განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 03.02.2009
საქმის ნომერი
2კ-711აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

711აპ-08 3 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ ო. დუმბაძის

პროკურორ _ გ. შ-ის

ადვოკატ _ გ. ბ-ს

მსჯავრდებულ _ გ. ბ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ბ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, წარსულში ნასამართლევი, დროებით მცხოვრები თბილისში, ამჟამად პატიმარი, _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

განაჩენით ი. ბ-ეს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის ივნისში, რიცხვი დაუდგენელია, ბ. ზ-მ თავის ნაცნობ ი. ბ-გან, პირადი საჭიროების გამო, ისესხა 400 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა რამდენიმე დღეში, მაგრამ ბ. ზ-ძემ თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, რაზედაც ი. ბ-სა და ბ. ზ-ეს შორის წარმოიშვა უთანხმოება. 2002 წლის აგვისტოში, რიცხვი დაუდგენელია, ი. ბ-ე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მეტროს სადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ბ. ზ-ეს, რომელიც იმყოფებოდა მეგობარ დ. გ-თან ერთად. შეხვედრაზე ი. ბ-ემ კატეგორიულად მოსთხოვა ბ. ზ-ეს ნასესხები თანხის მომდევნო დღისათვის დაბრუნება, ხოლო თანხის არდაბრუნების შემთხვევაში დაემუქრა ფიზიკური განადგურებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბ. ზ-ე თავს არიდებდა ი. ბ-სათვის თანხის დაბრუნებას, ხოლო თავად ი. ბ-ე უშედეგოდ ცდილობდა ბ. ზ-სთან დაკავშირებას, რადგანაც იგი მას ემალებოდა.

2002 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 21.00 საათისათვის, ბ. ზ-ე მეგობარ დ. გ-შვილთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ თბილისში, ¹......... საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. დ. გ-შვილმა გადაკვეთა ქუჩა სიგარეტის საყიდლად, ხოლო ბ. ზ-ე იქვე დარჩა. ამ მომენტში ბ. ზ-ე ქუჩაში შეხვდა ი. ბ-ს, რომელიც იმყოფებოდა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად. ი. ბ-მ ბ. ზ-ე სასაუბროდ გაიხმო ¹..... საცხოვრებელი კორპუსის ეზოს უკანა მხარეს, სადაც მათ შორის წარიმართა დაძაბული საუბარი, ნასესხები თანხის დაუბრუნებლობასთან დაკავშირებით, რაც გადაიზარდა ურთიერთჩხუბში. ჩხუბის დროს ი. ბ-მ თანნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ. ზ-ს რამდენიმჯერმე გულ-მკერდისა და ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულ-მკერდის მიდამოს მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით გამოწვეული სისხლდენის შედეგად, რაც გახდა ბ. ზ-ს სიკვდილის მიზეზი. ი. ბ-ე თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ბ. ზ-ე მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა ზ. ს-მ და მსჯავრდებულმა ი. ბ-ემ.

აპელანტი ზ. ს-ა სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის საუარესოდ, კერძოდ, მისთვის სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას 13 (ცამეტი) წლის ვადით, ვინაიდან აპელანტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ი. ბ-სათვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნდა მეტისმეტად ლმობიერად.

მსჯავრდებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რის საფუძვლადაც მიუთითებდა იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დადგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც ემყარება მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ე. ჭ-სა და არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, აგრეთვე _ დ. გ-ის გამოქვეყნებულ ჩვენებებს, რომელიც არის ერთადერთი პირდაპირი მოწმე და იგი გამოძიებამ დაკითხა სასჯელის მოხდის პერიოდში. დ. გ-ი სასამართლოში არ _ დაკითხულა, ხოლო მოწმე ტ. ჯ-მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სახელი და გვარი ი. ბ-ე მისთვის პირველად ცნობილი გახდა გარდაცვლილ ბ. ზ-ს ოჯახის წევრებისაგან და არა _ მოწმე დ. გ-საგან.

სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2008 წლის 14 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტების მოთხოვნები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით შერაცხული ქმედება. კასატორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივებით: განაჩენი არ არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საპროცესო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო ი. ბ-ის ბრალდების საქმის განხილვისას არ იყო დაცული საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც განაპირობა უკანონო განაჩენის გამოტანა; ამ განაჩენით გაურკვეველია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სად, როდის და რა ვითარებაში მოხდა დანაშაულის ჩადენა; მთელი საქმე და განაჩენი ძარითადად ემყარება ერთადერთი ცრუ მოწმის _ დ. გ-ს მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემულ საეჭვო ჩვენებებს, ხოლო სასამართლოში იგი არ ყოფილა წარმოდგენილი და სასამართლო დაკმაყოფილდა მხოლოდ მისი ჩვენებების გამოქვეყნებით; რაც შეეხება სხვა მოწმეების ჩვენებებს, ისინი არიან წინააღმდეგობრივი და არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

საკასაციო პალატის სტადიაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ი. ბ-მ და მისმა დამცველმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს. ადვოკატმა გ. ბ-მ ვრცლად წარმოადგინა საკასაციო საჩივარში მოცემული არგუმენტები და დასაბუთება მსჯავრდებულ ი. ბ-ს უდანაშაულობის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ დ. გ-ი ცრუ მოწმეა, რომელიც პოლიციამ დაინტერესების გამო დაუპირისპირა ი. ბ-ს, რათა დანაშაული გაუხსნელი არ დარჩენილიყო. მოწმე დ. გ-ს განმარტებით, მან მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ მისცა ჩვენება გამოძიებას, რითაც ი. ბ-ს ამხელდა დანაშაულში. ეს უკანასკნელი კი ერთი წლის შემდეგ დააკავეს, მანამდე დანაშაული გაუხსნელი იყო. საბოლოოდ ადვოკატმა გ. ბ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებირვი დევნის შეწყვეტა. მსჯავრდებული ი. ბ-ე დაეთანხმა თავისი დამცველის მოთხოვნას.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. შ-მ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და კასატორის მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ შემდეგი მოტივებით: საქმეში არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა მოწმეების _ დ. გ-ს, ე. ჭ-ს, ა. ნ-სა და ტ. ჯ-ს ჩვენებების, აგრეთვე _ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების სახით, რომლებიც ქმნიან დასაბუთებულ საფუძველს ი. ბ-ს მსჯავრდებისათვის. რაც შეეხება წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაშვებულ ხარვეზებს, რაც გამოწვეული იყო გამომძიებლის დაუდევრობით, მათ არსებითი გავლენა არ მოუხდენიათ საქმის შედეგზე. სახელმწიფო ბრალმდებლის დასკვნით, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან იშუამდგომლა პალატის წინაშე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართილს საქმის მასალები მსჯავრდებულ ი. ბ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე ძირითად მტკიცებულებებს, რომლებითაც ბრალდების მხარე ამხელს ირაკლი ბარამიძეს დანაშაულში და რომლებსაც ეყრდნობა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ი. ბ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, წარმოადგენს მოწმე დ. გ-სა და დაზარალებულ ე. ჭ-ს მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები, აგრეთვე მოწმეების _ ა. ნ-ისა და ტ. ჯ-ს მიერ წინასწარი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე მიცემული ჩვენებები.

მოწმე დ. გ-ს თავისი ჩვენებები წინასწარი გამოძიებისათვის მიცემული აქვს ბ. ზ-ს მკვლელობიდან ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც სრულიად სარწმუნო საფუძველს იძლევა ვარაუდისათვის, რომ ამ დროის განმავლობაში მას ყველაფერი უნდა აღედგინა მეხსიერებაში, რისი გახსენებაც კი შეიძლებოდა, ვინაიდან იგი აცხადებდა, რომ იყო მომხდარი დანაშაულის თვითმხილველი. მიუხედავად ამისა, მის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე _ ლოგიკური წინააღმდეგობები, რომლებიც არც პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოთქმულ საბრალდებო სიტყვაშია ახსნილი და არც _ სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში. 2003 წლის 7 ნოემბერს გამოძიებისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში დ. გ-ი აღნიშნავს, რომ, როდესაც მან ნახა დაჭრილი ბ. ზ-ე, მაშინვე მიატოვა შემთხვევის ადგილი და მხოლოდ მეორე თუ მესამე დღეს გაიგო რომელიღაც ახლობლისგან, რომ ბ. ზ-ძე გარდაიცვალა. იქვე აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ მას არ განუცხადებია, რადგან ეშინოდა, თავისი ან ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოცხადდა პოლიციაში და მისცა ჩვენება. იმავე წლის 27 ნოემბერს დ. გ-ი დამატებითი დაკითხვისას აღნიშნავს, რომ მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს, დილით, ე.ი. 2003 წლის 23 ნოემბრის დილას მივიდა ბ. ზ-ს საერთო ნაცნობ ქალთან _ ტ. ჯ-თან და უთხრა, რომ მოკლეს ბ. ზ-ე, რომ იგი წინა ღამით მოკლა საბურთალოელმა, ხოლო მკვლელის გვარი ან სახელი უთხრა თუ არა ტ. ჯ-ს, არ ახსოვს.

