შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 25.06.2008
საქმის ნომერი
2კ-2236აპ.-07
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2236აპ ქ. თბილისი

25 ივნისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს, ასევე _ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 მარტის განაჩენით ზ. გ, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ასევე _ თავისუფლების აღკვეთა სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

ა. ბ, _საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ თავისუფლების აღკვეთა სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

ზ. გ-სა და ა. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

1980 წლის 24 იანვარს ზ. გ. წითელწყაროს რაიონის სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 1985 წლის 15 იანვარს ამავე რაიონის სასამართლომ იგი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1988 წლის 4 აპრილს თბილისის 26 კომისრის რაიონის სასამართლომ მას საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1992 წლის 3 ივნისს ამნისტიის საფუძველზე ზ. გ. გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 27 სექტემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შემდეგ ზ. გ-მა კვლავ განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და 2006 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ა. ბ-ს და დაუდგენელ პირს. მათ განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ მ. თ-ს ოჯახს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ. გ. შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, ხოლო ა. ბ. და მათი თანამონაწილე _ დანებით, წინასწარ მოიმარჯვეს წებოვანი ლენტი, ე.წ. „სკოჩი” და თოკი, რის შემდეგაც 2006 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 21.30 საათზე, მივიდნენ მ. თ-ს ბინასტან. მათ ბინაში მყოფ ა. მ-ს მოტყუებით, ვითომ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, გააღებინეს კარი, შეიჭრნენ და უკანონოდ შეაღწიეს საცხოვრებელ ბინაში. ზ. გ-მა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი მიმართა ბინაში მყოფი პირებისაკენ და დაემუქრა, რომ იარაღის გამოყენებით მათ სიცოცხლეს გამოასალმებდა, თუ მ. ტ, თ. თ. და მისი მეუღლე ა. მ. ფულად თანხას და ოქროს ნივთებს არ გადასცემდნენ. ა. ბ. და დაუდგენელი პირი დანების გამოყენებით ემუქრებოდნენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მათ მიაყენებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო დაზიანებას. იქიდან გამომდინარე, რომ თავდამსხმელები იარაღის მსგავსი საგნითა და დანებით იმუქრებოდნენ, დაზარალებულებმა ეს მუქარა აღიქვეს მათზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის განხორციელების რეალურ საფრთხედ. ამის შემდეგ ბოროტმოქმედებმა თანნაქონი თოკით, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, მ. ტ-სა და ა. მ-ს შეუკრეს ხელ-ფეხი, დააწვინეს იატაკზე, პირი აუკრეს წებოვანი ლენტით და იარაღის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ფულადი თანხა _ 4000 აშშ დოლარი და ოქროს ნივთები, სულ ღირებული 600 ლარად. ამავე დროს თავდამსხმელებმა ორსულ თ. თ-ს, რომელსაც ორსულობა ვიზუალურად ეტყობოდა, შეუკრეს ხელ-ფეხი და დააწვინეს დივანზე, რის შემდეგაც ა. მ, თ. თ. და მ. თ, ხელ-ფეხშეკრულები და წებოვანი ლენტით პირახვეულები, დატოვეს ბინაში, რითიც მათ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ხოლო თვითონ შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ა. ბ-მა, ზ. გ-მა და დაუდგენელმა პირმა დაზარალებულებს საერთო ჯამში მიაყენეს 7660 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ზ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა 22 წლით, ხოლო ა. ბ-ს _ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 9 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. გ-მა და მსჯავრდებულ ა. ბ-ს ადვოკატმა გ. მ-მ. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; განაჩენი ზ. გ-ს მსჯავრდების ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო ა. ბ-ს მიმართ შეიცვალა: ა. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით მიესაჯა 8 წლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ” და „დ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ა. ბ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ზ. გ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულებმა აღწერეს სამივე თავდამსხმელი, მაგრამ მოგვიანებით გამომძიებელმა გადაასწორა ერთ-ერთის ასაკი, რადგან ზ. გ. 45 წლისაა და არ ჰგავს 23-25 წლის ახალგაზრდას; მიუხედავად დაზარალებულ მ. თ-ს განმარტებისა, რომ მას არ შეეძლო თავდამსხმელების ამოცნობა, მაინც უყოყმანოდ ამოიცნო მათში ზ. გ. და ა. ბ; მოწმეების _ ნ. თ-ს, ე. ა-სა და ლ. კ-ს ჩვენებებით, გამორიცხულია მათი მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში, რადგან ზ. გ. შემთხვევის დროს იყო დაბადების დღეზე, ხოლო ა. ბ _ თავის სახლში; მიუხედავად მოთხოვნისა, ზ. გ-ს არ დართეს ნება, ჩაეტარებინა ალტერნატიული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ასევე არ გამოიკვლიეს ამოცნობის ვიდეოფირი; თავად ამოცნობაც ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან ამოსაცნობი პირები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ როგორც გარეგნობით, ისე _ ჩაცმულობით; დაზარალებულების მიერ თავდამსხმელთა აღწერილობა აშკარად განსხვავდება ზ. გ-ს აღწერილობისაგან, რაც გამორიცხავს მის მონაწილეობას ამ დანაშაულის ჩადენაში; მას ეს დანაშაული რომ ჩაედინა, თავის ბინაში აღარ გაჩერდებოდა, რადგან დაზარალებულ მ. თ-ს დედა _ ნ. თ. იცნობდა მას, ასევე ვერ გაბედავდა დასაყაჩაღებლად ბინაში შესვლას ნიღბის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ზ. გ. ითხოვს საქმის ობიექტურად განხილვას, განაჩენის გაუქმებას და გამართლებას.

