ-ის კუთვნილ, 20 ლარად ღირებულ, „ერიქსონის“ მოდელის მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას _ ოთხი ლარის ოდენობით. ლ. ს-ს, კ. ბ-სა და ლ. ს-ს შეუკრეს ხელ-ფეხი, ხოლო მ. შ-ი ჩაკეტეს სამზარეულო ოთახში. ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული, კ. ბ-ის 5 ათას აშშ დოლარად ღირებული „ბმვ-525” მარკის ავტომანქანა და მიიმალნენ. კ. ბ-ის კუთვნილი ავტომობილი იმავე დღეს მ. რ-მ და მისმა თანამზრახველებმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, დაწვეს სოფ. ........ მიმდებარე ტერიტორიაზე, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.
აღნიშნული ქმედებისათვის მ. რ-ს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებითა და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მ. რ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 22 ნოემბრიდან. მასვე დაეკისრა ლ. ს-ის სასარგებლოდ _ 802 ლარის, ხოლო მ. შ-ის სასარგებლოდ _ 250 ლარისა და 140 აშშ დოლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. რ-მ. მან ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მ. რ-ის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული მ. რ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, ეყრდნობა გამოძიების მიერ შექმნილ ვერსიებსა და ვარაუდებს, რომლებიც სასამართლომ გაიზიარა, როგორც მტკიცებულება; დაზარალებულებისა და მოწმეების _ შ. ბ-ის, ი. ბ-ის, გ. ზ-ის, დ. მ-ისა და ი. ჭ-ის ჩვენებები არ გამოდგება მტკიცებულებად, რადგან მოწმეები არ არიან დანაშაულის თვითმხილველნი, ხოლო დაზარალებულები უჩვენებენ, რომ თავდამსხმელები იყვნენ ნიღბებით, ჰქონდათ იმერული კილო და მათი ამოცნობა არ შეუძლიათ; რაც შეეხება ცოლ-ქმრის _ ე. რ-სა და კ. ზ-ის ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც მ. რ-ძე მიცემულია პასუხისგებაში, ისინი მიცემული აქვთ კ. ზ-ის პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით, რადგან ის თვითონ იყო დაკავებული ლ. ს-ის ოჯახზე თავდასხმისათვის და მას აღმოაჩნდა დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონი; არც ერთი დამნაშავე უცხო ქალის თანდასწრებით არ მოყვება დანაშაულის ჩადენის დეტალებს და არც გატაცებულ ნივთებს დაარიგებს საჯაროდ; აღსანიშნავია, რომ ე. რ-სა და კ. ზ-ის ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ განაჩენში ეს, რატომღაც, შეფასებული არ არის; კ. ზ-ის დაკითხვა სასამართლოში ვერ მოხერხდა, რადგან ის წასული იყო საზღვარგარეთ, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი პოლიციის მიერ გამოყენებული იყო ადრე ნასამართლევი მ. რ-ის დასაჭერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. რ-ძე ითხოვს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების ობიექტურად განხილვას, განაჩენის გაუქმებას, გამართლებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულების _ ლ. ს-ის, მ. შ-სა და კ. ბ-ის, მოწმეების _ გ. ზ-ის, კ. ზ-სა და ე. რ-ს ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უდავოდ დადგენილია და ეჭვს არ იწვევს, რომ მ. რ-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, საქმეში არსებული მასალები სააპელაციო პალატამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით მ. რ-ს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომელიც უნდა შეიცვალოს მხოლოდ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს: “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. რ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და მ. რ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.