აქ წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში: წინა ჩვენების მიხედვით, დ. გ-შვილს 23 ნოემბერს, დილით, ჯერ კიდევ არ უნდა სცოდნოდა, ბ. ზ-ე იყო თუ არა მკვდარი. ამიტომ იგი ტ. ჯ-ს ვერ ეტყოდა, რომ წინა საღამოს ბ. ზ-ე მოკლეს. გარდა ამისა, არსებობს ლოგიკური წინააღმდეგობებიც: პირველ ჩვენებაში დ. გ-ი მკვლელობის მოტივად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ბ. ზ-ეს ი. ბ-სგან 400 აშშ დოლარი ჰქონდა ნასესხები და ვერ უბრუნებდა, რის გამოც ი. ბ-ე იყო ძლიერ განაწყენებული და მას დაჭრით ემუქრებოდა. მეორე ჩვენებაში კი დ. გ-ი დაბეჯითებით აღნიშნავს: როგორც ბ. ზ-სგან გაიგო, ი. ბ-ე იყო მისი ყოფილი მეუღლის ძმა და მას ადრინდელი წყენა ჰქონდა ბ. ზ-ძის მიმართ მის დასთან თანაცხოვრების გამო. ისმება სრულიად ლოგიკური და საქმის მასალებით პასუხგაუცემელი კითხვა _ თუკი ი. ბ-ს დიდი ხნის განმავლობაში ასეთი დიდი წყენა გააჩნდა ბ. ზ-ის მიმართ, რატომ უნდა ესესხებინა მისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა? ასეთ პირობებში სასამართლო მაინც დადგენილად მიიჩნევს, რომ მკვლელობის მოტივი იყო ვალის არსებობა. ამასთან, ჩნდება სხვა აუხსნელი გარემოებაც, კერძოდ: თუ დ. გ-ს მომხდარი ფაქტის გამხელისა ძალიან ეშინოდა, რომ ამით პირადად თავისი და ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო, რატომ გაუმხილა მან ტ. ჯ-ს მომხდარი ფაქტის თაობაზე, ხოლო თუ გამხელას აპირებდა, რატომ არაფერი უთხრა თავისი გარდაცვლილი მეგობრის _ ბ. ზ-ს ოჯახის წევრებს, თუ ვინ მოკლა იგი?

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მსგავსი ფაქტობრივი და ლოგიკური წინააღმდეგობები არსებობს არა მხოლოდ მოწმე დ. გ-ს ჩვენებებს შორის, არამედ _ დ. გ-ს ჩვენებებსა და ბრალდების სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორისაც, მაგალითად, საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ე. ჭ-ე მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს, დაკითხვისას, საკმაოდ დეტალურად უყვება გამოძიებას მისი ქმრის _ ბ. ზ-ს მიერ შეძენილ ავტომანქანასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელსა და მევალეებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებსა და კონფლიქტებზე, ხოლო გამომძიებლის მიერ დასმულ პირდაპირ შეკითხვაზე _ სხვა ფაქტებიც ხომ არ არსებობდა სხვა პირებთან, ბ. ზ-ს დაძაბული ან კონფლიქტური ურთიერთობების შესახებ, ე. ჭ-ე დაბეჯითებით პასუხობს, რომ ასეთი რამ მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა მოწმე ტ. ჯ-ს ჩვენების მიხედვით, სწორედ იმ დილით შეატყობინა მან ე. ჭ-ს ბ. ზ-ს მკვლელის ვინაობა. ერთი წლის შემდეგ მიცემულ ჩვენებაში ე. ჭ-ე მოულოდნელად იხსენებს, რომ მის ქმარს _ ბ. ზ-ს ვინმე ი-ს ვალი _ 100 აშშ დოლარი ჰქონდა და რომ ბ. ზ-ს მკვლელის ვინაობა შეიტყო ტ. ჯ-საგან ბ. ზ-ს გარდაცვალებიდან მეორე დღეს, დილით. მართალია, ერთი წლის შემდეგ, მეორე ჩვენებაში ე. ჭ-ე აღნიშნავს, რომ პირველი დაკითხვისას დეპრესიაში იყო და ამიტომ ვერ გაიხსენა მოწმე ტ. ჯ-ს ნათქვამი, მაგრამ პასუხგაუცემელია კითხვა: როგორ შეძლო მან, გაეხსენებინა ბევრად უფრო ადრე მომხდარი ფაქტები, თანაც _ საკმაოდ დეტალურად, მაშინ, როცა ვერ გაიხსენა იმავე დილით მომხდარი ფაქტი, რომელიც მისი მეუღლის მკვლელის ვინაობას შეეხებოდა?