კასატორი _ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ადვოკატი გ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მთელი რიგი საკითხებისა გადაწყდა არასწორად, ვერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია არასწორი განაჩენის გამოტანა; სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მიერ დაყენებული მნიშვნელოვანი შუამდგომლობები წინასწარი გამოძიებისას დაშვებული კანონდარღვევების გამოსავლენად, საქმიდან არ ამოიღო კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, სათანადო შეფასება არ მისცა დაზარალებულების განსხვავებულ ჩვენებებს, გამომძიებლის მიერ მტკიცებულებათა გაყალბებას; კანონდარღვევით ჩატარდა ორივე მსჯავრდებულის ამოცნობა; ამოცნობაში თითქოსდა მონაწილე პირებიდან რამდენიმე არ ცხოვრობს ოქმში მითითებულ მისამართზე ან თუ ცხოვრობს, ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია; სასამართლოზე არ დაიკითხნენ გ. კ, გ. ხ, რ. ლ, გ. გ. და ი. გ, არ გამოიკვლიეს ის ვიდეომასალა, რომელზეც დაფიქსირებულია ამოცნობები; ამოსაცნობი პირები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ გარეგნობით, ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით; სასამართლომ სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა მ. თ-მა და ზ. გ-ს ნაცნობობის ფაქტი.

ა. ბ. თავს არ ცნობს დამნაშავედ და დეტალურად აღწერს თავის ყოველ ნაბიჯს დანაშაულის დღეს, რასაც ადასტურებენ მოწმეები _ მ. ი. და ე. ი; სასამართლომ ვერ მოიპოვა ა. ბ-ს ალიბის გასაბათილებელი მტკიცებულებები; საქმეში დღემდე არ დევს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მსჯავრდებულების უდანაშაულობას დაადასტურებდა; ა. ბ-ს რომც ჩაედინა აღნიშნული დანაშაული, მისთვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის წაყენება მაინც არ შეიძლებოდა; საქმეს არ ერთვის ნივთმტკიცებები _ წვრილი თოკი და „სკოჩი”; არც ერთი დაზარალებული არ უთითებს, რომ მას თავისუფლება აღუკვეთა ა. ბ-მა; შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამსრულებლის ექსცესს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. მ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ა. ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის წინასწარი გამოძიებისას მოპოვებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ზ. გ-მა და ა. ბ-მა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ყაჩაღობა, ასევე _ თავისუფლების აღკვეთა სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის, მათ შორის _ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის _ დაზარალებულთა თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებები, კერძოდ:

დაზარალებულმა თ. თ-მა განმარტა, რომ ყაჩაღურად თავს დაესხა სამი პირი, მათ შორის _ ზ. გ. და ა. ბ. სამივე თავდამსხმელს ეცვა საპატრულო პოლიციის ფორმა და იყვნენ უნიღბოდ. ბოროტმოქმედებმა შენიშნეს, რომ თ. თ. ფეხმძიმედ იყო და ამშვიდებდნენ _ არაფერს დაგიშავებთო. მის ძმას და მეუღლეს ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს წებოვანი ლენტით და დააწვინეს იატაკზე. წასვლისას თ. თ-საც შეუკრეს ხელ-ფეხი, დააწვინეს ტახტზე, ტელევიზორის ხმას აუწიეს და მიიმალნენ. ზ. გ-ს ჰქონდა შავ ტარიანი, ვერცხლისფერი იარაღი, ხოლო ა. ბ-ს _ დანა. საქმის წინასწარი გამოძიებისას წარუდგინეს 4-4 პირი, რომელთაგან ამოიცნო ზ. გ. და ა. ბ. დაზარალებულმა კატეგორიულად მიუთითა, რომ სწორედ მათ განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა (ტ. 1, ს.ფ. 299-303; ტ. 2, ს.ფ. 65-68).

ანალოგიური ჩვენება მისცა დაზარალებულმა მ. თ-მა. მან აღნიშნა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ა. ბ. და ზ. გ. ეს უკანასკნელი მანამდე ერთხელ ჰყავდა ნანახი და ხელიც ჩამოართვა (ტ. 1, ს.ფ. 303-305; ტ. 2, ს.ფ. 70-73).

მსჯავრდებულები ჩადენილ დანაშაულში ამხილა დაზარალებულმა ა. მ-მაც (ტ. 1, ს.ფ. 309-312).

მოწმე ნ. თ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ გაყიდა ბინა და ყველას ეუბნებოდა _ ფული ბანკში მაქვს შენახულიო. სინამდვილეში, ფულს სახლში ინახავდა, კერძოდ _ საძინებელ ოთახში და ამის შესახებ მხოლოდ ზ. გ-ს დამ _ ა-მ იცოდა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის მანძილზე მის სახლში ცხოვრობდა (318-321).

საგულისხმოა, რომ დაზარალებულთა ჩვენებებით, თავდამსხმელებმა იცოდნენ ბინაში ფულის ადგილსამყოფელი და კითხულობდნენ ნ. თ-ს ოთახს.

უსაფუძვლოა ადვოკატ გ. მ-ს საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, მ. თ-ს ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ამოღებული ხელის კვლები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია (ტ. 1, ს.ფ. 257-258).

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებულია, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა. ა. ბ-ს ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, მას დანიშნული აქვს სამართლიანი სასჯელი და ა. ბ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება ზ. გ-ს, საქმის მასალებით ირკვევა, რომ იგი ბოლოს _ 1993 წლის 27 სექტემბერს გაასამართლა ვაკის რაიონის სასამართლომ და იმ დროს მოქმედი სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (ტ. 1, ს.ფ. 148-157). ამ სასჯელის მოხდისაგან ზ. გ. გათავისუფლდა ვადამდე _ 1999 წლის 1 ოქტომბერს (ტ. 1, ს.ფ. 143).

საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებდა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოქმედი რედაქციის სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან, ამ შემთხვევაში _ 1999 წლის 1 ოქტომბრიდან. ამდენად, ზ. გ-ს ნასამართლობა გაქარწყლდა 2005 წლის 1 ოქტომბერს და გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი. მისი ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით). შესაბამისად, ზ. გ-ს უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. გ-ს, ასევე _ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენიდან ზ. გ-ს მიმართ ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში ზ. გ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

ზ. გ-ს ქმედება ყაჩაღობის ბრალდების ეპიზოდში დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და ამ მუხლით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რის გამოც ზ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ ა. ბ-ს მსჯავრდების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.