შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო

სისხლის სამართლის 06.03.2009
საქმის ნომერი
2კ-1157აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1157აპ ქ. თბილისი

6 მარტი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განაჩენზე დ. ს-სა და ნ. გ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის განაჩენით დ. ს. _ დაბადებული .. .. .. წლის .. ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე და ნ. გ. _ დაბადებული .. .. .. წლის .. იანვარს, საქართველოს მოქალაქე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ნ. გ-მ და დ. ს-მ განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. მათ დაამზადეს 2003 წლის 3 თებერვლით დათარიღებული, უძრავი ქონების ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულება _ სანოტარო აქტი რომლის თანახმად, ნ. გ-მ მეზობლად მცხოვრები მ. ჩ-საგან თითქოსდა შეიძინა ვაზისუბნის დასახლების ¹.. .. ..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც რეალურად ეკუთვნოდა ნ. გ-ის მეორე მეზობელ რ. დ-ს. ყალბ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე „მყიდველის» გრაფაში ხელი მოაწერა ნ. გ-მ, ხოლო „გამყიდველის» _ მ. ჩ-ის სახელით დ. ს-მ.

დ. ს-მ 2003 წლის 17 სექტემბერს აღნიშნული ყალბი სანოტარო აქტი, ქონების გადაცემისათვის თავის მიერ 16 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციასთან ერთად, წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის საფუძველზეც თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ¹.. .. ..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნ. გ.

დ. ს. განზრახული ჰქონდა რა სხვისი თანხის მოტყუებით დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2003 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „სიტყვა და საქმის» მეშვეობით დაუკავშირდა თანხის გამსესხებლებს _ ხ. ჭ-ს, ლ. გ-სა და ი. გ-ს, რომლებიც დაარწმუნა, რომ, მათგან სესხად აღებული 3050 აშშ დოლარის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთავდა თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ¹.. .. ..-ში მდებარე ნ. გ-ის კუთვნილ ბინას. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის დ. ს-ს ჰქონდა ნ. გ-საგან 2003 წლის 15 სექტემბერს მის სახელზე გაცემული მინდობილობა, სანოტარო აქტი ¹.. .. .., რომელიც დ. ს-ს უფლებას აძლევდა, ემართა ნ. გ-ის კუთვნილი ქონება, გამსესხებლის დაჟინებული მოთხოვნის გამო, სესხის ხელშეკრულების გაფორმება უნდა მომხდარიყო ბინის მესაკუთრესთან, ანუ ნ. გ-თან. 2003 წლის 23 სექტემბერს დ. ს. ნ. გ-თან ერთად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვდა ხ. ჭ-ს, ლ. გ-სა და ი. გ-ს, საიდანაც ისინი გაემართნენ თბილისში, თაბუკაშვილის ქ. ¹.. .. ..-ში მდებარე ნოტარიუსთან. ამ უკანასკნელს ნ. გ-მ წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო აქტი..), რომლის თანახმად, ნ. გ-მ (მსესხებელმა) ი. გ-სა და ხ. ჭ-საგან (გამსესხებლები) სესხად აიღო თანხა _ 3050 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ¹.. .. ..-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც რეალურად ეკუთვნოდა რ. დ-ს და დ. ს-ის მიერ გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ნ. გ-ის საკუთრებად. იმის გამო, რომ ერთ-ერთ გამსესხებელს _ ლ. გ-ს თან არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მის მიერ გასესხებული თანხა _ 1200 აშშ დოლარი _ დაფიქსირდა, როგორც ი. გ-ის კუთვნილი.