დაზარალებულ ე. ჭ-ს და მოწმე დ. გ-ს ჩვენებების სარწმუნოობის თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ ისინი ვერ წარმოადგინა სასამართლოში, რათა უშუალოდ შემდგარიყო მათი დაკითხვა და გარკვეულიყო მათ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიყვანეს მოწმე დ. გ-ი სასამართლოში, უფრო მეტიც: სასამართლოს გამოტანილი ჰქონდა დადგენილება მოწმე დ. გ-ს იძულებით მიყვანის თაობაზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ეს სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნა სისრულეში მოყვანილი, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევასა და ჭეშმარიტების დადგენაში. ამ უკანასკნელზე გავლენა მოახდინა ასევე მოწმეების _ ტ. ჯ-სა და ა. ნ-ს მიერ წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებულმა ფაქტობრივი ხასიათის წინააღმდეგობებმა. მაგალითად, თუკი ტ. ჯ-ი წინასწარი გამოძიების სტადიაზე აცხადებდა, რომ ი. ბ-ს ვინაობის თაობაზე მან შეიტყო მოწმე დ. გ-საგან, სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ ი. ბ-ს ვინაობა მან შეიტყო არა დ. გ-შვილისგან, არამედ _ ბ. ზ-ს ოჯახის წევრებისაგან, თუმცა მან კვლავ შეცვალა ჩვენება და ფაქტობრივად ბუნდოვანი გახდა როდის, ვისგან და რა შეიტყო მან მომხდარი ფაქტის შესახებ.

ამასთან ერთად, სრულიად აუხსნელია შემდეგი გარემოებაც: თუკი მოწმე დ. გ-მ მომხდარი მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ ყოველივე აცნობა პოლიციასა და გამოძიებას, როგორც თვითონ მიუთითებს თავის ჩვენებაში, ასევე მკვლელობის მეორე დღეს გარდაცვლილი ბ. ზ-ის ოჯახის წევრებმა უკვე იცოდნენ მკვლელის ვინაობა და, როგორც სასამართლოში განაცხადა მოწმე ა. ნ-მ, ამის შესახებ იცოდა საბურთალოს პოლიციის მთელმა შემადგენლობამ, მაშინ რატომ ითვლებოდა აღნიშნული დანაშაული გაუხსნელად მომხდარი შემთხვევიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში და რატომ არ ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ი. ბ-ს მიმართ? ეს ვერ აიხსნება მხოლოდ ერთი გამომძიებლის გულგრილობით თავისი სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ.

აღნიშნულ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს მრავალი გამოურკვეველი წინააღმდეგობრივი მომენტი, რომლებიც საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს სასამართლოს დასკვნებს მსჯავრდებულის ბრალეულობის თაობაზე, არ შეიძლება დადგენილად და სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული, რომ ი. ბ-მ ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაული, რომელიც მას განაჩენით შეერაცხა.

ამრიგად, ის ძირითადი მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ი. ბ-ი ბრალდებას, საკასაციო პალატის აზრით, მოკლებულია უტყუარობასა და დამაჯერებლობას, ხოლო მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოში არსებითად არ გამოკვლეულა. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ისინი საკმარისად მიიჩნიეს ი. ბ-ს მსჯავრდებისათვის. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (სასამართლო ექსპერტთა დასკვნები და სხვა), ისინი ი. ბ-ს არ ამხელენ შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები ი. ბ-ს ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო სააპელაციო სასამართლომ სრულად არ დაიცვა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლითა და მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, რაც, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილისა, წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.

იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები მსჯავრდებულ ი. ბ-სათვის შერაცხული ბრალის დასადასტურებლად, ამასთან, ფაქტობრივად ამოწურულია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობები, საკასაციო პალატა მივიდა შემდეგ დასკვნამდე: ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ეჭვი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა ი. ბ-მ ჩაიდინა ბ. ზ-ს განზრახ მკვლელობა, არ არის უტყუარად დადასტურებული კანონით დადგენილი წესით, ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულ ი. ბ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, უნდა გაუქმდეს, ხოლო ი. ბ-ს მიმართ, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ის ქმედება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენით შეერაცხა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი. ბ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განაჩენი ი. ბ-ს მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.