განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
20აპ ქ. თბილისი
2ივლისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ივნისის განაჩენით კ.ტ.ს _ დაბადებულს ------, საქართველოს მოქალაქეს, ნასამართლევს, _ ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტები და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ე» ქვეპუნქტებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 8 აგვისტოს კ. ტ გაასამართლა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2004 წლის 26 აპრილს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ კ.ტ. სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გაათავისუფლა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ:
2007 წლის 27 იანვარს კ. ტ. განიზრახა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა რომელიმე მოქალაქის კუთვნილ მოძრავ ნივთს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი დაუკავშირდა დაუდგენელ ორ პირს და მათთან ერთად იმავე დღეს გაემართა ორთაჭალის ავტოსადგომზე, სადაც დაახლოებით 9.40 საათზე მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტის» მფლობელ თ. დ.-ს შეუთანხმდნენ, რომ 50 ლარის საფასურად წავიდოდნენ თბილისში, ფონიჭალა-3-ში მდებარე სასაფლაოზე საფლავის ქვის წასაღებად, იქვე მდებარე კორპუსიდან წაიყვანდნენ 10 მგზავრს, რის შემდეგაც წავიდოდნენ საგარეჯოში, ხოლო ფულს გადაუხდიდნენ ადგილზე ჩასვლის შემდეგ.
მოლაპარაკების შემდეგ კ. ტ. და მისი თანამზრახველები თ. დ.-მ წაიყვანა ფონიჭალა-3-ის სასაფლაოს მიმართულებით. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდნენ, უკან მჯდომმა კ. ტ.-მ მას ზურგის არეში მიადო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, რის შემდეგაც მიკროავტობუსში მსხდარი პირები სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით დაემუქრნენ თ. დ.-ს, მოსთხოვეს, არ ეყვირა და მათთვის გადაეცა მიკროავტობუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში _ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა, მიიჩნია, რომ მისი სიცოცხლე იყო საფრთხეში და შეშინებული უსიტყვოდ დაემორჩილა ბოროტმოქმედთა მოთხოვნას. აღნიშნულმა პირებმა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით თ. დ-სს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აუხვიეს თვალები, არ მისცეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება და მისივე კუთვნილი მიკროავტობუსით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, გაიარეს დაახლოებით 100 მეტრი, რის შემდეგაც იგი გადასვეს დაუდგენელ ავტომანქანაში, ხოლო მისი კუთვნილი, 15 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა „ფორდ-ტრანზიტი» მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.
კ. ტ.-მ და მისმა თანამზრახველებმა თავიანთ მიერ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დაფარვის მიზნით თ. დ.-ს აღუკვეთეს თავისუფლება. მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად, დაენებებინათ თავი და სახლში გაეშვათ, დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა მას მიადეს იარაღი თავის არეში, მოუწოდეს სიმშვიდისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. თვალებახვეული თ. დ დაუდგენელი მსუბუქი ავტომანქანით ატარეს დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც გააჩერეს მანქანა, დამნაშავეთაგან ორი გადავიდა მანქანიდან, ხოლო ერთ-ერთი შეიარაღებული პირი დარჩა თ. დ.-თან.
თ. დ.-სათვის თავისუფლების აღკვეთიდან დაახლოებით 4 საათის გასვლის შემდეგ მანქანიდან გადასული ორი პირი დაბრუნდა და ყველა ერთად ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაემართა გაურკვეველი მიმართულებით. დაახლოებით 10 წუთის სიარულის შემდეგ კ. ტ.-მ და მისმა თანამზრახველებმა თ. დ. ჩამოსვეს ავტომანქანიდან და კვლავ დაემუქრნენ, რომ 5 წუთის განმავლობაში თვალებიდან არ მოეხსნა სახვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუსწორდებოდნენ. მუქარის განხორციელების რეალური შიშის გამო თ. დ. დაემორჩილა მათ მოთხოვნას, ხოლო კ. ტ. და მისი თანამზრახველები მიიმალნენ.
აღნიშნული ქმედებისათვის კ. ტ.-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით მიესაჯა 7 წლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და „ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 14 თებერვლიდან. მასვე დაზარალებულ თ. დ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება _ 8500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის მოქმედი კურსით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. მ.-მ და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ლ.-მ.