იმის გამო, რომ მსესხებლის მიერ სისტემატურად ირღვეოდა სესხის ხელშეკრულების პირობები, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის სარგებლის (2%-ის ოდენობით) გადაუხდელობაში, გამსესხებლები უკავშირდებოდნენ ნ. გ-ს და სთხოვდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულებას ან თანხის დაბრუნებას, რაზეც იგი პასუხობდა, რომ თანხა არ გააჩნდა. 2003 წლის ნოემბერში ი. გ-მ, გამსესხებლების სახელით, ნ. გ-სთან წარმოქმნილი ქონებრივი დავის გადასაწყვეტად, სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს „საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს», საიდანაც სარჩელის განხილვაზე მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ სასარჩელო განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია იყო ყალბი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დ. ს. და ნ. გ. მოტყუებით დაეუფლნენ ხ. ჭ-ს, ლ. გ-სა და ი. გ-ის კუთვნილ თანხას _ 3050 აშშ დოლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედებისათვის ნ. გ-ს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ. ს-ს _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 7 თვე, 9 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 7 თვისა და 9 დღის ვადით.

ნ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 20 აგვისტოდან, დ. ს-ს _ 2008 წლის 29 თებერვლიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ს-მ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება ფინანსური ამნისტიის აქტის საფუძველზე; ასევე _ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას, დ. ს-სათვის დანიშნული სასჯელის ჩათვლა 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრულ ხუთწლიან სასჯელში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული დ. ს. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი გამოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო კანონისა და საერთაშორისო კონვენციის არსებითი დარღვევებით, არასწორადაა გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი, რაც მდგომარეობს შემდეგში:

პროკურატურამ არ გააერთიანა 2004 წლის მაისსა და იმავე წლის ივლისში აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, რითიც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 245-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შედეგიცაა 2008 წლის 29 თებერვლის უკანონო განაჩენი; გამომძიებლებმა გამოიჩინეს სამსახურებრივი გულგრილობა და დაუდევრობა, არასწორად და გაჭიანურებით გამოიძიეს საქმე, რითიც დაარღვიეს სსსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა და რამაც გამოიწვია სასჯელთა შეკრება; სასჯელის დამატების გამო აღარ მოხდა მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლება.

კასატორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლი იძლევა იმის საფუძველს, რომ 2003 წლის 23 სექტემბრის სესხის ხელშეკრულება ნამდვილია; რომ მომხდარიყო საქმის განხილვა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხას _ 3050 აშშ დოლარს სარგებელთან ერთად მთლიანად დააკისრებდა ნ. გ-ს, რადგან ის იყო ხელშეკრულების მხარე (მოვალე). დარღვეულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4 ოქმის 1-ლი მუხლი, რომელიც ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების შეუძლებლობისათვის მოვალის მიმართ არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

მსჯავრდებულის მოსაზრებით, მას მხოლოდ იმიტომ წაუყენეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება, რომ ნ. გ-მ ვერ გადაიხადა ვალი სესხის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში; გარდა ამისა, სასამართლოს სასჯელები კი არ უნდა შეეკრიბა, არამედ _ გამოეყენებინა სასჯელთა შთანთქმის წესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული დ. ს. ითხოვს განაჩენის შეცვლას, ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას ფინანსური ამნისტიის აქტის საფუძველზე ან სასჯელის შემცირებას სამართლიან ვადამდე.

ს ამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულების _ ლ. გ-ის, ი. გ-ის და ხ. ჭ-ს ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

თავად მსჯავრდებულმა დ. ს-მ სასამართლოს განუმარტა, რომ ჩაიდინა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების _ სანოტარო აქტის დამზადება და გამოყენება, თუმცა აღნიშნა, რომ მის ქმედებაში სახეზეა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სხვისი ბინის იპოთეკით დატვირთვა და ამ გზით თანხის დაუფლება ნათლად მეტყველებს დ. ს-ის განზრახვაზე. მისი ქმედების სამოქალაქო გარიგებად შეფასების ან სსკ-ის 210-ე მუხლით დაკვალიფიცირების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის ¹.. .. .. განკარგულების საფუძველზე, რომლითაც ნ. გ. გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე ნ. გ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „გ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილი, მათ შორის _ დ. ს-ის მსჯავრდების ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.