პროკურორმა ნ. მ.-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და კ. ტ.-თვის საბოლოო სასჯელის ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო ადვოკატმა დ. ლ.-მ _ მსჯავრდებულ კ ტ.-ს გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 1 ივნისის განაჩენი კ. ტ.-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული კ. ტ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა ურთიერთშეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებები; მოსამართლეები დაეყრდნენ მხოლოდ დაზარალებულ თ. დ.-ს ჩვენებას და მხედველობაში არ მიიღეს მსჯავრდებულის ალიბის დამადასტურებელი მტკიცებულებები; შემთხვევის დღეს იგი არ იყო თბილისში, ნინოობის დღესასწაულს აღნიშნავდა ქარელის რაიონის სოფელ -----, რაც დაადასტურეს მოწმეებმა _ კ. ხ.-მ, ს. ჯ.-მა, კ. ტ.-მ და გ. ჯ.-მ; საქმეშია სამი ურთიერთგამომრიცხავი ცნობა თ. დს ავტომანქანის რეკვიზიტების შესახებ, გაცემული საქართველოს შსს-ს მიერ; დაცვა შეეცადა, დაესაბუთებინა, ხომ არ გამომდინარეობდა დაზარალებულის მიერ მსჯავრდებულის ცრუ დასმენა მისი პირადი ინტერესებიდან, რაც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო საეჭვო წარმომავლობის მიკროავტობუსთან; დაზარალებულმა შემთხვევის დღეს ვერ შეძლო კ. ტ.-ს გარეგნობის გახსენება, რაც მოგვიანებით, 14 თებერვალს, ანთროპო-ანალიტიკური სიზუსტით აღწერა; აღნიშნულს ემატება წინასწარ გამოძიებაში გამომძიებლის მიერ დაშვებული არსებითი დარღვევები შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოებული იყო დაზარალებულის უშუალო მონაწილეობის გარეშე და მათში აღნიშნული ე.წ. ფოტოილუსტრაცია არ ერთვის საქმეს; წინასწარმა გამოძიებამ ვერ მოიპოვა კ. ტ.-ს დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რასაც ასევე იგნორირება გაუკეთა სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული კ. ტ. ითხოვს მის მიმართ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელ განაჩენთა გაუქმებას იმ მოტივით, რომ უდანაშაულოა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
უსაფუძვლოა კასატორის მითითება გატაცებული ავტომანქანის საეჭვო წარმომავლობის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიკროავტობუსი რეგისტრირებულია პ. მ-ს სახელზე. ამ უკანასკნელმა სასამართლოს განუმარტა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა თ. დ-ს, იგი შეიძინა დაზარალებულის მიერ გაგზავნილი ფულით და მასვე გადასცა მინდობილობით (ს.ფ. 203).
დაზარალებულმა თ. დ-მა კატეგორიულად განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი იყო კ. ტ. ბოროტმოქმედებმა თვალები აუხვიეს წებოვანი ლენტით, შემდეგ გადაიყვანეს მსუბუქ ავტომანქანაში. მოგვიანებით მანქანიდან თვალებახვეული ჩამოსვეს ნაგავსაყრელთან. თ. დ.-მ დაახლოებით 30 მეტრში ქალი დაინახა. წინასწარი გამოძიებისას ფოტოსურათით ამოიცნო კ. ტ.
მოწმე ლ. ლ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა იგი ნახა შემთხვევის ადგილზე, ნაგავსაყრელთან მას შემდეგ, რაც გაათავისუფლეს თავდამსხმელებმა. ლ. ლ.-ს ჩვენება დაზარალებულის ჩვენების ობიექტურობაზე მეტყველებს (ს.ფ. 208-211).
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები გამოკვლეულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ კ. ტ.-მ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაც სწორადაა დაკვალიფიცირებული და მსჯავრდებულის მიმართ საქმის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით კ. ტ.-ს მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, როდესაც ამ ქმედებისათვის სასჯელის მინიმალურ ზომად დადგენილია 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს განაჩენი გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება, მაგრამ არა აღნიშნული მოტივით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში კანონიერია (ს.ფ. 288).
ვინაიდან საქმე განიხილება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, სსსკ-ის 566-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პალატა არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს გასაჩივრებული განაჩენი და საქმე დააბრუნოს ახალი სასამართლო განხილვისათვის მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს მსჯავრდებულისათვის დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. თ. დ. სამოქალაქო მოსარჩელედ ცნეს საქმის წინასწარი გამოძიებისას (ს.ფ. 177), მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა მიუხედავად, კ. ტ. სამოქალაქო მოპასუხედ არ უცვნიათ. შესაბამისად, მსჯავრდებულს ისე დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება, რაც დაუშვებელია. ამის გამო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას თ. დ.-ს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ტ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდეს კ. ტ.-სათვის თ. დ.-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.